საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №89აპ-24 ქ. თბილისი
ნ-ძე დ, 89აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიასა და მსჯავრდებულ დ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. თ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ნ-ს, - დაბადებულს … წლის … ივლისს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. გ-ში ტ-ს ქ. N…-ში მდებარე პურის საცხობის შენობაში, დ. ნ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. წ-ს, კერძოდ, ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. გ-ში, ტ-ის ქ. N..-ში მდებარე პურის საცხობის შენობაში, დ. ნ-ძე, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ. წ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ხელჩანთას, სამკაულებს, კერძოდ, საყურესა და ყელსაბამს, ასევე - ფულად თანხას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 3929 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით:
2.1. დ. ნ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა დ. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. გამართლებულ დ. ნ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტისგანაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. დ. ნ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. დ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.
3.4. დ. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
4. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ დ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. თ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ. ნ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს დ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო მსჯავრდებულ დ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. თ-ი - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მის უდანაშაულოდ ცნობას.
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას დ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - ჩხრეკის ოქმი, რომელიც გამყარებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას დ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ნ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენა.
9. დაზარალებულმა თ. წ-მა ჩვენება არ მისცა სასამართლოს.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაული არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, დანაშაული ძირითადად ხდება სახლში და შესაბამისად, დაზარალებულიც და ხშირ შემთხვევაში, მოწმეებიც ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მათ ახლო ნათესავს. ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის, დაზარალებული ან/და მოწმე შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს.
11. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის, კერძოდ, დაზარალებულმა თამარ წიწიკაშვილმა თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტსა და შემთხვევის ადგილის, მათ შორის - სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერებაში, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და დაზარალებულის უფლებების განმარტებას. ამასთან, საქმეში არსებულ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ დაზარალებულს მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება ჩალურჯება, რაც, თავის მხრივ, შეესაბამება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნას, რომლის მიხედვითაც თ. წ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს.
12. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენას, აღნიშნული შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.
13. რაც შეეხება სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს - გ. პ-ს, ა. დ-სა და ვ. ო-ს, მართალია, ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრეები არ არიან, თუმცა მათ სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ სწორედ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მასთან და ჩაატარეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიასა და მსჯავრდებულ დ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი