საქმე # 190100121004832925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №15აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი ტ. , 15აპ-24 23 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ტ. ნ–სს – დაბადებულს .... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
1.2. ბ. მ–ს – დაბადებულს ... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ტ. ნ–სა და ბ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 3 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ გ–ში, ......ს ქუჩა ..-ში მდებარე მ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. გ–ს ნების საწინააღმდეგოდ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოსალოდნელი ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით, შევიდნენ ბ. მ–სი და ტ. ნ–ი, კერძოდ, ბ. მ–ი გადავიდა ღობეზე, ხოლო ტ. ნ–სმა ძალის გამოყენებით გააღო ჭიშკარი და შევიდა. მ. გ–მა დაინახა აღნიშნული და საშველად უხმობდა მეზობლებს, რის გამოც ბ. მ–ი და ტ. ნ–ი გავიდნენ ქუჩაში, თუმცა ცოტა ხანში ისევ უკან დაბრუნდნენ, მიუახლოვდნენ მ. გ–სს, ტ. ნ–სმა მას მაისურზე წაავლო, მ. გ–მა კი მოუქნია სკამი, რომელიც არ მოხვედრია. ბ. მ–სმა უთხრა, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა და მოკლავდა, რის შემდეგაც მ. გ–მა სამზარეულოს დანა აიღო ხელში, ბ. მ–სა და ტ. ნ–ს ეუბნებოდა, რომ წასულიყვნენ თორემ მოკლავდა. ისინი მაინც არ მიდიოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს მ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ეზო, რაც გაიგეს რომ მ. გ–მა დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.
2.2. 2021 წლის 3 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ გ–ში, .........ის ქუჩა ..-ში მდებარე მ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. გ–ს ნების საწინააღმდეგოდ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოსალოდნელი ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით, შევიდნენ ბ. მ–სი და ტ. ნ–ი. მ. გ–მა დაინახა აღნიშნული და საშველად უხმობდა მეზობლებს, რის გამოც გამოც ბ. მ–ი და ტ. ნ–ი გავიდნენ ქუჩაში, თუმცა ცოტა ხანში ისევ უკან დაბრუნდნენ, ისევ მიუახლოვდნენ მ. გ–ს, რა დროსაც ბ. მ–მა უთხრა, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა და მოკლავდა. ბ. მ–ს მუქარა მ. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით:
3.1. ტ. ნ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.2. ტ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ტ. ნ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის N1-833 -22 განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ტ. ნ–ს მიმართ დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის N1-833 -22 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული – 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და საბოლოოდ, ტ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.5. ტ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 18 სექტემბრიდან;
3.6. მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 3 ივნისის ჩათვლით და 2021 წლის 7 ივნისიდან 2021 წლის 12 ივნისის ჩათვლით;
3.7. ბ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
3.8. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. მ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის N1-1-20 განაჩენით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს N826-21 განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შედეგად განახევრებული პირობითი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბ. მ–ს მიმართ დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ბ. მ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.11. ბ. მ–ი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან – 2023 წლის 10 აპრილიდან;
3.12. ბ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 7 ივნისიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
3.13 . „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ტ. ნ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3.14. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტა მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა:
4.1. ტ. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
4.2. ბ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს:
6.1. ტ. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახით, განაჩენთა ერთობლიობის წესით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
6.2. ბ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ტ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი, ხოლო ბ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, კასატორის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა ან სხვა მფლობელობა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის ან სხვა მფლობელობის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის N109აპ-21 განაჩენი). იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ტ. ნ–სმა და ბ. მ–მა ჩაიდინეს ჯგუფურად, ვინაიდან, აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, დაზარალებულმა მ. გ–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ 2021 წლის ზაფხულის პერიოდში, ღამით გაიგონა ხმაური და გავიდა გარეთ. დაინახა, რომ ერთ-ერთი პირი ღობეზე იჯდა (ბ. მ–ი), ხოლო მეორე იმყოფებოდა ეზოს შიგნით (ტ. ნ–ი). მ. გ–ს შელაპარაკება მოუვიდა ეზოში შესულ პირთან, რის შემდეგაც ღობეზე მჯდარი პირი, გადავიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. ბ. მ–ის ღობეზე ჯდომის ფაქტი დაადასტურა ასევე დაზარალებულ მ. გ–ს შვილმა - ლ. ა–მ, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა და მიუთითა, რომ ერთი პირი ღობიდან გადავიდა ეზოში. ღობეზე ჯდომისა და შემდგომში ტ. ნ–სის გამოყვანის მიზნით ბ. მ–ს ეზოში შესვლის ფაქტი დაადასტურეს ასევე თავად ბ. მ–მა (ბ. მ–მა, განმარტა, რომ 2021 წლის 3 ივნისს, ტ. ნ–სთან ერთად მიდიოდა ჯანდარაში, რა დროსაც პატრულმა გააჩერა და რადგან იყო ,,კარანტინის“ პერიოდი გაიქცნენ მანქანიდან. ისინი გაიქცნენ მ. გ–სის სახლისაკენ. ტ. ნ–სმა აღნიშნულ სახლზე უთხრა, რომ იყო ნათესავის საკუთრება და შესულიყვნენ. სახლში შესვლა, ,კომენდანტის“ საათის გამო უნდოდათ. თავიდან ტ. შევიდა (გადახტა ღობეზე), რა დროსაც თვითონ ღობის თავზე იმყოფებოდა. მას შემდეგ კი, რაც მის მეგობარ ტ. ნ–სა და დაზარალებულ მ. გ–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, თვითონაც შევიდა და ცდილობდა ტ. ნ–ს იქიდან გარიდებას) და ტ. ნ–მა (ტ. ნ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 3 ივნისს, როდესაც ბ. მ–სთან ერთად ცდილობდა გაქცევას, თავად გადახტა ღობეზე და შევიდა მ. გ–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხოლო ბ. მ–ი გარეთ დატოვა. ამ დროს გარეთ გამოვიდა მ. გ–სი და დაიწყო ყვირილი. შემდეგ კი ტ. ნ–სთან მივიდა ბ. მ–ი და გარეთ გაიყვანა).
12. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. მ–ს მიერ ეზოდან ტ. ნ–ს გაყვანის შემდეგ ერთობლივად უკან დაბრუნებაზე მითითებულია მხოლოდ დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენებაში რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს ბ. მ–სა და ტ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ჯგუფურად უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას.
13. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ტ. ნ–სა და ბ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ტ. ნ–სა და ბ. მ–ს მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენისათვის შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელი ტ. ნ–ს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-8 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ბ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი