Facebook Twitter

საქმე #

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1203აპ-23 თბილისი,

ლ-ა გ, 1203აპ-23 25 აპრილი, 2024წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს, მსჯავრდებულების – გ. მ-სა და დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-სა და გ. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. დ-სა და ჯ. კ-ს, მსჯავრდებულების – გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გ. ლ-ს, ბ. ჟ-სა და გ. გ-ს ბრალად დაედოთ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ლ-ა, ბ. ჟ-ი და გ. გ-ა აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი, „კანონიერი ქურდის“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად, აქტიურად მოქმედებდნენ და თავიანთი ქმედებით გამოხატავდნენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

გ. ლ-ა, ბ. ჟ-ი და გ. გ-ა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – ი. ყ-ს დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვისა და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისიდან, ორგანიზებას უწევდნენ თ-ს საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას.

ხსენებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს: გ. მ-ს, დ. გ-სა და გ. კ-ს (რომლებმაც იცოდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ), სთხოვდნენ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდაც, მათ საშუალება მიეცემოდათ, კერძო ტაქსის მომსახურეობა შეეთავაზებინათ თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა, ბ. ჟ-ი და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები: გ. მ-ი, დ. გ-ი და გ. კ-ე დაუპირისპირდნენ ნ. ჩ-ს (რომელსაც თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე კერძო ტაქსის მფლობელები ასევე აძლევდნენ გარკვეულ თანხას, მუშაობის სანაცვლოდ).

ზემოხსენებულმა პირებმა „კანონიერ ქურდ“ ი. ყ-ს გადაწყვეტილებით, ნ. ჩ-ა და მასთან დაკავშირებული ტაქსის მძღოლები გააძევეს აეროპორტის ტერიტორიიდან.

ნ. ჩ-მ არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად, თავისთვისა და მასთან დაკავშირებული ტაქსის მფლობელებისთვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ წევრებზე: გ. ლ-ზე, გ. გ-სა და ბ. ჟ-ზე გავლენის მოსახდენად, თ-ში მყოფ „კანონიერ ქურდ“ თ. ხ-თან დაკავშირება გადაწყვიტა, რაც ასევე ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ დ. ს-თვის.

2021 წლის 13 აგვისტოს, ნ. ჩ-ა და დ. ს-ე გაემგზავრნენ თ-ში, სადაც „კანონიერ ქურდ“ თ. ხ-ს მოახსენეს სადავო საკითხის თაობაზე. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ 2021 წლის 21 აგვისტოს, რა დროსაც, ნ. ჩ-ს მხარეს აეკრძალა საქმიანობა აეროპორტის ტერიტორიაზე.

აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი დ. ს-ე განიხილავდა მომხდარ დაპირისპირებას და მოდავე მხარის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით, აქტიური ქმედებებით ცდილობდა მათთან კავშირზე გასვლას და თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნ. ჩ-ს და მასთან დაკავშირებული ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობის უფლების აღდგენას.

„ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს: გ. მ-ს, დ. გ-ს, გ. კ-ს და სხვა პირებს, რომლებსაც სთხოვდნენ „ქურდული საერთოს“ თანხა შეეტანათ გ. ლ-ს სარგებლობაში არსებულ, მისი მეუღლის – ნ. ლ-ს „ს. ბ-ს“ – GE... – ანგარიშსა და სს „ა-ს“ მომხმარებლის გ. ლ-ს კუთვნილ ანგარიშზე – ...

„ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერები: გ. მ-ი, დ. გ-ი, გ. კ-ე აქტიური ქმედებით ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და „ქურდული სამყაროს“ წევრების: გ. ლ-ს, გ. გ-სა და ბ. ჟ-ს მითითებით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ რიცხავდნენ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, გ. მ-ს, დ. გ-ს და გ. კ-ს ავალებდნენ, დაკავშირებოდნენ გ. ნ-ს და თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა კერძო ტაქსის მძღოლებს, რომელთაც სთხოვდნენ, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანათ გამომუშავებული თანხის ნახევარი.

გ. ნ-ი და თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა კერძო ტაქსის მძღოლები სისტემატურად იხდიდნენ მოთხოვნილ თანხას.

2021 წლის 22 სექტემბერს, ბ. ჟ-ი, გ. მ-ი და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ. თ-ე შეხვდნენ გ. ნ-ს, რომელმაც სთხოვა, რამდენიმე ხნით გაეთავისუფლებინათ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის შეტანის ვალდებულებისგან, რა დროსაც გ. თ-მ განუცხადა, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა აუცილებლად უნდა გადაეხადა.

2021 წლის 23 სექტემბერს, ბ. ჟ-მა, გ. თ-მ და დ. გ-მა გ. ნ-ი დააშინეს და მოსთხოვეს, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ყოველდღიურად შეეტანა გამომუშავებული თანხის ნახევარი.

„ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი სისტემატურად აკონტროლებდნენ, რათა თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძო ტაქსის მომსახურების შეთავაზების უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იხდიდნენ თანხას ე.წ. „ქურდულ საერთოში.“

2. გ. ლ-ს ასევე ბრალად დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა, რასაც თანა ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, კერძოდ:

2021 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, გ. ლ-ა, იღებდა რა მეუღლის – ნ. ლ-ს სს „ს. ბ-ს“ GE... ანგარიშსა და სს „ა-ს“ (ა-ი) მისსავე – ... ანგარიშზე დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს – ე.წ. „ქურდული საერთოსათვის“ შეგროვილ თანხებს, ახორციელებდა მის ლეგალიზაციას.

დანაშაულებრივი წარმომავლობის დაფარვის მიზნით, ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები სისტემატურად ირიცხებოდა მისსავე ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე და მხოლოდ გარკვეული ნაწილის გათამაშების შემდეგ ბრუნდებოდა იმავე საბანკო ანგარიშზე, ამის შემდგომ კი ანაღდებდა.

ასევე, ე.წ. „ქურდული საერთოსათვის“ შეგროვილი თანხა, რომელიც ჩარიცხული იყო გ. ლ-ს სს „ა-ს“ ანგარიშზე, მუდმივად ირიცხებოდა ნ. ლ-ს „ს. ბ-ს“ ანგარიშზე და შემდგომში ხდებოდა მისი განკარგვა. აღნიშნული ათობით უმიზნო ტრანზაქციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ დანაშაულებრივი თანხების ბუნებისა და წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა.

ზემოაღნიშნული ხერხით, 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, გ. ლ-მ მოახდინა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის – 37 995 ლარის ლეგალიზაცია.

3. გ. ლ-ს აგრეთვე ბრალად დაედო: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ლ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1 ქარხნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებულ საბრძოლო მასალას გ. ლ-ა მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა: თ-ში, ა. გ-ს ქუჩის N...-ში, ბლოკი ,,...-ში,“ ბინა ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

4. დ. გ-ს, გ. მ-სა და გ. თ-ს ბრალად დაედოთ: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ლ-ა, ბ. ჟ-ი და გ. გ-ა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ ი. ყ-ს დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისიდან, ორგანიზებას უწევდნენ თ-ს საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას.

ხსენებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს – გ. მ-ს, დ. გ-სა და გ. კ-ს, რომლებმაც იცოდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, სთხოვდნენ, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ, მათ საშუალება მიეცემოდათ, კერძო ტაქსის მომსახურება შეეთავაზებინათ თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა, ბ. ჟ-ი და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები: გ. მ-ი, დ. გ-ი და გ. კ-ე დაუპირისპირდნენ ნ. ჩ-ს, რომელსაც თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე კერძო ტაქსის მფლობელები მუშაობის სანაცვლოდ, ასევე აძლევდნენ გარკვეული თანხას. ზემოხსენებულმა პირებმა „კანონიერ ქურდ“ ი. ყ-ს გადაწყვეტილებით, ნ. ჩ-ა და მასთან დაკავშირებულ ტაქსის მძღოლები გააძევეს აეროპორტის ტერიტორიიდან.

ნ. ჩ-მ არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და თავისთვის და მასთან დაკავშირებული ტაქსის მფლობელებისთვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ წევრებზე: გ. ლ-ზე, გ. გ-სა და ბ. ჟ-ზე – გავლენის მოხდენის მიზნით, გადაწყვიტა, მიემართა თ-ში მყოფ, „კანონიერ ქურდ“ თ. ხ-თვის, რაც ასევე ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ – დ. ს-თვის.

2021 წლის 13 აგვისტოს, ნ. ჩ-ა და დ. ს-ე გაემგზავრნენ თ-ში, სადაც „კანონიერ ქურდ“ თ. ხ-ს მოახსენეს სადავო საკითხის თაობაზე.

2021 წლის 21 აგვისტოს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც, ნ. ჩ-ს მხარეს აეკრძალა საქმიანობა აეროპორტის ტერიტორიაზე. აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი დ. ს-ე მოდავე მხარის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით, განიხილავდა მომხდარ დაპირისპირებას და აქტიური ქმედებებით ცდილობდა, მათთან კავშირზე გასვლას, თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნ. ჩ-სა და მასთან დაკავშირებული ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობის უფლების აღდგენას.

„ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი – სისტემატურად უკავშირდებოდნენ „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს: გ. მ-ს, დ. გ-ს, გ. კ-ს და სხვა პირებს, რომლებსაც სთხოვდნენ „ქურდული საერთოს“ თანხა შეეტანათ გ. ლ-ს სარგებლობაში არსებულ, მისი მეუღლის – ნ. ლ-ს „ს. ბ-ს“ GE... ანგარიშსა და სს „ა-ს“ მომხმარებლის – გ. ლ-ს კუთვნილ ანგარიშზე – ...

„ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერები: გ. მ-ი, დ. გ-ი, გ. კ-ე აქტიური ქმედებით ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და „ქურდული სამყაროს“ წევრების: გ. ლ-ს, გ. გ-სა და ბ. ჟ-ს მითითებით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ რიცხავდნენ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, გ. მ-ს, დ. გ-სა და გ. კ-ს ავალებდნენ დაკავშირებოდნენ გ. ნ-ს და თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა კერძო ტაქსის მძღოლებს, რომელთაც სთხოვდნენ, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანათ გამომუშავებული თანხის ნახევარი.

გ. ნ-ი და თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა კერძო ტაქსის მძღოლები სისტემატიურად იხდიდნენ მოთხოვნილ თანხას.

2021 წლის 22 სექტემბერს, ბ. ჟ-ი, გ. მ-ი და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი – გ. თ-ე შეხვდნენ გ. ნ-ს, რომელმაც სთხოვა, რამდენიმე ხნით გაეთავისუფლებინათ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის შეტანის ვალდებულებისგან; გ. თ-მ კი განუცხადა, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა აუცილებლად უნდა გადაეხადა.

2021 წლის 23 სექტემბერს, ბ. ჟ-მა, გ. თ-მ და დ. გ-მა გ. ნ-ი დააშინეს და მოსთხოვეს ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ყოველდღიურად შეეტანა გამომუშავებული თანხის ნახევარი.

„ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი სისტემატიურად აკონტროლებდნენ, რათა თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძო ტაქსის მომსახურების შეთავაზების უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იხდიდნენ თანხას ე.წ. „ქურდულ საერთოში.“

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

5.1. გ. ლ-ა, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა გ. ლ-ს (მ-ე) მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა, 1 000 ლარი – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ლ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

5.2. ბ. ჟ-ი, დაბადებული …, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

5.3. გ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

გ. გ-ა, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.4. დ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.5. გ. მ-ი, დაბადებული ... წლის ... ივნისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

5.6. გ. თ-ე, დაბადებული ... წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.7. ბ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან;

5.8. დ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან;

5.9. გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან;

5.10. გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან;

5.11. გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან;

5.12. გ. ლ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 დეკემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ – გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს, მსჯავრდებულების – გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულების გ. მ-სა და დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-სა და გ. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. დ-სა და ლ. ბ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი – გიორგი მუკბანიანი ითხოვს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გ. ლ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრთა ავტორიტეტი, გავლენა, იერარქიული დამოკიდებულება ნათლად ჩანს წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსით. უტყუარად დადასტურდა, რომ გ. ლ-ა, გ. გ-ა და ბ. ჟ-ი მათი ცხოვრების წესით აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და მოქმედებდნენ მისი მიზნების განსახორციელებლად. მათი გადაწყვეტილების გარეშე პირი ტაქსის მძღოლად თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებდა. ასევე აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ე.წ. ,,ობშიაკში“ (,,ქურდულ საერთოში“) გამომუშავებული თანხის შეტანა. გ. ლ-ს მარჯვენა ხელი იყო გ. გ-ა და ბ. ჟ-ი. ისინი საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, უშუალოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას აეროპორტის ტერიტორიაზე. დაზარალებულისა და მოწმეების სასამართლოში მიცემული ჩვენებით, არ დადასტურდა დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს, მსჯავრდებულებს ჰქონდათ ტურისტული ორგანიზაცია, რომლისთვისაც თანხებს მეგობრულად აგროვებდნენ. საქმეში ფიგურანტი პირები გ. ლ-ს მისი მეუღლის, ნ. ლ-ს ანგარიშზე ურიცხავდნენ ,,ქურდული საერთოს“ თანხებს. ანგარიშზე ტრანზაქციების ანალიზით დგინდება, რომ მხოლოდ გადახდის აპარატით 121 ტრანზაქციად ჩარიცხულია – 35 706 ლარი. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება გ. გ-ს კრიმინალური ავტორიტეტი და მისი აქტიური მოქმედება ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების შესრულებისათვის, საკუთარი ავტორიტეტის დამკვიდრებისათვის.

8. კასატორი – მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარის მტკიცებულებათაგან არცერთი უკავშირდება გ. გ-ს ბრალს. 2021 წლის 16 სექტემბრის ჩანაწერით, პირიქით, დასტურდება, რომ გ. გ-ს კავშირი არ აქვს ,,ქურდულ სამყაროსთან.“ პროკურორის პოზიცია, რომ გ. გ-ა გ. ლ-ს მარჯვენა ხელია, არის გ. კ-ს ფანტაზიის შედეგი. სინამდვილეში, ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. გ. გ-ა შემოქმედებითი საქმით არის დაკავებული. მან ოჯახი დაკავებამდე, ოთხი თვით ადრე შექმნა.

9. კასატორები – მსჯავრდებულების გ. მ-სა და დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ. ტ-ი და გ. ნ-ი – ითხოვენ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დაცვის მხარემ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია დაზარალებულის ჩვენების არათანმიმდევრულობასა და სიცრუეზე. ხსენებულ ჩვენებაში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც გ. მ-სა და დ. გ-ს უკავშირდებოდა, სასამართლომ არ გაიზიარა. ნ. ჩ-მ არსებით სხდომაზე უარყო გ. მ-სა და დ. გ-თან დაპირისპირების ფაქტი. კასატორები გამორიცხავენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების რაიმე სახის კავშირს „ქურდულ საერთოში“ თანხების გადარიცხვასთან, ან სხვა ფორმით, ვინმესთვის გადაცემასთან.

10. კასატორები – მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ზ. დ-ი და ჯ. კ-ი – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გ. თ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ კლიენტის აყვანასა და აეროპორტის ფოიეში დგომასთან დაკავშირებით, კერძო ტაქსის მძღოლებს ხშირად აქვთ უთანხმოება კომპანია ,,ბ-თან.“ სწორედ აღნიშნული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა ტაქსის მძღოლებს ბ. ჟ-ი, მის სამეგობროსთან ერთად. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გამოიკვეთა დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კლიენტის გაგზავნისა და მუშაობაში ხელშეწყობის მიზნით, ტაქსის მძღოლი იხდის მიღებული შემოსავლიდან გარკვეულ ნაწილს. ბრალდების მხარე ინტერნეტსაიტიდან ამობეჭდილი ინფორმაციით ცდილობს დაადასტუროს განსახილველ საქმეში კანონიერი ქურდის ჩართულობის ფაქტი. სასამართლოში გამოკვლეულ ფარულ აუდიოჩანაწერებში გ. თ-ე ე.წ. „ობშიაკს,“ ან ,,ქურდულ საერთოს“ არ ახსენებს. ამასთან, სიტყვა – საერთო – არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ,,ქურდულ საერთოს.“ თავად გ. თ-მ მიუთითა, რომ მასსა და მის მეგობრებს აეორპორტის ტერიტორიაზე საერთო საქმე ჰქონდათ და ისინი კერძო ტაქსის მძღოლებს ეხმარებოდნენ, რათა არ შეჰქმნოდათ პრობლემები კომპანია ,,ბ-თან.“ რომც დავუშვათ, რომ საქმეში გამოკვეთილია ქურდული საქმიანობა და ,,ქურდული საერთოსათვის“ თანხის აგროვება, გ. თ-ს ქმედებები მაინც ვერ ჩაითვლება აქტიურ მხარდამჭერად.

11. კასატორი – მსჯავრდებულების გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – გ. ნ-ი ითხოვს გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თ-ს საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე ტაქსის მძღოლების კორპორაცია ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ინაწილებდა სამსახურეობრივ საქმეებს და ამ საქმიანობიდან მიღებულ თანხებსაც. ზოგის მოვალეობა იყო მგზავრის მოძებნა, ზოგის – მგზავრის გადაყვანა, ზოგისა – კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში გამოკვეთილია ორი ,,კანონიერი ქურდის“ თ. ხ-სა და ი. ყ-ს სახელი. რეალურად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ ვინ არის საქმეში მოხსენიებული პირთაგან ,,კანონიერი ქურდი,“ ,,ქურდული სამყაროს წევრი“ ან – მხარდამჭერი. გ. ლ-ა თანხებს ძირითადად ტოტალიზატორში ხარჯავდა. დაზარალებულთან მიმართებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მას ყველა ნაცნობი თუ თანამშრომელი ახასიათებს, როგორც ,,კონფლიქტურს,“ ,,მატყუარასა“ და ,,ინტრიგანს.“

12. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

13. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

14. დანაშაულები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-მ და ბ. ჟ-მა ჩაიდინეს – ,,ქურდული სამყაროს წევრობა,“ გ. ლ-მ აგრეთვე ჩაიდინა: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დ. გ-მა, გ. მ-მა, გ. თ-მ და გ. გ-მ – ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

16. დაცვის მხარე – გ. გ-ს, გ. მ-ს, დ. გ-ს, გ. თ-ს, გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს დამცველი ადვოკატები ითხოვენ მსჯავრდებულების გამართლებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს.

17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდება:

გ. ლ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ემუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ბ. ჟ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და გ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

18. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვდენილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. მოწმეთა მიერ საქმისათვის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შესაბამისი ფარული ჩანაწერებით.

19. დაზარალებულმა გ. ნ-მა განაცხადა, რომ შვიდი წელი მუშაობდა თ-ს საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის მძღოლად. 2021 წლის ივნის-ივლისში გაიცნო ბ. ჟ-ი, რომელიც აკონტროლებდა დარბაზში მყოფი ტაქსის მძღოლების საქმიანობას, აგროვებდა მათგან თანხას (რომელიც განკუთვნილი იყო ,,ქურდული საერთოსთვის“). გ. ნ-ს ბ. ჟ-მა, გ. მ-მა და მისმა თანხმლებმა პირებმა შესთავაზეს, რომ თუ აეროპორტის მოფრენის დარბაზში მუშაობა სურდა, უნდა გადაეხადა გამომუშავებული თანხის ნახევარი, რომელიც მიემართებოდა ,,ქურდულ საერთოში.“ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იმუშავებდა დარბაზში. თუ არ გაითვალისწინებდა მათ სიტყვას, ,,ფეხებს დაუმტვრევდნენ“. მოწმემ გ. კ-სგან იცოდა, რომ ბ. ჟ-ი იყო გ. ლ-ს (იმავე ,,ა-ს“) წარმომადგენელი. გ. ლ-ა წყვეტდა, ვის უნდა ემუშავა მგზავრთა მოფრენის დარბაზში. გ. ნ-მა იცოდა, რომ ტაქსის მძღოლებისგან აგროვებული თანხა მიემართებოდა გ. ლ-თან. მან გ. მ-სა და გ. კ-გან იცოდა, რომ აღნიშნული საქმიანობის უკან იდგა ,,კანონიერი ქურდი“ – ი. ყ-ა. გ. კ-ე, გ. მ-ი და დ. გ-ი გამომუშავებული თანხის ნახევარს იხდიდნენ ,,ქურდულ საერთოში.“ როდესაც აეროპორტში ბ. ჟ-ი არ იყო, დ. გ-ს უხდიდა თანხას. დაზარალებულის განცხადებით, ის და გ. კ-ე ეჭვობდნენ, რომ ბ. ჟ-ი შეგროვებულ თანხას მთლიანად არ აძლევდა ,,ა-ს“. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას გ. კ-მ გააცნო გ. გ-ა (გ. ლ-ს ახლო მეგობარი, ,,მარჯვენა ხელი“). მან გ. ნ-ს უთხრა, ჩაეწერა ბ. ჟ-თვის გადაცემული თანხები. დაზარალებულმა გ. გ-ს სთხოვა, რომ ბ. ჟ-სა და მის მეგობრებს ანაგარიში გაეწიათ წილის გამორთმევისას. გ. თ-ე აეროპორტის ტერიტორიაზე ბ. ჟ-თან ერთად იმყოფებოდა და ტაქსის მძღოლებს შორის მომხდარ კონფლიქტს ანეიტრალებდნენ. მოწმეს, რომელმაც ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხის გადახდაზე პროტესტი გამოთქვა, გაესაუბრა გ. თ-ე და განუცხადა, რომ თანხა უსიკვდილოდ უნდა გადაეხადა. დაზარალებული ,,ქურდული საერთოსთვის“ დღიურად, დაახლოებით, 400-500 ლარს იხდიდა.

20. საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის გარემოებებთან მიმართებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მსჯავრდებულების საუბარი, დეტალურად არის მიმოხილული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჩანაწერების შინაარსი შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებაში ასახული საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული ფონოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მასალაზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.

21. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთად, საკასაციო პალატა აფასებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მოწმეთა ჩვენებების შინაარსსაც, მათ შორის:

22. მოწმე გ. კ-ს ჩვენებას, რომელმაცგანაცხადა, რომ მუშაობა თ-ს აეროპორტში გ. ლ-მ დააწყებინა. გ. ლ-ა კრიმინალური ავტორიტეტი იყო. იგი თ-ს აეროპორტში მომუშავე ტაქსის მძღოლთა საქმიანობას განაგებდა. გ. ლ-სა და ბ. ჟ-გან იცოდა, რომ აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო ,,ქურდული საერთოსთვის.“ იგი გ. ლ-ს გამომუშავებული თანხის ნახევარს ურიცხავდა ტოტალიზატორ ,,ა-ს“ ანგარიშზე (ან მის მეუღლეს). თ-ს აეროპორტში მომუშავე ტაქსის მძღოლებისგან იცოდა, რომ გ. ლ-ა მოქმედებდა ,,კანონიერ ქურდ“ – ი. ყ-ს დავალებით. თ-ს აეროპორტში მიდიოდა ბ. ჟ-ი, რომელიც ტაქსის მძღოლებისგან აგროვებდა თანხას, ,,ქურდულ საერთოში“ შესატანად. გ. კ-მ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლად აეროპორტში მუშაობდა დ. გ-ი, გ. მ-ი, გ. ნ-ი და ო. ს-ი. აღნიშნულ პირებსაც მუშაობა დააწყებინა გ. ლ-მ, რომელებიც მას გამომუშავებული თანხის ნახევარს უხდიდნენ. მოწმე შეესწრო ფაქტს, როდესაც ბ. ჟ-ი და გ. თ-ე გ. ნ-ს სთხოვდნენ თანხას. გ. კ-მ განმარტა, რომ მის მსგავსად, ტაქსის მძღოლად მუშაობდნენ გ. მ-ი და დ. გ-ი, რომლებიც, აეროპორტში ბ. ჟ-ს არყოფნის შემთხვევაში, გ. ლ-ს თხოვნითა და მითითებით აგროვებდნენ თანხას ტაქსის მძღოლებისგან, შემდეგ კი გ. ლ-ს ურიცხავდნენ ანგარიშზე. მოწმემ დაადასტურა, რომ აეროპორტში მომუშავე ტაქსის მძღოლ – ნ. ჩ-ს პრობლემები შეექმნა ,,ქურდული საერთოში“ თანხის გადაუხდელობის თაობაზე.

23. მოწმე ო. ს-ს ჩვენებით,მას გ. კ-მ განუმარტა, რომ თუ სურვილს გამოთქვამდა თ-ს აეროპორტში ტაქსის მძღოლად ემუშავა, აღნიშნულს ,,ა-ა“ (გ. ლ-ა) უნდა დასთანხმებულიყო; ამასთან, გამომუშავებული თანხის ნახევარი უნდა გადაეხადა ,,ქურდულ ობშიაკში“. მან გ. მ-სა და გ. კ-გან გაიცნო ბ. ჟ-ი, რომელმაც აუხსნა, რომ იგი იყო ,,მაყურებელი“ და განაგებდა ტაქსის მძღოლების მუშაობას. ასევე განუცხადა, რომ იგი ჩართული იყო მხოლოდ თანხების მოგროვებაში, ხოლო აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო ,,ობშიაკისთვის“, რომელიც მიდიოდა „კანონიერ ქურდებთან“. მოწმე ბ. ჟ-ს გამომუშავებული თანხის ნახევარს უხდიდა. მოწმე შეესწრო ფაქტს, როდესაც სხვა ტაქსის მძღოლებიც ბ. ჟ-ს გადასცემდნენ თანხას. მან ბ. ჟ-გან შეიტყო, რომ თანხის ნაწილი მიდიოდა ,,ქურდულ ობშიაკში,“ ნაწილი – გ. ლ-თან (იგი კრიმინალური ავტორიტეტი იყო).

24. მოწმე დ. ს-მ განაცხადა, რომ პანდემიისას, მძღოლებმა მუშაობა შეწყვიტეს, ხოლო, დაახლოებით, 2021 წლის აპრილში განაახლეს, რა დროსაც ძველ ტაქსის მძღოლებს აეროპორტში დახვდნენ ახალი ტაქსის მძღოლები. ძველი ტაქსის მძღოლი თუ იმუშავებდა, გამომუშავებული თანხის ნახევარი ,,ქურდული საერთოსთვის“ უნდა გადაეხადა. დ. ს-მ სხვა ტაქსის მძღოლებისგან ასევე შეიტყო, რომ აეროპორტის ტაქსის მძღოლთა საქმიანობასა და მათგან თანხების შეკრებას ხელმძღვანელობდნენ – ,,ა-ა“ და ,,ბ-ა“. მოწმემ ნ. ჩ-ს თხოვნით, ის და დ. ს-ი ჩაიყვანა ქალაქ ტ-ში. მოწმემ მგზავრობისას ნ. ჩ-გან შეიტყო, რომ მან ,,კანონიერ ქურდ“ თ. ხ-ს დახმარების მიზნით მიმართა, რათა თ-ს აეროპორტში მუშაობა გაეგრძელებინა. ს-ში დაბრუნების შემდეგ ნ. ჩ-მ ცოტა ხნით იმუშავა; ამ დროს უთანხმოება მოუვიდა გ. მ-თან. ვითარების გასარკვევად, ნ. ჩ-ა და გ. მ-ი თანხმლებ პირებთან, მათ შორის, გ. ლ-თან ერთად, ს-ზე შეხვდნენ. გ. მ-მა და გ. ლ-მ ნ. ჩ-ს მოსთხოვეს, დროებით თავი შეეკავებინა აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობისაგან. გ. ლ-მ (,,ა-მ“) ნ. ჩ-ს განუმარტა, რომ ეს გადაწვეტილება ,,კანონიერმა ქურდმა“ მიიღო.

25. მოწმე ნ. ჩ-მ განაცხადა, რომ პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ძველი ტაქსის მძღოლებს უფლება არ ჰქონდათ, შესულიყვნენ დარბაზში და მგზავრებს დახვედროდნენ. მოწმემ გაიცნო ახალი ტაქსის მძღოლები: გ. მ-ი, დ. გ-ი და გ. კ-ე. ნ. ჩ-ა მის სიძესთან – დ. ს-სა და დ. ს-თან ერთად, ჩავიდა ტ-ში და შეხვდა ,,კანონიერ ქურდს“ – თ. ხ-ს, რომელსაც სთხოვა დახმარებოდა სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ს-ში დაბრუნების შემდეგ, ცოტა ხანი გააგრძელა მუშაობა თ-ს აეროპორტში, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო მალე თავი დაანება. ნ. ჩ-მ დაადასტურა, რომ მგზავრის თაობაზე გ. მ-თან (,,ბ-ა“) შელაპარაკდა. მოწმემ უარყო მის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს ნათქვამი სიტყვები და გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული პასუხები. მან აღნიშნა, რომ მისთვის მგზავრების მოფრენის დაბრაზში მუშაობა არავის აუკრძალავს.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გამოკვეთილია აეროპორტის ტერიტორიაზე თითოეული მსჯავრდებულის ქმედებები, მათი როლი თუ დანიშნულება. სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე (მათ შორის, ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზანზე) სააპელაციო პალატას გაცემული აქვს დასაბუთებული პასუხები, რომლებსაც საკასაციო პალატა აგრეთვე იზიარებს. სხვა არგუმენტზე კი, რომელიც უტყუარად გამოკვეთდა რომელიმე საკასაციო საჩივრის დაშვების კანონისმიერ საფუძველს, კასატორებს არ მიუთითებიათ.

27. გ. გ-თან მიმართებით (მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან – ,,ქურდული სამყაროს წევრობა,“ გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე – ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“), სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ გ. გ-ა არ წარმოადგენდა პირს, რომლის მატერიალურ კეთილდღეობასაც ემსახურებოდა ე.წ. ,,საერთოს“ შეგროვება; თუმცა, წარმოდგენილი მასალების შინაარსის ანალიზით იკვეთება იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები გაანალიზებულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში (მათ შორის ფაქტი, რომ გ. გ-ა ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებით, თ-ს საერთაშორისო აეროპორტში გ. ლ-ს ნდობით აღჭურვილი პირია და იგი საქმის კურსშია, ,,საერთოს“ შეგროვების მიზნით თანხის აგროვების შესახებ, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლები ვერ იმუშავებენ ამ სფეროში). ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე სხვა სახის არგუმენტზე/მტკიცებულებაზე, რომელიც გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე მიუთითებდა. პროკურორის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არარსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

28. გ. ლ-ს მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა დადასტურებულია მათ შორის – მოწმე პოლიციელების ჩვენებით, ჩხრეკის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით. პოლიციელების მხრიდან გ. ლ-თან მიმართებით, რაიმე სახის პირადი ინტერესი წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება; ამასთანვე, აღნიშნულზე არც საკასაციო საჩივარშია რაიმე სახის საფუძვლიანი არგუმენტი მითითებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ნაწილშიც ეთანხმება და იზიარებს.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020, ,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76);

30. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრებით არ გამოკვეთილა საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობა და ადვოკატებს, პროკურორს არ მიუთითებიათ რაიმე ისეთი სახის არგუმენტებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა.

31. დანაშაული, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია:

32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ. ლ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით, დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ მიიღო ზემოხსენებულ ეპიზოდებში გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, პროკურორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია არსებითად ახალ არგუმენტზე, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნამსჯელი არ აქვს. მტკიცებულებები, რომლებსაც მოიხმობს ბრალდების მხარე, სააპელაციო სასამართლოს მიმოხილული და სათანადოდ შეფასებული აქვს.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ბრალდების ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის ჩვენება, მოწმე ო. ს-სა და გ. კ-ს ჩვენებები, გამოთხოვილი ინფორმაციებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. გ. ლ-ს ტოტალიზატორში თამაშისას, გაცილებით მეტი თანხა აქვს წაგებული, ვიდრე განაღდებული. სს ,,ა-ს“ იურისტმა დ. დ-მ განაცხადა, რომ 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ჩარიცხული თანხიდან – 91 916 ლარიდან, სხვადასხვა თამაშში მონაწილეობით განაღდებულად ფიქსირდება – 37 658 ლარი, დანარჩენი თანხა კი, სხვადასხვა თამაშში დახარჯულად (წაგებად). ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გ. ლ-ა უკანონო გზით მოპოვებული თანხის ლეგალურ ბრუნვაში ჩართვას აპირებდა (ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ლ-ა სწორედ ,,ქურდული საერთოსათვის“ შეგროვილ თანხების ლეგალიზაციას ახორციელებდა). ამდენად, განსახილველ ნაწილშიც პროკურორის საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებათა ერთობლიობა.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

37. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანის, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს, მსჯავრდებულების – გ. მ-სა და დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-სა და გ. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. დ-სა და ჯ. კ-ს, მსჯავრდებულების – გ. ლ-სა და ბ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი