საქმე # 190100123007140879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №32აპ-24 ქ. თბილისი
მ. გ. 32აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის დაახლოებით 6 თებერვლიდან, ამავე წლის 21 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N..-ის მიმდებარედ, გ. მ–ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სისტემატურად ახორციელებდა განზრახ ქმედებებს ინტიმური პარტნიორის - მ. მ–ს მიმართ და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონით, კერძოდ: რამდენჯერმე დახვდა კორპუსთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ მაინც გახდებოდა მისი ცოლი, მიჰყვებოდა ქუჩაში, ძალით სვამდა ავტომანქანაში, ხოლო როცა არ უჯდებოდა, მიჰყვებოდა უკან, ცდილობდა კედელთან მიემწყვდია და ავტომანქანა დაეჯახებინა, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და გამოფატრავდა მუცელს, ასევე ღამით აკითხავდა მისამართზე და ეზოდან ცდილობდა მ. მ–სთან კომუნიკაციის დამყარებას, რის შემდეგაც ხდებოდა აგრესიული და ეზოდან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ურეკავდა ტელეფონზე. გ. მ–სის განზრახი ქმედებების შედეგად მ. მ–ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ გ. მ–სე მის მიმართ, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე მისი შვილის მიმართ, განახორციელებს ძალადობას, ექმნება ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, ცდილობს, შეუმჩნევლად გავიდეს სახლიდან, იმოძრაოს ისეთ ქუჩებში, რომლებშიც კამერებია და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს შესაძლებლობა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და სამსახური.
2.2. 2023 წლის 19 თებერვალს, დილის საათებში, ქ. რ–ში, მ–ს გამზირის N..-ის მიმდებარედ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. მ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იძალადა ინტიმური პარტნიორის, მ. მ–ს მიმართ, კერძოდ, ჰქონდა რა სტერეოტიპული შეხედულებები და ინტიმური პარტნიორი – მ. მ–სე მის საკუთრებად მიაჩნდა, თვლიდა, რომ არ ჰქონდა მასთან დაშორების უფლება, რის გამოც, ავტომანქანით მიაწვა კედელთან მყოფ მ. მ–ს, რა დროსაც მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2023 წლის 21 თებერვალს, ქალაქ რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ჩაწილით ნასამართლევმა გ. მ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იძალადა ინტიმური პარტნიორის – მ. მ–ს მიმართ, კერძოდ, ჰქონდა რა სტერეოტიპული შეხედულებები და ინტიმური პარტნიორი მ. მ–ე მის საკუთრებად მიაჩნდა, თვლიდა, რომ არ ჰქონდა მასთან დაშორების უფლება, რის გამოც ქუჩაში მიმავალ მ. მ–ს ფეხი დაარტყა საჯდომის არეში, რა დროსაც მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით:
3.1. გ. მ–ე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. მ–სე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. გ. მ–ე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.4. გამართლებულ გ. მ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულმა გ. მ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი:
5.1. გ. მ–სე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
5.2. გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 240 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვით და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს განესაზღვრა 4 თვით და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული გ. მ–ე ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. მ–ს მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, რაც უნდა დასტურდებოდეს სუბიექტური ან/და ობიექტური კრიტერიუმებით (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის №674აპ-20 განჩინება).
11. სასამართლო დაზარალებულ მ. მ–სის ჩვენებასთან (დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 21 თებერვალს, როდესაც სამსახურში მიდიოდა, გ. მ–სე კ–ს N... ში შეიჭრა თეთრი ფერის ტაქსით, უკნიდან მიეპარა - „შე ბოზოო“ და მთელი ძალით წიხლი ამოარტყა, რის გამოც კუდუსუნი და წელი სტკივა, რასაც არ აპატიებს), ერთად ითვალისწინებს მის მიერ 2023 წლის 21 თებერვალს 112-ის ცხელ ხაზზე გაკეთებულ შეტყობინებას (ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ქ. რ–ში, კ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში მ. მ–ს ესაჭიროება დახმარება, რადგან გ. მ–მ წიხლი ამოარტყა, აგინებს, მანქანით დასდევს, აშანტაჟებს. მ. მ–ე უთითებს, რომ მამაკაცი არის ტაქსით, ოპერატორს აწვდის სანომრე ნიშნებს. ამასთან, ჩანაწერში ისმის მამაკაცის მიერ მ. მ–სათვის შეურაცხყოფის მიყენება), ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია იდენტურად მიაწოდა მომხდარი შემთხვევიდან მალევე მასთან კონტაქტში მყოფ პოლიციის თანამშრომლებსა და ექსპერტს. გ. მ–ს მიერ დაზარალებულ მ. მ–სათვის წიხლის ამორტყმის ფაქტზე ასევე მითითებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, შემაკავებელ ორდერსა და ექსპერტიზის დასკვნებში.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის შესახებ ინფორმაცია მითითებულია სასამართლო-სამედიცინო N............ ექსპერტიზის დასკვნაშიც, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მ. მ–ს 21.02.2023 წელს, ობიექტური შემოწმებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტ ბ. მ–ს ჩვენებით დასტურდება რომ მ. მ–ე უჩიოდა ტკივილს მარჯვენა კიდურისა და გავის მიდამოში. შესაბამისად, მსჯავრდებულის მითითება, სამედიცინო დასკვნის ფარგლებში დაზიანების დაუდგენლობის მოტივით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის არგანცდის შესახებ დაუსაბუთებელია.
13. სასამართლო ასევე დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. მ–ს პოზიციას, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ფსიქოლოგ მ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ემყარება როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე დაზარალებულთან პირად გასაუბრებას. ამასთან, ფსიქოლოგ მ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ შესაძლებელია მ. მ–ს მდგომარეობა გამოწვეული ყოფილიყო პარტნიორის მიმართ ეჭვიანობის ან მესაკუთრული დამოკიდებულებით, მაგრამ გადამწყვეტი იყო ეს ქმედებები – დაზარალებულის განმარტებით გ. მ–ს ვერ პატიობდა წიხლის ამორტყმას. ფსიქოტროპული წამლების მიღებასთან დაკავშირებით კი ფსიქოლოგმა მიუთითა, რომ ექიმის დანიშნული პრეპარატი ფსიქოლოგიური ტანჯვის მაპროვოცირებელი ვერ იქნება.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს თანახმად, „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი