Facebook Twitter

.საქმე #

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №90აპ-24 ქ. თბილისი

გ-ი მ, 90აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:

1.1. მ. გ-ი, - დაბადებული … წლის … აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. მ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2023 წლის 2 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 26 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

1.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. გ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 22 აპრილს, ღამის საათებში, თ-ი, გ-ის ქუჩის N…-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. გ-მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. გ-ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 აგვისტოსგანაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. გ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ მ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. გ-ის მიერ მსჯავრადშერაცხული - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები - დაზარალებულ ა. გ-ის გამოკითხვის ოქმი, შეტყობინება, 2023 წლის 22 აპრილს ა. გ-ის მიერ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების დათვალიერების ოქმი, ა. გ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, N…. შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

8. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი არის სწორედ ის, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე №455აპ-18).

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. გ-მა აღარ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი; საკასაციო საჩივრითაც ადვოკატი თ. კ-ა ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, თუმცა პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მ. გ-ის მიერ ა. გ-ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

10. აღიარებითი ჩვენება, თუ ის არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. ოჯახური დანაშაულის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ა. გ-მ, გამოძიებაში ჩვენების მიცემისას, თანმიმდევრულად აღწერა 2023 წლის 22 აპრილს განვითარებული მოვლენები. მან დამაჯერებლად ისაუბრა როგორც მ. გ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის - სახეში ხელის ორჯერ დარტყმის, ისე ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილთან დაკავშირებით. ა. გ-მ გამოკითხვისას ასევე მიუთითა მ. გ-ს გენდერული დისკრიმინაციისკენ მიდრეკილებებზე და გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი უკრძალავდა მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობას; იმაშიც კი ერეოდა, რა უნდა ჩაეცვა, კატეგორიულად უკრძალავდა მაკიაჟის გაკეთებას და მოკლე კაბის ჩაცმას. ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება და მოითხოვდა, მის სიტყვას უსიტყვოდ დამორჩილებოდა. სწორედ აღნიშნული დამოკიდებულება გახდა ძალადობის საფუძველიც. ის ფაქტი, რომ ა. გ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, მ. გ-ნ კონფლიქტი ამოწურულია და მხარს უჭერს მის გათავისუფლებას პატიმრობიდან, რადგან იგი და მისი მცირეწლოვანი შვილები დარჩნენ მარჩენალის გარეშე, არ გამორიცხავს დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ეჭვქვეშ არ აყენებს მის ჩვენებას.

12. დაზარალებულ ა. გ-ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება შეტყობინებას, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ასევე - შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 22 აპრილს ა. გ-მ დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში, ოპერატორს შეატყობინა მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, ითხოვა დახმარება და განაცხადა, რომ მეუღლემ ხელი დაარტყა.

13. საქმეში წარმოდგენილია სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელიც ავსებენ დაზარალებულის ჩვენებას. მათ შორისაა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც დაზარალებული დეტალურად და დაწვრილებით აღწერს იმ ვითარებას, რა დროსაც იგი გახდა მ. გ-ის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და ტკივილის განცდის თაობაზე საუბარია შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმშიც, რაც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნულია, რომ მ. გ-ი ა. გ-ს უკრძალავს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, მაკიაჟის გაკეთებას, უკონტროლებს ჩაცმის სტილს. ამდენად, დაზარალებულ ა. გ-ის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციის სისწორეში დაეჭვების საფუძველს არ იძლევა საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება, ვინაიდან ისინი სრულადაა თანხვდენილი ერთმანეთთან.

14. რაც შეეხება კასატორის აპელირებას გ. ჯ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაზეც მიუთითა დაზარალებულმა ა. გ-მ, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, მტკიცებულებად ვერ შეფასდება ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მტკიცებულებათა ნუსხაში არ არის მითითებული გ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმი და დასახელებული მოწმე ბრალდების მხარეს არც დასაკითხ პირთა ნუსხაში ჰყავდა შეყვანილი.

15. მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ თ. კ-ს არგუმენტებს, რომლის თანახმად, მ. გ-ი ვერ აცნობიერებდა შედეგს, რაც დასტურდება მისივე პოზიციით - პირობითი სასჯელის მოთხოვნის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ. გ-ს განემარტა მტკიცებულებების უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. გარდა ამისა, მ. გ-ი პირველად არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული და მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რას გულისხმობდა პრეიუდიცია. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მას არ უსარგებლია დამცველის ყოლის უფლებით, თუმცა, სასამართლოსათვის არ უთხოვია არც გ. ჯ-ის დაკითხვა და არც დამატებითი განმარტებების მიცემა. ასევე, გაურკვეველია, თუ რატომ ცნობდა თავს დამნაშავედ, რატომ შეთანხმდა მხარესთან უდავო მტკიცებულებებზე ან რატომ ითხოვდა პირობითი მსჯავრის გამოყენებას მაშინ, როდესაც დაცვის მხარისავე განმარტებით, მას დანაშაული საერთოდ არ ჰქონდა ჩადენილი.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების მიმართ გამოხატული პოზიციის ცვლილება ვერ გახდება მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მ. გ-ის განმარტებების უპირობოდ გაზიარების საფუძველი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა შინაარსობრივი მხარე სადავო არ გამხდარა, სასამართლოს არ გააჩნია რაიმე მიზეზი დაზარალებულის ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის თაობაზე. პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები, როგორც შეტყობინება, დაზარალებულ ა. გ-ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სასამართლოს შეეძლო მოეხდინა პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტების უარყოფა, თუ ეს ფაქტი შეეწინააღმდეგებოდა სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებს, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო არ დადგენილა.

17. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს მ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ისეთ ნიშანზეც, როგორიცაა ფიზიკური ტკივილის შეგრძნება. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის მთავარი ნიშნის - ტკივილის განცდის არსებობა დაადასტურა უშუალოდ დაზარალებულმა ა. გ-მ, რომელმაც გამოკითხვისას განაცხადა, რომ სახის არეში ხელის ორჯერ ძლიერად დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ანალოგიურია მითითებული შემაკავებელ ორდერსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმშიც.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი