საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №85აპ-24 ქ. თბილისი
გ-ძე ა, 85აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. თ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. ა. გ-ძე, - დაბადებული … წლის … სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 17 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში, ხ-ას უბანში, მდინარეების - ბ-სა და დ-ს შესართავთან, ა. გ-მ თანნაქონი გლუვლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით, გაისროლა გაუფრთხილებლობით, რითაც რამდენიმე მეტრში მყოფ გ. კ-ს გულმკერდის არეში მიაყენა მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. თ-მ და გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის გამართლება; ასევე საოქმო განჩინების გაუქმება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ ოქმი, მოწმეების - მ. გ-ის, რ. გ-ის, ლ. ს-ის, რ. შ-ის, გ. გ-ის, გ. ჯ-ის, გ. კ-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დამატებით დათვალიერების ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები – უტყუარად ადასტურებენ ა. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
7. ა. გ-ძე დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, სასამართლოში საქმის განხილვისას მან აღიარა ქმედების ჩადენის ფაქტი, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გ. კ-ის გარდაცვალება გამოიწვია ა. გ-ის მიერ სანადირო თოფიდან გასროლამ. სადავოა ის გარემოება, მოცემული ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც თავად მსჯავრდებულის, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით უდავოდ დადგენილია, რომ ა. გ-ს წლების განმავლობაში (დაახლოებით 8-10 წელია) ქ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში (სადაც დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი) ჰქონდა მეურნეობა - მოშენებული ჰყავდა ფუტკარი, ჰქონდა კოტეჯი და პერიოდულად ცხოვრობდა იქ, რადგან ფუტკრების მეურნეობას სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა. შემთხვევის ადგილი კი მდებარეობს ა. გ-ს სახლიდან 250 მეტრში. ამდენად, ა. გ-ის კარგად იყო ცნობილი დანაშაულებრივი შემთხვევის ადგილიცა და მისი შემოგარენი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში ა. გ-ს მეურნეობა და კოტეჯი არ იყო ერთადერთი და იქვე ცხოვრობდა და მეურნეობა ჰქონდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გ. ჯ-ს და შ. გ-ს. შესაბამისად, ნათელია, რომ მითითებული ადგილი არ იყო უკაცრიელი, დაუსახლებელი და იქ ნებისმიერ მონაკვეთში და, მითუფრო, წყაროზე ყოველთვის არსებობდა ადამიანის გამოჩენის გონივრული მოლოდინი.
10. დადგენილია, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა და გვამი აღმოჩენილია წყაროს წყლიდან მოპირდაპირედ დასავლეთ მხარეს, 18 მეტრში, საავტომობილო გზის გვერდულზე მარცხენა მხარეს, სადაც გადის ფეხით სასიარულო ბილიკი. გვამი ესვენა აღნიშნული სავალი გზიდან დაახლოებით 4 მეტრის დაშორებით. გასროლილი მასრა აღმოჩნდა გვამიდან დაახლოებით 7-8 მეტრში გზის სავალი ნაწილის კიდეზე. ამასთან, ა. გ-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ წყარომდე მიდის სოფლის მიწაყრილიანი გზა, წყაროსთან მისვლამდე დაახლოებით ოც მეტრში ბრალდებული შეჩერდა იქვე არსებულ გზაგამყოფთან, სადაც მეორე გზა ჩადის მდინარის მიმართულებით და თანნაქონი სანადირო თოფიდან გაისროლა წყაროს მიმართულებით, ძირს დახრილ მდგომარეობაში და არა - თოფის მაღლა ჰაერში მიმართვით. მეორედ გაისროლა მდინარისკენ ჩამავალი გზის მიმართულებით მისგან დაახლოებით სამი მეტრი დაშორებით არსებული ობიექტისაკენ.
11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ რამდენადაც ა. გ-ძე იმყოფებოდა ადამიანტა საცხოვრებელ და სამოძრაო ზონაში, ამავდროულად უშუალოდ შემთხვევას ადგილი ჰქონდა წყაროს წყლის მიდამოებში, საავტომობილი გზის გვერდულზე, ა. გ-ს აუცილებლად უნდა ევარაუდა მითითებულ მიდამოში ადამიანის გამოჩენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მას გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ამდენად, მან თავისი ქმედებით დაარღვია წინდახედულობის ნორმა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნის თანახმად, სწორედ მისი ქმედებაა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - გ. კ-ის გარდაცვალებასთან. როდესაც ადამიანი იყენებს სიცოცხლისათვის საშიშ ისეთი სახის იარაღს როგორიც სანადირო თოფია და მას დამიზნებით ესვრის ობიექტს, ევალება ,,ასჯერ გაზომოს“. ასეთი სიფრთხილის არგამოჩენის შემთხვევაში კი ადგილი აქვს წინდახედულობის ნორმის დარღვევას, რომელიც შესაბამისი შედეგის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე –სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ ა. გ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, შემამსუბუქებელ გარემოებებს (მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, ქმედების ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში ბრალის აღიარებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მასთან პრეტენზია არ გააჩია, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ა. გ-ს დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
14. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე, შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გამოვლენილა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის რაიმე დამატებითი სახის არგუმენტზე ხსენებულ საოქმო განჩინებებთან მიმართებით. შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. თ-სა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი