საქმე # 020100122006322111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1261აპ-23 ქ. თბილისი
ჟ. ბ. 1261აპ-23 19 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ბ. ჟ–ს, - პირადი ნომრით: ......., დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ჟ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 1 ივნისს, ქ. ჩ–ში, სსიპ...... შენობის სამუშაო ოთახში, სსიპ ს......... რეგიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ჟ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორივე ხელი ორჯერ ჩაავლო მ. დ–ს ორივე მაჯაზე და ორივეჯერ ძლიერად მოუჭირა, რის შედეგადაც მ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით:
3.1. ბ. ჟ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გამართლებულ ბ. ჟ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ მოითხოვა ბ. ჟ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ბ. ჟ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–მ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ჟ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ბ. ჟ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა: პროკურორმა, რომელიც ითხოვს გამართლებულ ბ. ჟ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, რაც უნდა დასტურდებოდეს სუბიექტური ან/და ობიექტური კრიტერიუმებით (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის №674აპ-20 განჩინება).
4. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. დ–ს ჩვენებას. დაზარალებულმა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი მუშაობდა სსიპ ........ში, ვეტერინარ ექიმად. 2022 წლის 1 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ევალებოდა პირუტყვის ვაქცინაცია ხ-–ა და სხვა რაიონებში. მასთან ერთად სამუშაოს ასრულებდნენ მ. პ., მ. ყ., ნ. დ. და ლ. ჯ.. ისინი პანდემიის პერიოდში, ზამთარში, სიცივეში დადიოდნენ სოფელ-სოფელ და მათზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. მათ ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ და გაწეული სამუშაოსთვის ხელფასიც არ ჩაერიცხათ. აღნიშნულის გარკვევის მიზნით, 2022 წლის 1 ივნისს, სსიპ ..........ში იმყოფებოდნენ ის, ნ. დ., მ. ყ., მ. პ., ლ. ჯ., რ. თ., ი. ქ. და ბ. ჟ.. შეხვედრაზე რ. თ.მ განაცხადა, რომ ბაზა ჰქონდა არეული და 10 ცალი ,,ბირკა” აკლდა, რაც მისთვის იყო მოულოდნელი, რადგან მანამდე არაერთხელ იკითხა, რამე პრობლემა ან შეცდომა ხომ არ იყო, ამის გამო გაბრაზებულმა რ-ს უთხრა, რომ მისმა მოყვანილმა უზრდელმა ქალბატონებმა აურიეს ბაზა (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 12:21:20-16:22:22). ამ სიტყვებმა ბ. ჟ. გააბრაზა და მაგიდაზე დაარტყა ორივე ხელი, რის გამოც მას შეეშინდა. მაგიდაზე არსებული ნივთები გადმოიყარა. შემდეგ ბ... მივარდა ,,ბუღასავით”, შეაჯანჯღარა, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან ბ. ჟ–სგან ამას არ მოელოდა. როდესაც ბ. ჟ. მივარდა უყვიროდა - ,,გადი, გაეთრიეო”. ოთახიდან არ გავიდა და ეკითხებოდა რატომ უნდა გასულიყო (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:26:17 – 16:30:46). ბ... ისევ მივარდა, ორივე მაჯაზე სტაცა ხელი და უთხრა გასულიყო. ხელი ეტკინა და უთხრა, მოეშორებინა ხელი, ბ-მ ისევ უთხრა გადი გაეთრიეო, რაზეც უპასუხა არ გაებედა მისი გაგდება, რა დროსაც მეორეჯერ მოუჭირა ხელი ორივე მაჯაზე. ძალიან ეტკინა და ერთი ხელი მოიშორა, მაგრამ ბ... მეორე ხელით მიათრევდა, თავად არ ინძრეოდა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:26:17 – 16:31:33), მ. პ.მ უთხრა ბ. ჟ–ს - ,,არ გრცხვენია? დედის ასაკის ქალს რას უკეთებო? ხელი მოტეხე ქალსო?” (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:32:03 – 16:32:08). ბ. ჟ. პირველად რომ მივარდა შეანჯღრია, მერე მოკიდა ორივე მაჯაზე ხელი, დღესაც აწუხებს მარცხენა ხელი, გაურთულდა პროცესები (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:39:10 – 16:39:40), როცა მიათრევდა ერთი ხელი წაართვა, ტკივილი ორივე ხელზე განიცადა, მაგრამ უფრო მეტად მარცხენა ხელზე (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:40:10 – 16:40:39). ბ...ს ქმედებებით დაზარალებულმა თავი ცუდად იგრძნო, ინერციით დაეცა სკამზე და გააგრძელა საუბარი: ეკითხებოდა ბ. ჟ–ს რა დაუშავა და რატომ ექცეოდა ასე. იმ ქალბატონების პირადი ცხოვრება მისი საქმე არ იყო; მას ბ. ჟ.ზე არაფერი უთქვამს, ბ...ს მისი მეგობრები დასცინოდნენ რ. თ–ი და ი. ქ.), გაუტეხეს სახელი, თორემ თავად არაფერ შუაში იყო (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:32:40-16:34:10). დაზარალებულის განმარტებით, ბ. ჟ–სთან პრეტენზია არ ჰქონია, ბ. ჟ. მათ უჭერდა მხარს და რ-ის ეუბნებოდა, გამოეთხოვა თავისი ახსნა-განმარტება, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:20:10 – 16:20:47). დაზარალებულმა ი. ქ–ს ჰკითხა, როდესაც სამუშაო ჩააბარა ხომ ყველაფერი წესრიგში იყო და რა პრობლემებზე იყო საუბარი, რაზეც ი-მ უთხრა, რომ მათ ჯგუფში არ იყო ისეთი გადაცდომა, რის გამოც შეიძლებოდა ხელფასი ვერ მიეღოთ. ვინაიდან, ოთახიდან არ გავიდა, ბ. ჟ–ს დავალებით ი. ქ–მ დარეკა ,,112-ში” (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:44:30 -16:45:15). ოთახიდან გამოსულს შეხვდა ზ. ტ., რომელმაც ჰკითხა რა მოხდა და რატომ ისმოდა მისი ხმა, მან საპასუხოდ ანახა ხელი, რომელიც გაწითლებული ჰქონდა, და უთხრა რომ ბ. ჟ. ცდილობდა მის გამოგდებას, რაც ეწყინა ზ-ს, პირველ რიგში რომ ასეთ დღეში იყო და მეორე, - რომ ბ. ჟ. ასე მოიქცა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:45:50-16:46:37). ოთახიდან გამოსულმა მომხდარი მოუყვა ზ. ტ-ს და ანახა ხელი, იმავე დღეს პოლიციიდან გამოსულს ასევე შეხვდა ნ. გ., რომელმაც უთხრა, რომ შენობასთან გაიარა და ხმა ესმოდა, ხელის გაშვებას რომ ითხოვდა, ჰკითხა რა მოხდა, მან კი ნატკენი ხელი აჩვენა, მეორე დღეს კი ასევე ნახა ტაქსის მძღოლი ა. ქ. რომელსაც აჩვენა დაშავებული ხელი (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:22:03 – 17:22:54). დაზარალებულის განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იყო გამოკითხვაზე, ყველაფერი მოყვა, აჩვენა ხელი, უთხრეს რომ ეს სისხლის სამართლის საქმე იყო, როდესაც წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ნახა, რომ არ ეწერა რაც მოყვა, ჰკითხა რატომ არ დაწერეს, რაზეც კვლავ გაუმეორეს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე იყო და სხვა დროს იყო განსახილველი, ახლა მთავარი შეკრების მიზეზი იყო, მიხვდა რომ ატყუებდნენ და ჩვენებას მიაწერა, რომ ბევრი ჰქონდა სალაპარაკო, რადგან ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი სტკიოდა, ხელფასი და სამსახური საერთოდ არ აინტერესებდა (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:46:45 – 16:49:50). 7 ივნისამდე განცხადება იმიტომ არ დაწერა, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს ელოდებოდა პოლიციიდან ზარს, რომ არ დაურეკეს მესამე დღეს კონსულტაცია გაიარა ადვოკატ შ. ჩ–თან და მოუყვა მომხდარი, ჰკითხა რა გაეკეთებინა, ხომ არ იგვიანებდა. ადვოკატმა ურჩია, ერთი კვირა დაეცადა და პოლიციიდან დაუკავშირდებოდნენ. რამდენჯერმე იყო პოლიციის განყოფილებაში, დაურეკა გამომძიებელსაც, აინტერესებდა რა ხდებოდა მის საქმეზე, იკითხა გამოძიება იყო თუ არა დაწყებული, გამომძიებელმა უთხრა, რომ გამოძიება დაწყებული იყო და ყველაფერს მოახსენებდა, თუმცა რადგან არაფერი უთხრეს, შეიტანა განცხადება (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:15:14 -17:16:25). დაზარალებულის განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავად არ დარეკავდა 112-ში, რადგან სამსახურში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, სამსახური ოჯახივითაა, მივიდოდა ბ. ჟ–ს მამასთან, რომელიც მისი მეგობარია და მას მოუყვებოდა მომხდარი ფაქტის შესახებ, მაგრამ ვინაიდან თავად ბ. ჟ–ს სურვილით დარეკეს პოლიციაში, შესაბამისად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მანაც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:20:20 – 17:20:42).
5. მ. ყ.მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ იგი მუშაობდა სსიპ ს-ში ვეტერინარ-სპეციალისტის თანამდებობაზე. 2022 წლის 1 ივნისს იმყოფებოდნენ სსიპ ........-ს განყოფილებაში, რათა ბ. ჟ–ს აეხსნა მათთვის ხელფასის მიცემასა და ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი. რ. თ.მ თქვა, რომ მ. დ–ს ჰქონდა ბაზა არეული, რაზეც მ-მ უპასუხა - „შენს მიერ მოყვანილმა უზრდელმა ქალბატონებმა აგვირიეს ბაზებიო“. ამ სიტყვებმა ბ. ჟ. გააბრაზა, წამოდგა ფეხზე, ორივე მუშტი დაარტყა მაგიდას, მივარდა მ...ს, შეაჯანჯღარა, მაჯაზე სწვდა და უთხრა - ,,გაეთრიეო”. მ. კიოდა - „მეტკინა, მეტკინა, ხელი გამიშვიო“ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 11:30:01 – 11:30:09). მეორედ როცა ჩასჭიდა ხელი, ბ. ჟ. მ...ს მიათრევდა კარებისკენ და თან ეძახდა - „გაეთრიეო“. მ.... კიოდა „მტკივა, მტკივა, გამიშვი ხელი, რას ჩადიხარო“(იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 11:30:10 – 11:30:35). მ. პ. მივიდა ბ...სთან და უთხრა, შვილო რას შვები, დედისტოლ ქალს ხელი რომ მოტეხე არ გრცხვენიაო? ნ... მეორე მხარეს მოსთქვამდა, მ-მ მეორე ხელით მოიშორა და ინერციით დავარდა სკამზე. გაწითლებული იყო საცოდავი ქალი, საშინელ დღეში იყო, მაგრამ ითხოვდა აეხსნათ მისთვის, თუ რა დანაშაული ჰქონდა და რატომ არ აძლევდნენ კუთვნილ ანაზღაურებას (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 11:30:40-11:31:05), ბ...მ ი. ქ.ს სამჯერ უბრძანა ,,112-ში” დარეკვა და ორი საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა ადგილზე. როდესაც პოლიციაში წაიყვანეს მათ უნდოდათ ყველაფრის დაწერა, მაგრამ გამომძიებელმა არ მისცა უფლება, დაეწერათ რაც მოხდა, უთხრეს რომ ეს სისხლის სამართლის საქმე იყო და ცალკე უნდა დაეწერათ განცხადება (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 11:32:06 – 11:33:02).
6. ნ. დ.მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ იგი მუშაობდა სსიპ .............-ს განყოფილებაში ვაქცინატორად. 2022 წლის 1 ივნისს მ. დ–სთან, მ. პ.სთან, მ. ყ.სთან და ლ. ჯ.სთან ერთად შეხვდა ბ. ჟ–ს. გასაუბრების შემდეგ ბ. ჟ–მ უთხრა რ. თ.ს გამოეთხოვა ახსნა-განმარტებითი ბარათები და მათთვის გაეგრძელებინა ხელშეკრულებები. რ. თ. არ დაეთანხმა და უთხრა, რომ ბაზა იყო არეული, რაზეც მ. დ–მ მიუგო, რომ ეს ყველაფერი უზრდელი ქალების ბრალი იყო, ამაზე ბ. ჟ. გაბრაზდა და ორივე ხელი დაარტყა მაგიდას, რა დროსაც გადმოცვივდა ნივთები. ბ...მ მას უთხრა მ.. გაეყვანა. მოწმემ მ-ს უთხრა გასულიყო ოთახიდან, მაგრამ მ... არ გავიდა, სთხოვდა მისთვის რ-ს აეხსნა რა დანაშაული ჰქონდა. ბ. ჟ. კვლავ მივარდა მ. დ–ს, მკლავებზე ხელი მოუჭირა, მაგრამ მ.... არ გადიოდა, შეაჯანჯღარა და ეუბნებოდა გაეთრიეო, მიათრევდა კარებისკენ. მ-მ დაიკივლა, „მეტკინა ბიჭო, გამიშვი გამიშვიო“ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:41:23 – 17:42:31). თავად ძალიან აღელდა, ტიროდა, მაგრამ ესმოდა მ. პ.ს ხმა, იგი ბ...ს ეუბნებოდა, დედის ტოლ ქალს ხელი მოსტეხეო, მ–მ როცა დაიკივლა მტკივა მტკივაო, ის მაშინვე გავიდა მისაღებში, რადგან ცუდად გახდა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:42:50 – 17:46:31). პირველად რომ მივარდა ბ... და ორივე ხელში ჩასჭიდა შეაჯანჯღარა და მეორედ, როდესაც მ......... არ გავიდა ბ... ერთი ხელით მიათრევდა, მ-ს წონასწორობა დაერღვა და დაჯდა სკამზე (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:46:35 - 17:47:47). მ-ს ხელები დაუსივდა და შეუწითლდა, რაც არა მხოლოდ მან, არამედ ბევრმა ადამიანმა დაინახა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:48:50 – 17:48:60). ამის შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. როდესაც პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ბ. ჟ–ს ქმედებების მოყოლა დაიწყეს, გამომძიებელმა თქვა, რომ ეს ცალკე სისხლის სამართლის საქმე იყო და არ აინტერესებდათ, მათ აინტერესებდათ მხოლოდ ის, იმ დღეს ბ. ჟ–სთან რატომ იყვნენ მისულები (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:52:05 – 17:53:39).
7. ლ. ჯ.მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა ხელშეკრულებით სსიპ ს-ში ოპერატორად. მას დაუკავშირდა ბ. ჟ., რომელმაც უთხრა, რომ მისი ხელშეკრულება იყო გაუქმებული. 2022 წლის 1 ივნისს სსიპ ს-ში მ. დ–სთან, ნ. დ.სთან, მ. ყ.სთან და მ. პ.სთან ერთად შეხვდნენ ბ. ჟ–ს. მ. დ., ნ. დ., მ. ყ. და მ. პ. ითხოვდნენ ხელფასის გაცემას, თავად კი აინტერესებდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. რ. თ.მ თქვა, რომ მ. დ–ს ჰქონდა ბაზა არეული და აკლდა 10 ცალი საიდენტიფიკაციო ნომერი, რაზეც მ-მ მიუგო - „თქვენმა მოყვანილმა უზრდელმა ქალბატონებმა აგვირიეს ბაზაო“. ამის გაგონებაზე ბ. ჟ–მ ორივე ხელი დაარტყა მაგიდას და მ-ს ეძახდა - „გადი, გაეთრიეო“, თან ხელი ჩაავლო ორივე მაჯაზე და მიათრევდა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 12:16:30 – 12:17:04). მ..... ეუბნებოდა მეტკინაო, ასევე ამბობდა, რომ გარეთ არ გავიდოდა და სთხოვდა ხელი გაეშვა, შემდეგ ბ...მ ერთი ხელი გაუშვა მ...ს და ცალი ხელით კარი გააღო. ამასობაში მ-მ მეორე ხელიც გამოგლიჯა მას და სკამზე დავარდა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 12:17:06 – 12:17:52). ბ... ყვიროდა - ,,ი..... დარეკე პოლიციაშიო”. კარი გაღებული რომ დაინახა ამის შემდეგ გარეთ გავიდა და წავიდა.
8. მ. პ.მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა სსიპ ს-ში ვ....... 2022 წლის 1 ივნისს ხელფასის გაცემასთან დაკავშირებით შეხვდნენ ბ. ჟ–ს, შეხვედრა თავიდან მშვიდად მიმდინარეობდა. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც რ. თ–მ მ. დ–ს უთხრა, რომ მას აკლდა 10 საიდენტიფიკაციო ბარათი, რაც მათთვის გასაკვირი იყო, რადგან მათ რაც ჩაბარებული ჰქონდათ ი. ქ–სთვის ყველაფერი იყო გასწორებული. ამის შემდეგ ი–ს ჰკითხა მ–მ ეს იყო თუ არა სიმართლე. ი-მ არ დაადასტურა რ-ის ნათქვამი და მ-ს უთხრა, რომ მას ყველაფერი ჩაბარებული ჰქონდა. თუმცა, რ-ი ამბობდა, რომ გარდა იმისა, რომ 10 საიდენტიფიკაციო აკლდა, ასევე ბაზაც იყო არეული, რაზეც მ–მ უპასუხა, რომ ბაზა ალბათ იმ უზრდელმა ქალებმა არიეს, რომელიც მოწვეული ჰყავდათ სამსახურში (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:13:40 – 18:15:19). ამ დროს წამოვარდა ბ..., ხელები დაარტყა მაგიდას, გადმოიყარა ცოტა ნივთები, მივარდა მ-ს, ბეჭებზე მოჰკიდა ხელი, შეაჯანჯღარა და ეუბნებოდა – „გადი გარეთ, გაეთრიო“, მაგრამ მ. არ გავიდა. ბ. ჟ–მ მეორეჯერაც შეაჯანჯღარა მ. დ., მეორეჯერაც მოჰკიდა ხელი მაჯებზე და გარეთ გაყვანას ცდილობდა, მაგრამ მ... არ გაჰყვა გარეთ (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:15:57 – 18:16:35; 18:19:20-18:19:50), ეუბნებოდა - „მეტკინა, მეტკინა, მომშორდიო“ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:19:53 – 18:20:15). ამ დროს მან უთხრა ბ...ს - დედის ტოლა ქალს ხელი არ მოტეხოო (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:16:35 – 18:16:47). შემდეგ ბ...მ გაუშვა ხელი მ-ს, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ი. ქ.მ დარეკა ,,112-ში” და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ოთახიდან გამოსულ მ. დ–ს ხელი გაწითლებული ჰქონდა, იქ დახვდა ზ. ტ., რომელსაც აჩვენა ნატკენი ხელი (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:20:30 – 18:20:47). იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში ყველაფერი მოუყვა გამომძიებელს, რომელმაც აღნიშნული არ ჩაწერა და უთხრა, ის მოეყოლა რაც მას გადახდა, მ. კი თავად დაწერდა (იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 18:26:00- 18:26:29).
9. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ზ. ტ-მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა სსიპ ............--ს განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2022 წლის 1 ივნისს, მ. დ., ნ. დ., მ. ყ., მ. პ. და ლ. ჯ. შევიდნენ ბ. ჟ–სთან ოთახში. ცოტა ხანში გაიგონა ყვირილი - „გადი გარეთო“. ეგონა რ-ის ეუბნებოდნენ და გაუხარდა, მაგრამ მერე ქალის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ მ. დ. იყო. პოლიცია რომ მივიდა, კარები გააღო და მ... შეეფეთა. მას მარჯვენა ხელი ეკიდა მარცხენა ხელზე და უთხრა - „აი შენმა ბ...მ რა მიყოო“. შემდეგ პოლიციამ წაიყვანა ქალბატონები.
10. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ა. ქ–მ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლად მუშაობს ჩ-ში. 2022 წლის ივნისის თვეში, მუშაობის დროს შეხვდა მ. დ., რომელმაც ხელი აჩვენა და უთხრა - „აი, ნახე, ბ...მ რა მიქნაო“.
11. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ნ. გ.მ განმარტა, რომ მუშაობს ჩ-ს ბაზარში. 2022 წლის ივნისის თვეში სსიპ ს-დან შემოესმა ხმა - „გამიშვი, მეტკინა, მეტკინაო“, რომელიც მიამსგავსა მ. დ–ს ხმას. იმავე დღეს, ნაშუადღეს შეხვდა მ...ს, რომელიც იყო აღელვებული. მან აჩვენა მარცხენა ხელი და უთხრა - ,,აი, რა მიქნა ბ...მ, მომიჭირა ხელიო”.
12. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ი. ქ.მ განმარტა, რომ იგი მუშაობს ს-ში უფროს ინსპექტორად. 2022 წლის 01 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, მასთან ერთად ოთახში იყვნენ მ. დ., ნ. დ., მ. ყ., მ. პ., რ. თ. და ბ. ჟ.. ქალბატონებს აინტერესებდათ, თუ რატომ არ ჩაერიცხათ ხელფასები და ასევე, რატომ არ გაუგრძელდათ ხელშეკრულებები. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქალბატონები ბ. ჟ–სგან ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. ბ. ჟ–ს მხრიდან მ. დ–ს მიმართ არანაირ მოქაჩვას, ხელზე ხელის მოჭერას, შეჯანჯღარებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბ. ჟ. მიმართავდა მ. დ–ს, რომ გასულიყო ოთახიდან, მაგრამ იგი არ გადიოდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
13. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას რ. თ.მ განმარტა, რომ იგი მუშაობს სსიპ ს-ში უფროს ინსპექტორად, 2022 წლის 01 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში. მასთან ერთად ოთახში იმყოფებოდნენ ი. ქ., ბ. ჟ., მ. დ., ნ. დ., მ. ყ. და მ. პ.. მ–მ ბ...ს შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რაზეც ბ...მ მიუგო, რომ წყვეტდა მათთან ხელშეკრულებას და სთხოვდა ოთახიდან გასვლას. ბ... მ...ს ახლოს არ მიკარებია და მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბოლოს ბ. ჟ–მ სთხოვა ი. ქ.ს დაერეკა ,,112”-ში, რაც ი-მ შეასრულა და მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.
14. სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ 2022 წლის 8 ივნისს, 11:28-11:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მ. დ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა კანის დეპიგმენტირებული უბანი. სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, მ. დ. უჩიოდა სუსტი ინტენსივობის პერიოდული ხასიათის ტკივილს მარცხენა წინამხრის მიდამოში. მარცხენა სხივ-მაჯის სახსარი მცირედ შეშუპებული იყო, სახსარში მოძრაობა წარმოებდა სრულად. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა მოვარდისფრო, უსწორო ფორმის კანის დეპიგმენტირებული უბანი, ზომით 0,5X0,2 სმ (მისი გადმოცემით, მარცხენა მტევნის მიდამოში ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც მიიღო თავად რამდენიმე ხნის წინ). დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. თ-ემ.
15. ბ. ჟ–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ. დ–სთან 2022 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ერთი თვის ვადით. ნ. დ.ს, მ. დ–ს, მ. ყ.ს, მ. პ.ს და ლ. ჯ.ს მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარდა მონიტორინგი, რა დროსაც აღმოჩნდა ხარვეზები, რის საფუძველზეც სააგენტომ გადაწყვეტა, რომ მათთვის ხელფასები არ მიეცა. ამ საკითხის თაობაზე მას პერიოდულად უკავშირდებოდა ნ. დ. და ეკითხებოდა, როდის იქნებოდა მათი ხელფასი, რაზეც განუმარტავდა, რომ ჰქონდათ შეცდომები და ხელფასები ვერ ჩაერიცხებოდათ. 2022 წლის 1 ივნისს მივიდა ჩ-ს ოფისში, რათა გასაუბრებოდა ნ. დ.ს, მ. დ–ს, მ. ყ.ს, მ. პ.ს და ლ. ჯ.ს. ოთახში მათთან ერთად იმყოფებოდნენ რ. თ. და ი. ქ.. საუბარი დაიწყო ნ. დ.მ. შემდეგ გადავიდნენ შეურაცხყოფაზე და დაცინვაზე, რასაც შეუერთდა მ. დ.. როდესაც ქალბატონები ხმამაღალ საუბარზე და მის მიმართ მუქარაზე გადავიდნენ, მან რამდენჯერმე მოუწოდა დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ ისინი ვერ მშვიდდებოდნენ. საუბარი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. მ. დ. შეურაცხყოფას აყენებდა მას. იგი მოუწოდებდა დაეტოვებინა ოთახი და გარეთ გაბრძანებულიყო, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც ი. ქ.ს სამჯერ სთხოვა დაერეკა ,,112-ში”. მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ გავიდა შენობიდან.
16. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; მთავარია ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით...... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17).
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის თვითმხილველი მოწმეების და ბ. ჟ–ს ჩვენებას, ვინაიდან აღნიშნულ ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ეწინააღმდეგება როგორც თვითმხილველი მამხილებელი მოწმეების, ასევე ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო ასევე არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას დაზარალებულ მ. დ–ს, თვითმხილველი მოწმეების (მ. ყ.ს, ნ. დ.ს, ლ. ჯ.სა და მ. პ.ს) ჩვენებების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გამოძიება 2022 წლის 1 ივნისის ფაქტთან მიმართებით დაიწყო 7 ივნისს და სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა 2022 წლის 8 ივნისს. გამოძიებისათვის დაგვიანებით მიმართვის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი. რადგან ერთი მხრივ, მოწმეთა განმარტებით მათ პირველივე დღეს განუცხადეს საგამოძიებო ორგანოებს მომხდარი მოვლენების შესახებ, ხოლო დაზარალებულ მ. დ–ს განმარტებით, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ ელოდებოდა როდის დაუკავშირდებოდნენ საგამოძიებო ორგანოდან (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 17:15:14 -17:16:25). მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი დასტურდება როგორც თვითმხილველი მოწმეების, ასევე ნეიტრალურ პირთა ჩვენებებით, აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობა, ცალ-ცალკეც და ერთობლიობაშიც ერთგვაროვნად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს (მოვლენათა ნაწილს). მოწმეები უთითებენ მათ მიერ უშუალოდ ნანახ ან/და გაგონილ ფაქტებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული მ. დ. და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები (მ. ყ., ნ. დ., ლ. ჯ. და მ. პ.) ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს. ყველა მათგანი ცალსახად ადასტურებს ბ. ჟ–ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ზიანისა და ტკივილის მიყენებას. მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია როგორც ძალადობის ჩადენის და დაზიანების მიყენების, ასევე ძალადობის მიზეზების და მოვლენათა განვითარების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა; არ დასტურდება აღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობა და ბ. ჟ–ს ცრუდ მხილების განზრახვა.
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მოწმეთა: ზ. ტ-სა და ნ. გ–ს ჩვენებებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ზ. ტ-მ დაადასტურა ბ. ჟ–ს ოთახში კონფლიქტის ხმა და ის ფაქტი, რომ ოთახიდან გამოსულ მ. დ–ს ხელზე ჰქონდა დაზიანება. ოთახში ყვირილი და მ. დ–ს მიერ „გამიშვი, მეტკინა, მეტკინა“ დაადასტურა ასევე ნ. გ.მ, რომელმაც უშუალოდ გაიგონა აღნიშნული და ვისაც იმავე დღეს დაზარალებულმა აჩვენა დასიებული და შეწითლებული ხელი, რომელზეც უთხრა, რომ აღნიშნული ბ. ჟ–მ ჩაიდინა.
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის დღეს ნატკენი ხელი დაზარალებულმა ოთახიდან გამოსვლისთანავე აჩვენა ზ. ტ–ს, იმავე დღეს კი - ნ. გ–ს.
22. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების – მ. ყ–ს, ნ. დ.ს, ლ. ჯ.ს, მ. პ., ზ. ტ–ს, ნ. გ–ს ჩვენებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ჟ–ს ქმედებებით მ. დ–ს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება.
23. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავება შესაძლებელია მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
23.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის, 144-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების დანაწესებს, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დამუშავების მიზანზე (მათ შორის : გამოძიების/ მართლმსაჯულების განხორციელება) და არა ბრალდების მხარეზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის N476აპ-23 განჩინება). სასამართლო ითვალისწინებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტსა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტს, იმ გარემოებას, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავებისათვის არ ითხოვს მონაცემთა სუბიექტის თანხმობას.
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად მიიჩნევს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია მ. დ–ს მიმართ ძალადობის ფაქტი, ასევე დამნაშავის ქმედებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მ. დ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დაუდგენლობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. ჟ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
26. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23).
28. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული რესოციალიზაციის და პრევენციის მიზნების არსს; იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება "საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").
29. საკასაციო სასამართლო ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციასა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, იმ გარემოებას, რომ ბ. ჟ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი და მიზანშეწონილად მიაჩნია ბ. ჟ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი;
3. ბ. ჟ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი;
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. ჟ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე