Facebook Twitter

საქმე # 330100120003665335

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1100აპ-23 ქ. თბილისი

ფ. ბ. 1100აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თ–ში, .....ის მოედანზე №..-ის მიმდებარედ, ბ. ფ–მ თანნაქონი ბლაგვი საგნის რამდენჯერმე დარტყმით, ც. ბ–ას სახის არეში მიაყენა ჭრილობები, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ხოლო ბასრი საგნის გამოყენებით ფეხის, კერძოდ, ბარძაყის არეში მიაყენა განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით:

3.1. ბ. ფ. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

3.2. გამართლებულ ბ. ფ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ბ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ბ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებს ბ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ ც. ბ–სათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება (სახის არეში ჭრილობები, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება და ფეხის, კერძოდ, ბარძაყის არეში განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება), ბ. ფ–მ ჩაიდინა.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ღია სივრცეში, 2019 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებზე (შპს „ჯ–ს“ აფთიაქი, შპს „........ი“, ტექნიკისა და ოქროს ლომბარდი, „ს....ი“, სუპერმარკეტი „ე–ი“) გარე ფასადებზე დამონტაჟებულია გარე სამეთვალყურეო კამერები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. ფ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

14. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ N........... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ

14.1. 2019 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით დაინიშნა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა (იხ.: ტ. 246-247).

14.2. სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2020 წლის 7 მაისს და საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნა 2020 წლის 20 მაისს, 15:00 საათზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 302-306).

14.3. 2023 წლის 27 მარტის შუამდგომლობით დამატებითი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად იქნეს ცნობილი და მტკიცებულების სახით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის N........... დასკვნა, დოკუმენტის გასვლის ბარათით, ხოლო სასამართლოში დასაკითხ პირთა სიას დაემატოს დასკვნის გამცემი ექსპერტი: ე. ფ–ე (იხ. ტ.2, ს.ფ. 171-172).

14.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი N... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თარიღდება 2020 წლის 19 ივნისით (იხ.: ტ.2, ს.ფ. 193-201). მოცემული ექსპერტიზის დასკვნის საგამოძიებო ორგანოს მიერ მიღების წინაპირობა არის საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........ს მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ნ. მ–ს 2023 წლის 27 მარტის მიმართვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსადმი რომლის თანახმად გამომძიებელი ითხოვს სისხლის სამართლის N........... საქმეზე მათ მიერ 19.06.2020 წელს გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის N........... დასკვნის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული ასლის გადაცემას (იხ.: ტ.2, ს.ფ.191), რაც იმავე დღეს, 2023 წლის 27 მარტს გაეგზავნა გამომძიებელს, რომელმაც თავის მხრივ ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად (2023 წლის 27 მარტს) გადაუგზავნა პროკურორ მედეა ცირამუას N........... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 173).

14.5. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზეც, იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.

14.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე ობიექტური გარემოება, რაც შეუძლებელს გახდიდა 2020 წლის 19 ივნისის ბიოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნის სასამართლოსათვის 2023 წლის 27 მარტამდე წარდგენას. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამომძიებლის 2023 წლის 27 მარტის მიმართვით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი დგინდება, რომ ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თარიღი და ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის ასლის გადაცემას. შესაბამისად, არ არსებობდა მოცემული ექსპერტიზის დასკვნის საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, ბ. ფ–ს მამხილებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე