Facebook Twitter

საქმე # 150100122005957555

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1193აპ-23 ქ. თბილისი

პ. ს. 1193აპ-23 29 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილისა და მსჯავრდებულ ს. პ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ძ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. ს. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულში;

1.2. ო. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულში;

1.3. ლ. პ–სს, - დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულში;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ–ში, ვ. პ–ს მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელებმა ს. პ–მა, ო. პ–მა და ლ. პ–მა ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების სხეულზე მრავალჯერადი დარტყმებით, დაჟეჟილი ჭრილობის, სისხლნაჟღენთებისა და ჰემატომის სახით მიაყენეს მსუბუქი დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენით:

3.1. ო. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

3.2. ლ. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

3.3. გამართლებულებს - ო. პ–სა და ლ. პ–ს განემარტათ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი;

3.4. ს. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ს. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

3.5. ს. პ–ს დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

3.6. ს. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 10 ივლისიდან.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ო. პ–სა და ლ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, ს. პ–ს, ო. პ–სა და ლ. პ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის სასჯელის მიზნების შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ძ–მ მოითხოვა ს. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

6.1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი კონსტანტინე ბახუტაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ო. პ–სა და ლ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და ს. პ–ს, ო. პ–სა და ლ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის სასჯელის მიზნების შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;

6.2. მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი შ. ძ–ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და ს. პ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. 2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვასილ ოსიძემ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე და მოითხოვა ს. პ–ს, ლ. პ–სა და ო. პ–ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 12 დეკემბერს გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N............ დასკვნის დასაშვებად ცნობა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს. პ–ს, ო. პ–სა და ლ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ასევე დაცვის მხარის პოზიციას ს. პ–ს გამართლების შესახებ და ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. პ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი, ხოლო ო. პ–სა და ლ. პ–ს სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. პ–ს, ო. პ–სა და ლ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ვინაიდან, დაზარალებულ ვ. პ–სისა და მისი ოჯახის წევრების (დედის - წ. პ–ს, მეუღლის - მ. ქ–ს, დის - ვ. პ–ს შვილის - ა-ს პ-ს) ჩვენებები წინააღმდეგობრივია. ამასთან, ნეიტრალური მოწმის ო. ს–ს ჩვენებით დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ს-ს და ვ. პ–სებს შორის, ხოლო ლ. და ო. პ–ები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ო. ს–ს ჩვენება ასევე თანხვდენილია ს. პ–ს, ო. პ–სისა და ლ. პ–სის ჩვენებებთან, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 20:00 საათზე მათთან მივიდა ვ. პ–ი, ავიდა ტრაქტორის კაბინაში ასასვლელ საფეხურებზე და ს. პ–ს ჰკითხა, რატომ ხურავდა რუს, შემდეგ მარჯვენა ხელით, მუშტით, ერთხელ დაარტყა სახეში, კერძოდ, მარცხენა საფეთქელში. შემდეგ რამდენიმეჯერ მუშტით დაარტყა ფერდში, რა დროსაც ს. პ–მა თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე, მარჯვენა ხელის მუშტით დაარტყა ვ–ს ცხვირის არეში და ხელით მიაწვა რომ აღარ დაერტყა მისთვის. ამავდროულად ფეხი ჰკრა და ძირს ჩააგდო. ამ დროს ო. პ–ც ხელებით დაბლიდან ექაჩებოდა. ვ. მიწაზე წაიქცა, წამოდგა და იგინებოდა ს. პ–ს მისამართით. როცა უკვე ინციდენტი დამთავრებული იყო, მივიდა ლ. პ–ი, რომელსაც ვ-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ვ–სთვის ფიზიკური შეურაცხოფა არ მიუყენებია ასევე არც ო. პ–ს.

11.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები (რომლებითაც მითითებულია, რომ ტრაქტორის კაბინაში ვ. პ–ს ს. პ–ს დარტყმების გამო დაუზიანდა სახის, შუბლის, თვალბუდის არეები, ზურგის წინა მხარე, გულმკერდის მიდამოები და განუვითარდა სისხლჩაქცევები. ტრაქტორის კაბინაში მყოფ ვ. პ–ს (როგორც თვითონ და მისი ოჯახის წევრები უთითებენ) უკნიდანაც (ო. პ–ი ხელებით, ლ. პ–ი კი რკინის მილით) აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, კეფაში, ზურგსა და ა.შ. შემდეგ კი ძირს დავარდნილს სხეულის სხავადასხვა მიდამოებში სამივე – ხელებით, ფეხებით, ხოლო ლ. პ–ი კი რკინის მილით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას) ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სამედიცინო გამოკვლევებსა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 121-155) და სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნას (იხ.: ტ.1, ს.ფ. 162-166), რომელთა თანახმადაც, ვ. პ–სს მოწმეთა მიერ მითითებულ სხეულის ადგილებში არ აქვს დაფიქსირებული არანაირი დაზიანებები (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს „.........ის ჰოსპიტლები“ ა-ს ჰოსპიტალის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N........-ის, სს „.........ის ჰოსპიტლები“, ა-ს ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N.......-ისა და შპს „... ჰოსპიტალის“ სტაციონალური სამედიცინო ბარათი N–ის თანახმად, ვ. პ–სს 2022 წლის 15 მაისს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა ცხვირის ზურგის არეში, სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის, შუბლის მარჯვენა, მარცხენა თვალბუდისა და მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა მხრის ზემო მესამედში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბალგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო).

12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს. პ–სის, ო. პ–სა და ლ. პ–ს მიერ ძალადობის ჯგუფურად ჩადენა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

13. იმავდროულად, უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სასამართლო დაცვის მხარე კასატორის პოზიციას ს. პ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლებაზე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

14. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას.

14.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებაზე, არ უთითებს არცერთ არგუმენტს. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. პ–ის მიერ ვ. პ–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16. სასამართლო ითვალისწინებს ს. პ–ს ჩვენებას, რომელმაც აღიარა დაზარალებულის ცემის ფაქტი, რაც დაადასტურეს როგორც ო. პ–მა და ლ. პ–სა, ასევე ნეიტრალურმა მოწმემ ო. ს–მა, ხოლო ფიზიკური დაზიანებების კვალი ასევე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

17. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

18. დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 25 დეკემბერს პროკურორ ვასილ ოსიძის მიერ შემოტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს; „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, § 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილისა და მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ძ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი