Facebook Twitter

..საქმე #

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №83აპ-24 ქ. თბილისი

ს-ნი ე, 83აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით:

1.1. ე. ს-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 28 სექტემბრიდან.

1.2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ს-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა; მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ე. ს-მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით, 0.8233 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), საიდანაც 0.0033 გრამს ინახავდა ქ.თ-ში, ვ. ნ-ის ქუჩა N, ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო 0.82 გრამს - ქ.თ-ში, დ-ში, ი. პ-ს ქუჩა N… კორპუსის 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე კედლის ტიხრის გვერდით არსებულ ქვიშაში. 0.0033 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი 2022 წლის 28 სექტემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე. ს-ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის შედეგად, ხოლო 0.82 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 2022 წლის 28 სექტემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ქ.თ-ში, დ-ში, ი. პ-ის ქუჩა N.. კორპუსის 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე კედლის ტიხრის გვერდით არსებული ქვიშიდან, ე. ს-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად.

· ე. ს-მა შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და ქ.თ-ში, დ-ში, ი. პ-ის ქუჩა N.. კორპუსის 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე კედლის ტიხრის გვერდით არსებულ ქვიშაში ლოკაციაზე განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით, 0.82 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. მიუხედავად იმისა, რომ ე. ს-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2022 წლის 28 სექტემბერს მითითებული ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ქ.თ-ში, დ-ში, ი. პ-ის ქუჩა N… კორპუსის 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე კედლის ტიხრის გვერდით არსებული ქვიშიდან, ე. ს-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად.

· ე. ს-მა უკანონოდ შეიძინა საერთო წონით 19 გრამი გამომშრალი მარიხუანა, საიდანაც 15.4 გრამს, 2022 წლის 28 სექტემბერს, ინახავდა პირადად, ქ.თ-ში, გ-ის „ა“ მ/რაიონში, N..-ე კორპუსის 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე, 1.6 გრამს - ქ.თ-ში, გ-ის „ა“ მ/რაიონსი, N..-ე კორპუსის მე-4 სადარბაზოს მე-3 სართულზე ინტერნეტის კაბელების დამცავ პლასტმასში, ხოლო 2 გრამს ქ.თ-ში, გ-ის „ა“ მ/რაიონში, N..-ე კორპუსში, პირველი სადარბაზო, მე-2 სართულის ინტერნეტ კაბელის დამცავი პლასტმასის ხუფის ქვეშ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე. ს-ის პირადი ჩხრეკისა და მისი მითითებით ჩატარებული ამოღებების შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრისგანაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ე. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

3.3. ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 28 სექტემბრიდან.

3.4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ს-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება; მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ს-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ ე. ს-ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ის არ შეესაბამება საქმეში არსებული, საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული მსჯავრდებულისბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხულ ქმედებაში. ეს მტკიცებულებებია მოწმეების - ლ. გ-ის, ზ. რ-ის, გ. ჩ-ის, თ. კ-სა და სხვათა ჩვენებები, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ნარკოლოგიური შემოწმების N… დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №… დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N… დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ე. ს-ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების ფაქტი, კერძოდ: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მეორე ოპერატიული განყოფილების დეტექტივ ე. ო-ის პატაკითა და მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2022 წლის 28 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე. ს-ნი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციით, ე. ს-ნი იმყოფებოდა ქ. თ-ში, გ-ის ,,..“ მ/რაიონის N…-ის მ/ტერიტორიაზე, რა დროსაც თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ინახავს როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ ბინაში, რაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას; აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც ე. ს-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ე. ს-ის ე.წ. ,,მანჟეტიანი“ შარვლის ტოტებიდან ამოიღეს ოთხ-ოთხ ცალად დაფასოებული, შავ წებოვან ლენტში შეხვეული ფუთები, ასევე პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი; ამასთან ოქმზე მსჯავრდებულის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები არის მარიხუანა, რომლის განთავსება სურდა სხვადასხვა ადგილას გასაღების მიზნით. გასაღების მიზნით სახლში აქვს კოკაინი და ასევე ნარკოტიკები აქვს დალაგებული ლოკაციებზე; იმავე დღეს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამომძიებელმა ლ. გ-მა ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებლები - ზ. რ-ი, გ. ჩ-ე, თ. კ-ი, ასევე თავად ე. ს-ნი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ე. ს-ის მითითებით, აღმოაჩინეს შავი ფერის წებოვან ლენტში შეხვეული ,,ზიპშესაკრავიანი“ პოლიეთილენის პარკში არსებული მცენარეული მასა; კედლის ტიხრის გვერდით იატაკზე ქვიშაში დამალული შავი ფერის წებოვან ლენტში შეხვეული გამჭვირვალე ,,ზიპშესაკრავიანი“ პოლიეთილენის პარკში, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება. ოქმის მიხედვით, ექსპერიმენტის დროს გამოყენებულია მობილური ტელეფონი, რომლითაც გადაღებულია ფოტოები, რაც დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. ასევე ჩატარდა ე. ს-ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოში, კედელში არსებული სათავსოს მე-2 თაროზე წიგნიდან ამოიღეს ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო საძინებლის ფანჯრის რაფიდან ამოიღეს ელექტროსასწორი, ,,ზეპშესაკრავიანი“ ცარიელი პაკეტები და წებოვანი ლენტები. ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერებები იყო ნარკოტიკული საშუალებები ,,გამომშრალი მარიხუანა“ 19 გრამის ოდენობით და ,,კოკაინი“ 0,8233 გრამის ოდენობით, ასევე - ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ 0,82 გრამის ოდენობით დადასტურდა ქიმიური ექსპერტიზის N… დასკვნით; ზემოაღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მსჯავრდებულთან კავშირი და კუთვნილება დადასტურებულია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №… დასკვნით, რომლის მიხედვითაც: - პაკეტში, წარწერით: „... შესაფუთი მასალა...“, მოთავსებულ საიზოლაციო ლენტის ფრაგმენტზე (ობ. N1,4,6,8) და გამჭვირვალე თვითმკეტ პარკებზე (ობ.2,3,5,10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N1,4,6,8-ის მაჟორული წილი და ობ.N3-ის ერთი წილი ეკუთვნის ე. ს-ს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მიზანი გამყარებულია 2023 წლის 28 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, ფოლდერში „Chat” ნანახი იქნა მომხმარებელ „d-o”-სთან მიმოწერა, რომლის შინაარსი შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების განთავსებას სხვადასხვა ლოკაციებზე და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნას, ნარკოტიკების ფასებს, განთავსების ადგილებს და აღნიშნულ ქმედებაზე გასამრჯელოს მიღებას. ასევე მიმოწერაში ფიქსირდება ფოტომასალა, სადაც დატანილია კოორდინატები და მონიშნულია სამალავები. დათვალიერებისას ინახა ვიდეო, სადაც მამაკაცი ელექტროსასწორზე წონის მოთეთრო ნივთიერებას, რაც მახასიათებლით ჰგავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს.

10. საკასაციო სასამართლო ადვოკატ ზ. დ-ას მიერ ბრალდების მხარის მოწმეების, კერძოდ, პოლიციელების ჩვენებებთან დაკავშირებით განვითარებულ მსჯელობაზე მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა, გამომძიებლებმა - ლ. გ-მა, ზ. რ-მა, გ. ჩ-მ და თ. კ-მა დაადასტურეს მათი მონაწილეობითა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებისა და მათში მითითებული გარემოებების სისწორე, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ მათი შემადგენლობით შესაბამისი ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლისა და იქ განვითარებული მოვლენები; ასევე მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, ნარკოტიკული საშუალებების ამოღებასა და ე. ს-ის დაკავებასთან დაკავშირებით პროცედურები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხასიათის ცდომილებები/უზუსტობები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც სასამართლოს მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ წერილობით (შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით) და ნივთიერ მტკიცებულებებსა და ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს; პირიქით, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დადგენილ გარემოებებთან სრულად თანხვდენილი.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. ს-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში.

12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი