საქმე # 190100123007411365
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №122აპ-24 ქ. თბილისი
მ. თ. 122აპ-24 25 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: თ. მ–ს, – დაბადებულს 1.. წელს, პ/ნ №............, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით თ. მ. ცნობილი იყო რა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მან კვლავ, არაერთგზის, ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, 2023 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ქ. რ–ში ს–ს ქ.-ის №.. მდებარე თავიანთ ფაქტიურ საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით კამათის დროს, თ. მ., დანით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ზ–ს, რის შედეგადაც, მ. ზ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით თ. მ. ცნობილი იყო რა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მან კვლავ, არაერთგზის, ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, 2023 წლის 15 მაისს, დილის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ე. ზ–ი მივიდა ქ. რ–ში ს–ს ქ.-ის №---–- მდებარე, მისი შვილის - მ. ზ–ს საცხოვრებელ ბინაში, მის შვილსა და სიძეს – თ. მ–ს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ თ. მ. მის შვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მ. ზ–ს შესთავაზა, წამოსულიყო მეუღლისგან. აღნიშნულით განაწყენებულმა თ. მ–ა, სახის არეში ხელის დარტყმით, მეუღლის მამას - ე. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, ე. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
3.1. თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვებუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, თ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ. მ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან 3 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად თ. მ–ს მიმართ დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი;
3.5. თ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. კ–მ–ა და მოითხოვა ცვლილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში და თ. მ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. კ–მ–ა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თ. მ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის ზომის ან სახის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. კ-მ-ი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს მისი მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას. მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში, თ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები - კერძოდ, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა თ. მ–ა პირობითი მსჯავრის პირობებში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე - ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ჰყავს დიაბეტით დაავადებული შვილი, დაზარალებულს აქვს შემწყნარებლური პოზიცია და შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას (საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად მხედველობაში მიიღო დანაშაულის დანის გამოყენებით ჩადენის ფაქტი (2021 წლის 31 მარტის მუქარის ეპიზოდი).
9.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოსაყენებლად, აუცილებელია სს საქმის მასალებში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის N761აპ-21 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის N1283აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის 796აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის N1171აპ-23 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა – რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სასჯელი განსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ზომა განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, დანიშნული სასჯელის ზომა უნდა შემცირდეს 1 წლით.
9.2. იმავდროულად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, თ. მ–ს პიროვნული მახასიათებლების (ნასამართლობები) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის და 2021 წლის 31 მარტის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული განაჩენებით განსაზღვრულმა სასჯელებმა ვერ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევა, სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით თ. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელის სახის – თავისუფლების აღკვეთის – გამოყენებას. სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. მ–ს ბრალი ედებოდა, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის.
10.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ “არაერთგზისი დანაშაული გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით ან საქართველოს სსკ-ით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ნასამართლობა 18 წლამდეც. რეციდივის ინსტიტუტი მოიცავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნებისმიერი სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამდენად, განზრახი დანაშაულების შემთხვევაში, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებები არსობრივად მსგავსია. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებას, თუ ამავე კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე. ..... შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განაჩენი საქმეზე N 659აპ-21, II-20).
10.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. მ–ს სასჯელი დაუნიშნა 10.1. პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დაცვით.
11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სს საქმეში წარმოდგენილ შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის პოზიციას, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას), ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით, თ. მ. ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დანაწესების, საქართველოს მიერ "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ" კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელის ზომის – ხანგრძლივობის – შემცირება.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თ. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თ. მ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოო სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე - განაჩენთა ერთობლიობით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. თ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თ. მ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან 3 წლით, 11 თვით და 26 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 4 წლითა და 3 თვით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი;
8. თ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2023 წლის 16 მაისიდან;
9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი