Facebook Twitter
საქმე # 330802224008876116

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


№13I-24 ქ. თბილისი
ს. ო. 13I-24 1 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ს–ს (O.S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. ს–სს (O.S.) მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 17 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის ადგილობრივი საოლქო სასამართლოს მიერ გამოცემულია ო. ს–სს (O.S.) დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი პირის მიერ, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნით ანდა მოქმედებს, როგორც დოკუმენტების გაყალბების და თაღლითობის უწყვეტად ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი) გათვალისწინებული დანაშაულის 5 ეპიზოდის ჩადენაში.

2019 წლის 29 იანვრიდან ო. ს–სს (O.S.) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ო. ს–სს (O.S.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2023 წლის 30 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ს–ს (O.S.).

2023 წლის 31 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ო. ს–ს (O.S.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2024 წლის 2 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ო. ს–სს (O.S.) ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.

ამჟამად, ო. ს–ს (O.S.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ო. ს–ს (O.S.) ბრალდებულია ........... რესპუბლიკაში, გამოიხატა შემდეგში:

ო. ს–სზმა (O.S.) ბ-ნ ბ. მ–უ–ს გ–ს ....... რესპუბლიკაში მოქმედი ბანკის ........ Bank .....-ის, ..........Bank-ს ბ–ს ფილიალიდან გამოატანინა სამი სხვადასხვა სესხი, რათა შესძლებოდა სამი ძვირადღირებული ავტომობილების - აუდი ა 6 ავანტის(Audi A6 Avant), პორშე პანამერა 4 ესის(Porsche Panamera 4 S) და პორშე კაიანის(Porsche Cayenne) იჯარით აღება. იგი თავდაპირველად სესხებს ნაწილობრივ იხდიდა, მაგრამ მალევე შეწყვიტა გადახდა. ავტომანქანა პორშე პანამერასთვის (Porsche Panamera 4 S) სესხის ნაშთი თანხა შეადგენს 45,246.73 ევროს, ხოლო აუდი ა 6 ავანტისთვის(Audi A6 Avant) აღებული სესხისა კი - 24,173.05 ევროს. .......... Bank-მა გააუქმა სასესხო ხელშეკრულებები და ო. ს–ზს (O.S.) ავტომობილების უკან დაბრუნება მოსთხოვა. 2017 წლის 28 აგვისტოს, ო. ს–ზმა (O.S.) პორშე პანამერა 4 ეს-ის (Porsche Panamera 4 S) მარკის ავტომობილი, VIN: ............., მიჰყიდა დაზარალებულს ბ-ნ ფ. ი–ს. სანაცვლოდ, შეთანხმდნენ 20,000 ევროს გადახდაზე და დაზარალებულ ილდირიმის კუთვნილი პორშე კაიანის (Porsche Cayenne) მარკის ავტომობილის ო. ს–ს (O.S.) საკუთრებაში გადაცემაზე. ო. ს–მა (O.S.) იცოდა, რომ იგი არ იყო ავტომობილი პანამერა 4 ესის (Panamera 4 S) მფლობელი და ამის შესახებ მოატყუა დაზარალებული ბ-ი ფ. ი–ი, რათა თავად მიეღო სარგებელი ნასყიდობის თანხისა და მიღებული მანქანის მეშვეობით. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა პორშე პანამერა 4 ეს (Porsche Panamera 4 S) ავტომობილზე, რომელიც გადაეცა დაზარალებულს ბ-ნ ფ. ი–ს, ხოლო ო. ს–სზმა (O.S.) სანაცვლოდ მიიღო ავტომობილი პორშე კაიანი (Porsche Cayenne) და ასევე 16,000.00 ევროს ოდენობით ნაღდი ფული. ნასყიდობის ღირებულების ნაწილი 4,000.00 ევრო გადაეცა დ. ფ–ს ო. ს–ს (O.S.) მითითებების შესაბამისად. ავტომობილი პორშე პანამერა (Porsche Panamera) ამოღებული იქნა ნიდერლანდებში ჰოლანდიის პოლიციის მიერ გერმანიის ხელისუფლების მიერ გაცემული წითელი ცირკულარის შემდეგ. ო. ს–მა (O.S.) დაზარალებულ ბ-ნ ი–ს შესყიდვის ფასი არ დაუბრუნა.

2017 წლის მაისის დასაწყისში, ო. ს–მა (O.S.) დაზარალებულს ბ-ნ ა.ჩ-ს 17,500.00 ევროდ მიჰყიდა 2012 წლის აუდი ა 6 ავანტის (Audi A6 Avant) მარკის ავტომობილი. ო. ს–სზმა (O.S.) დაზარალებული ბ-ნ ჩ.დაარწმუნა, თითქოს იგი იყო მანქანის მფლობელი და შეეძლო მისთვის საკუთრების მოწმობის გადაცემა. თუმცა, რეალურად, აუდი ა ავანტი (Audi A 6 Avant) არ იყო ო. ს–ს (O.S.) საკუთრება და მას არ გააჩნდა საკუთრების უფლების სერტიფიკატი, რადგან ავტომობილი იმყოფებოდა AutoEuropa Bank-ის დეპოზიტზე, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ო. ს–სს (O.S.) წინასწარი განზრახვის თანახმად, დაზარალებულმა ჩ-ს გადაუხადა 17,500.00 ევრო, და ო. ს–მა (O.S.) ნასყიდობის საფასური თავისთვის დაიტოვა.

ასევე, 2017 წლის მაისის დასაწყისში, ო. ს–სზმა (O.S.) დაზარალებული ჩ. დაარწმუნა, რომ მას მიაქირავებდა C კლასის მერსედესს 3,000.00 ევროდ. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ბ-ნმა ჩ–მ ო. ს–სზს (O.S.) გადაუხადა 3,000.00 ევრო, მას ო. ს–სგან (O.S.) C კლასის მერსედესი არ მიუღია, ვინაიდან მას ასეთი მანქანა არ ჰყავდა. განზრახვის შესაბამისად, ო. ს–ზმა (O.S.) 3,000.00 ევროს ოდენობის ქირა შეინახა თავისთვის ანაზღაურების გარეშე.

2017 წლის 26 აპრილს, .......... რესპუბლიკაში, უ-ში, ........ის ქუჩაზე, კომპანია .....-ის შენობაში, ო. ს–მა (O.S.) 70,490.00 ევროს ღირებულების მერსედეს ბენცი სი 250 დი 4 ფორმათიქის (Mercedes-Benz C 250 d 4Matic coupe) მარკის ავტომანქანა 52,162.60 ევროდ მიჰყიდა დაზარალებულს ი. ა–ს. დაზარალებულმა ა. ო. ს–ს (O.S.) წინასწარ გადაუხადა 15,000.00 ევრო. მისი წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ო. ს–ს (O.S.) არ აპირებდა შეკვეთილი სატრანსპორტო საშუალების მიწოდებას და 15,000.00 ევრო ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაიტოვა თავისთვის.

2017 წლის 3 მაისს, ო. ს–მა (O.S.), როგორც კომპანია ........e-ის მფლობელმა, რომელიც მდებარეობს გ–ს ......... რესპუბლიკაში, ე–ში, ბ–ს ქუჩაზე, პორშე კაიანის (Porsche Cayenne) მარკის ავტომობილი დაზარალებულ ბ-ნ მ. ე–ს 14,000.00 ევროდ მიჰყიდა იმგვარად, რომ ო. ს–ს (O.S.) არ ფლობდა საკუთრების უფლების სერტიფიკატს. ო. ს–მა (O.S.) დაზარალებული ე–ი დაარწმუნა, თითქოს ის იყო მანქანის მფლობელი და შეეძლო მისთვის საკუთრების უფლება გადაეცა. თუმცაღა, ფაქტობრივად, პორშე კაიანი (Porsche Cayenne) არ იყო ო. ს–ს (O.S.) საკუთრება და მას არ შეეძლო საკუთრების უფლების გადაცემა, რადგან ავტომობილი იმყოფებოდა ........... Bank-ის ფილიალის დეპოზიტზე, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ო. ს–ს (O.S.) დაზარალებულმა ე.-ნ–მა გადაუხადა 14,000.00 ევრო. აღნიშნული თანხა ო. ს–ს (O.S.) წინასწარი განზრახვის შესაბამისად, თავისთვის დაიტოვა.

4. 2024 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და ითხოვა ო. ს–სს (O.S.) .......... რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის დაკავების ორდერში, კერძოდ, ......... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი პირის მიერ, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნით ანდა მოქმედებს როგორც დოკუმენტების გაყალბების და თაღლითობის უწყვეტად ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი) გათვალისწინებული დანაშაულის 5 ეპიზოდის ჩადენისთვის.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ს–ს (O.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის დაკავების ორდერში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი პირის მიერ, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნით ანდა მოქმედებს როგორც დოკუმენტების გაყალბების და თაღლითობის უწყვეტად ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი) გათვალისწინებული დანაშაულის 5 ეპიზოდის ჩადენისთვის.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ს–ს (O.S.) ადვოკატი - ე. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის ო. ს–ს (O.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. დაცვის მხარის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის დებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს და ამავე კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არსებობს ო. ს–ს (O.S.) გერმანიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, ვინაიდან ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, რაზეც დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ო. ს–ს (O.S.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, სრულად არის მოკლებული სამართლებრივ არგუმენტაციას, კასატორი მხოლოდ დეკლარაციულად უთითებს ო. ს-ს (O.S.) ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის და ო. ს–ს (O.S.) სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეზე, თუმცა საერთოდ არ უთითებს აღნიშნულის მტკიცების საფუძველს, კონკრეტულ გარემოებებს/ მტკიცებულებებს, ასევე – არ აზუსტებს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რომელ ასპექტს გულისხმობს.

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ს–ს (O.S.) 2023 წლის 30 დეკემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

6. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

6.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი პირის მიერ, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნით ანდა მოქმედებს, როგორც დოკუმენტების გაყალბების და თაღლითობის უწყვეტად ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.

6.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

7. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ო. ს–ზს (O.S.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ო. ს–სათვის (O.S.) ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2017 წლის 26 აპრილიდან 28 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო აღნიშნული ქმედებების ჩადენისათვის ო. ს–ს (O.S.) 2019 წლის 29 იანვრიდან იძებნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.

7.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ო. ს–ს (O.S.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.

7.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - ........ რესპუბლიკის, ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

8. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ო. ს–ს (O.S.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ო. ს–ს (O.S.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

9.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2024 წლის 16 თებერვალს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ო. ს–ს (O.S.) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად (იხ.: ტ.2, ფ. 104). ო. ს–ს (O.S.) არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - გ–ა.

9.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 19 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ო. ს–ს (O.S.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში (იხ.: ტ.2, ფ. 105)

9.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ო. ს–ს (O.S.) არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი და მას არ აქვს მიცემული არც თავშესაფარი.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ვროპული კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ო. ს–ს (O.S.) ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს ანდა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ო. ს–სს (O.S.) უფლებების დარღვევის საფრთხე.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელზეც ვრცელდება „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაცემას ითხოვს ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა „რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების ( როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს ო. ს–სს (O.S.) მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, მისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

15. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს გერმანიის რესპუბლიკაში ო. ს–ს (O.S.) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ო. ს–სს (O.S.) გერმანიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ს–სს (O.S.) მიმართ გერმანიის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე.

16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი;

17. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

18. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ს–სს (O.S.) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ს–ს (O.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ულმის ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის დაკავების ორდერში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი პირის მიერ, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნით ანდა მოქმედებს როგორც დოკუმენტების გაყალბების და თაღლითობის უწყვეტად ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი) გათვალისწინებული დანაშაულის 5 ეპიზოდის ჩადენისთვის კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.


III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ს–ს (O.S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. ვასაძე