Facebook Twitter

საქმე # 010100123007067243

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №46აპ-24 ქ. თბილისი

შ.პ. 46აპ-24 25 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: პ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2023 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, ........ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პ. შ–მ ფიზიკურად იძალადა თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის, ნ. თ–ს მიმართ, კერძოდ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ნ. თ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განაჩენით:

3.1. პ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გამართლებულ პ. შ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების

შესახებ.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მოითხოვა პ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ პ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს პ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს პ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. თ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – პ. შ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ პ. შ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პ. შ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება.

13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს შეტყობინების (შეტყობინების რეგისტრაციის N...........) შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეტყობინებაში მითითებულია მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციაზე (N......... შეტყობინებით – ინციდენტი მოიცავს ფიზიკური ხასიათის არეულობას ოჯახში პარტნიორებს შორის (იხ. ტ.1, ს.ფ.2).

14. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 28 თებერვლის დადგენილებას, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ N............ საქმესთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. გამოსაკვლევი პირი ნ. თ–სე (დაბ: 1.04.1980 წ). დაზარალებულმა ხელწერით დაადასტურა, რომ უარს აცხადებდა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

15. 2023 წლის 28 თებერვლის პ. შ–ს ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ პ. შ–მ სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შესაბამისად, მიუხედავად გამოკითხვის ოქმის საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით უდავოდ ცნობისა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული გამოკითხვის ოქმი გამოიყენოს პ. შ–ს მსჯავრდებისათვის.

16. სასამართლო ითვალისწინებს ასევე N........ შემაკავებელ ორდერსა და ორდერის ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 28 თებერვალს ქ. ბ–ში, ...........ის N..-ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ნ. თ–ს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ პ. შ–მ ურთიერთშელაპარაკებისას მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს, რითაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (იხ.ტ.1, ს.ფ. 20-25).

16.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი მართალია ხელმოწერილია პ. შ–ს მიერ, მაგრამ მხარეების მიერ არ იყო უდავოდ ცნობილი, სრულად ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც უარი თქვა ჩვენების მიცემაზე სსამართლოში და დაცვის მხარეს არ ჰქონდა ორდერში/ოქმში მითითებული გარემოებების სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა. ამასთან, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ მტკიცებით სტანდარტს.

17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

18. სასამართლო ითვალისწინებს რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი