საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №53აპ-24 ქ. თბილისი
ც-ძე ს, 53აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილისა და მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
1.1. ს. ც-ე, - დაბადებული … წლის … თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს. ც-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 29 დეკემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 390 საათით.
1.3. გაუქმდა ს. ც-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ც-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2006 წლის ოქტომბრიდან ს. ც-ძე და გ. წ-ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში. თანაცხოვრებისას ს. ც-ძე გ. წ-ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ფსიქოლოგიურმა ძალადობამ სისტემატური ხასიათი მიიღო 2018 წლიდან და გრძელდებოდა 2020 წლის ზაფხულამდე. ამ პერიოდში თ-ში, ბ-ის ქუჩის №…-ში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ს. ც-ძე გ. წ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ს. ც-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ს. ც-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
7. დაზარალებულმა გ. წ-მა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ს. ც-ძე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას; ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით მუდმივად აკონტროლებდა; იმ შემთხევაში თუ ღამის საათებში ფიქსირდებოდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ან აქტიური იყო აპლიკაცია მესენჯერში, ურეკავდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ეუბნებოდა, რომ მშობელი დედა დაკავებული უნდა ყოფილიყო შვილების აღზრდით და არა სოციალური ქსელით. ამასთანავე, ტელეფონით აკონტროლებდა მის გადაადგილებას, სახლში მისვლის საათებს. დაზარალებულის განმარტებით, ს. ც-ძე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ამცირებდა, მიმართავდა სიტყვებით - „მახინჯი“, „დებილი“ და „სულელი“. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება გახშირდა მას შემდეგ, რაც ს. ც-ძე 2018 წელს დასავლეთ საქართველოდან თ-ში საცხოვრებლად დაბრუნდა. ს. ც-ძე მუდმივად, როგორც მარტო, ერთად ყოფნის დროს, ასევე სამი არასრულწლოვანი შვილისა და მეგობრების თანდასწრებით, უმეორებდა, რომ იყო „მახინჯი“, „დებილი“, „სულელი“, „უსაქმური“, „უუნარო“, უწოდებდა „ბოზს“, „ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოს“, აგინებდა, შთააგონებდა, რომ ვერასდროს შეძლებდა კარიერულ წინსვლას. დაზარალებულის განმარტებით, ს. ც-ძე მეუღლესთან ინტიმურ დეტალებსაც კი საჯაროდ ჰყვებოდა ეზოში მამაკაცებთან, რითაც ცდილობდა ქალის სახელის შელახვას, რაც კიდევ მეტად თრგუნავდა დაზარალებულს. მანვე აღნიშნა, რომ სისტემატური დამცირების ფონზე, დაკარგა თვითშეფასების უნარი, გახდა დეპრესიული, ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა, იმყოფებოდა მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, მართლაც მიიჩნევდა, რომ იყო „მახინჯი“, „სულელი“, „დებილი“, არ შეეძლო თვითრეალიზება და წარმატების მიღწევა. დაშორება არაერთხელ სცადა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შესწევდა, თან ს. ც-ძე აშანტაჟებდა თვითმკვლელობით.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია როგორც არასრულწლოვანი მოწმის - ნ. ც-ის, ისე ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა და ექსპერტის ჩვენებებთან, კერძოდ:
9. მოწმე ნ. ც-მ აღნიშნა, რომ მშობლებს წლების განმავლობაში ჰქონდათ კონფლიქტი ოჯახში, ჩხუბობდნენ სახლში, ავტომობილსა და სხვა ადგილებში, რასაც იგი და მისი ძმა ძალიან განიცდიდნენ. არასარულწლოვანი მოწმის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს მამა დედას მისი და ე-ს თანდასწრებით ხშირად იხსენიებდა სახელით „ფ-ო“, რაც არც მას და არც დედას არ სიამოვნებდა. მამას არაერთხელ სთხოვა დედასათვის აღარ დაეძახა ეს სახელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მამა არ ჩერდებოდა, რაც იწვევდა დედას გაღიზიანებას, ხედავდა დედას როგორ უცრემლიანდებოდა თვალები და გადიოდა. მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოწმე ნ. გ-ს ჩვენებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გ. წ-ნ აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა. დაზარალებული თითქმის ყოველდღიურად უყვებოდა მეუღლის მიერ ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს. მისთვის ცნობილია, რომ ს. ც-ძე გ. წ-ს მიმართავდა დამამცირებელი ისტყვებით - „შტერი“, „სულელი“. გარდა ამისა, ეჭვიანობდა უსაფძვლოდ, კითხულობდა გ. წ-ის მიმოწრებს, ასევე აკონტროლებდა მის გადაადგილებას. მოწმის განმარტებით, ს. ც-ძე გ. წ-ს ამცირებდა საჯარო სივრცეშიც, მათ შორის მისი თანდასწრებით. უფრო მეტიც, მოწმემ გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ს. ც-მ გ. წ-ი დაამცირა საჯაროდ კერძოდ, მისი მისამართით განაცხადა - „შეხედეთ რას ჰგავს, ამას რა უნდა მოსთხოვო, უტვინო, შტერი, ამას ხომ აზრი არ აქვს“. მანვე დაადასტურა, რომ მეგობრული შეკრებისას, ს. ც-ძე ვიდეოთვალით სისტემატურად ურეკავდა გ. წ-ს და ამგვარად არკვევდა მის ადგილსამყოფელს. მოწმის განმარტებით, მეუღლის მხრიდან სისტემატური დამცირების გამო გ. წ-ს დაუქვეითდა თვითშეფასების უნარი, ჩამოუყალიბდა არასრულფასოვნების კომპლექსი, ამასთანავე გახდა სევდიანი და ჩაკეტილი, ჰქონდა მძიმე სტრესული მდგომარეობით.
10. ის გარემოება, რომ ს. ც-ძე გარეშე პირთა თანდასწრებით შეურაცხყოფდა გ. წ-ს, დასტურდება მოწმეების - მ. გ-ს, ა. ფ-სა და მ. ვ-ის ჩვენებებით. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს კონკრეტული ფაქტების შესახებ, რა დროსაც ს. ც-მ მეუღლეს - გ. წ-ს, მათი თანდასწრებით, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართა. მოწმეების - ნ. მ-ის, თ. ნ-ს, ვ. გ-ისა და ქ. ტ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ როგორც მათთვის გ. წ-ან არის ცნობილი, მას მეუღლე სისტემატურად ამცირებდა, მიმართავდა შეუარცხმყოფელი სიტყვებით, ეჭვიანებოდა უსაფუძვლოდ და უკონტროლებდა სოციალურ სივრცეს. თითოეული მოწმე მიუთითებს, რომ მათ არაერთხელ უნახავთ გ. წ-ი დათრგუნული და დასტრესილი, რაც მეუღლის მხრიდან ჩადენილ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას უკავშირებდა.
11. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ავსებს და ადასტურებს სრულიად ნეიტრალური მოწმის, ფსიქოთერაპევტ თ. ნ-ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რა დროსაც მოწმემ აღნიშნა, რომ გ. წ-ი მასთან სესიაზე დადიოდა 2019 წლიდან. მოწმემ აღწერა დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც და აღნიშნა, რომ იგი იყო დემორალიზებული და განადგურებული; გ. წ-ი მეუღლის ქმედებების გამო თავს გრძნობდა დათრგუნულად, იყო დაჩაგრული და დამცირებული. ფსიქოთერაპევტის განმარტებით, გ. წ-ს აღენიშნებოდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აშკარად გამოხატული ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №… დასკვნის თანახმად, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გ. წ-მა ს. ც-ის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს ექსპერტების - ნ. წ-სა და მ. მ-ის მიერ გაცემულ ალტერნატიულ დასკვნაზე.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას ალტერნატიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნის შედეგები არ გამომდინარეობს ობიექტური მტკიცებულებების თუ გარემოებების სრულყოფილი ანალიზიდან. ექსპერტებს - ნ. წ-სა და მ. მ-ნს კლინიკურად არ შეუმოწმებიათ დაზარალებული გ. წ-ი, ასევე არ ჩაუტარებიათ ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა. ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, არ შეფასებულა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ ს. ც-ს მიერ გ. წ-ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და ძალადობის შედეგების თაობაზე. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გ. წ-ი ექსპერტებს არ შეუმოწმებიათ. ექსპერტმა მ. მ-მა ხაზი გაუსვა, რომ შესამოწმებელი პირის გამოკვლევა არის აუცილებელი კომპონენტი სრულყოფილი დასკვნის გასაცემად. გარდა ამისა, ექსპერტმა კატეგორიულად ვერ გამორიცხა გ. წ-ის ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა.
14. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ დაზარალებულ გ. წ-ის ჩვენება თანხვდენილია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებთან. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა დაზარალებული დაეკითხა მოწმის სახით ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში და მიეღო მისთვის სასურველ კითხვებზე პასუხები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ არ დასტურდება დაზარალებულის მხრიდან ს. ც-ის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება ან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენებების მიცემა და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. პირიქით, ცალსახად იკვეთება დაზარალებულის დამნდობი პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, დაზარალებულს არ სურს ს. ც-ის დასჯა ყველაზე მკაცრი სასჯელით.
15. რაც შეეხება არასრულწლოვან ე. ც-ის მიერ ჩვენების მიცემისას სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, ნათელია, რომ დედის და მამის ცალ-ცალკე ცხოვრებას განიცდის, რასთან დაკავშირებითაც აქვს პროტესტი დედის მიმართ. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ ცალსახაა, არასრულწლოვანი მოწმე ობიექტურად არ გადმოსცემდა დედისა და მამის თანაცხოვრებისას ოჯახში არსებულ ვითარებას და ე. ც-ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს.
16. დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ს. ც-ს მიერ მეუღლის მიმართ შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც არ შეიძლებოდა აღნიშნულს მისცემოდა სისტემატიურობის ხასიათი, რადგან ფაქტებს შორის არათუ დღეების და კვირების, არამედ თვეებისა და წლების შუალედი იყო, არ უნდა იქნეს გაზიარებული, კერძოდ:
17. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. რაც შეეხება დამცირებას, დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის, ისე მასთან ყოველდღიურ შემხებლობაში მყოფი პირების ჩვენებებით დასტურდება, რომ ს. ც-ძე ყოველდღიურად შეურაცხყოფდა გ. წ-ს, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, ასევე მუდმივად აკონტროლებდა მის ადგილსამყოფელს, სოციალურ სივრცეს. ასევე დადასტურებულია, რომ ს. ც-ს მხრიდან ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფონზე დაზარალებული რადიკალურად შეიცვალა, იყო დათრგუნული, გახდა ჩაკეტილი, სევდიანი, გულჩათხრობილი. მნიშვნელოვანია ნეიტრალური მოწმე ლ. დ-ას ჩვენებაც, რომელმაც დაადასტურა, რომ 2019 წლიდან იცნობს მეზობლად მცხოვრებ გ. წ-ს, რომელიც იყო ძალიან გულჩათხრობილი და სევდიანი; როგორც მოგვიანებით შეიტყო, აღნიშნულის მიზეზი იყო ს. ც-ის მიერ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობა. ყოველივე ერთობლიობაში უტყუარი ნიშანია, რომ გ. წ-ი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა ს. ც-ის ქმედებების გამო და დასჭირდა ფსიქოთერაპევტის დახმარებაც. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას და მიაჩნია, რომ დაზარალებულის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების, ძალადობის ინტენსივობის, გამოხატვის ფორმის, მსხვერპლის მდგომარეობის, მოძალადესთან მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ერთმნიშვნელოვნად დააკმაყოფილა „სისტემატურობისა“ და ფსიქოლოგიური ტანჯვის ყველა სავალდებულო ნიშანი და კრიტერიუმი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლისპოზიციას სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ს. ც-ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
20. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ც-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ს. ც-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლირებულად, რაც, ზოგადად, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილისა და მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი