საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №127აპ-24 ქ. თბილისი
ს-ი ნ, 127აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ქ-ს, - დაბადებულს .. წლის … იანვარს, და ნ. ს-ს, - დაბადებულს … წლის .. თებერვალს, - ბრალად ედებათ გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· შპს „არასახელმწიფო საერო სკოლა „ა-ის“ დირექტორის - ა. ჯ-ის 2014 წლის 1 სექტემბრის №1/01-30 ბრძანებით, ვ. ქ-ი დაინიშნა ამავე სკოლის სპორტის პედაგოგად და წარმოადგენდა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს. 2019 წლის 24 მაისს, XI2 კლასის აღმზრდელმა - ნ. ს-მა, 26 მაისს დაგეგმილი სასკოლო ექსკურსიის (მარშრუტით: თ-სი - ლ-ხი - თ-ი) ჩატარებაზე ნებართვის მისაღებად, განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ ექსკურსიას უხელმძღვანელებდა თვითონ, რაშიც ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ პედაგოგები - ვ. ქ-ი, ი. მ-ი, ნ. ა-ძე, პ. გ-ძე და ექიმი დ. ღ-ძე. წარდგენილ განცხადებაზე დირექტორის თანხმობის მიღების შემდგომ, 2020 წლის 26 მაისს, არასახელმწიფო საერო სკოლა „ა-ის“ XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ. ს-ის ხელმძღვანელობით, პედაგოგების - ვ. ქ-ის, ი. მ-სა და ექიმ დ. ღ-ის შემადგენლობით, საერო სკოლა „ა-ის“ კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე ნაკრძალში, „ნ-ის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სასკოლო ექსკურსიის დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, ვ. ქ-ის ნაკრძალის რეინჯერის პირადი შეტყობინების საფუძველზე, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულისა და მდინარის ადიდების, ასევე ჩანჩქერზე არსებული სახიფათო მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. მისთვის ცნობილი იყო ასევე ის გარემოება, რომ ს. ნ-ი სხვა ბავშვებთან ერთად აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერზე შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო სკოლა „ა-ის“ მიერ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი და როგორც პედაგოგი, ვალდებული იყო ეზრუნა ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოებაზე, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება. იგი პირადად გაუძღვა სკოლის მოსწავლეებს „ნ-ის“ ჩანჩქერის მიმართულებით, სადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ადიდებული მდინარე გამოირჩეოდა სწრაფი დინებით. გამოჩენილი გულგრილობისა და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფით, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი ვ. ქ-ი, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის მიცემით ს. ნ-ის, რომ მდინარეში არ შესულიყო. აღნიშნულის გამო, მდინარეში შესვლის შედეგად, ს. ნ-ი გაიტაცა სწრაფმა დინებამ და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
· შპს „არასახელმწიფო საერო სკოლა „ა-ის“ დირექტორის - ა. ჯ-ის 2014 წლის 1 სექტემბრის №1/01-41 ბრძანებით, ნ. ს-ი დაინიშნა ამავე სკოლის VII2 კლასის აღმზრდელად, სადაც ირიცხებოდა 18 მოსწავლე, მათ შორის 29.01.2003 წელს დაბადებული ს. ნ-ი. 2019 წლის 24 მაისს, XI2 კლასის აღმზრდელმა ნ. ს-მა, 26 მაისს დაგეგმილი სასკოლო ექსკურსიის (მარშრუტით: თ-ი - ლ-ხი - თ-სი) ჩატარებაზე ნებართვის მისაღებად, განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ ექსკურსიას უხელმძღვანელებდა თვითონ, რაშიც ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ პედაგოგები - ვ. ქ-ი, ი. მ-ი, ნ. ა-ძე, პ. გ-ძე და ექიმი დ. ღ-ე. ნ. ს-ის მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორმა გამოსცა შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ. ს-ს. დირექტორის თანხმობის მიღების შემდგომ, 2019 წლის 26 მაისს, არასახელმწიფო საერო სკოლა „ა-ის“ XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ. ს-ის ხელმძღვანელობით, პედაგოგების - ვ. ქ-ის, ი. მ-ის და ექიმ დ. ღ-ს შემადგენლობით, საერო სკოლა „ა-ის“ კუთვნილი მიკროავტობუსით, გაემართნენ ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე ნაკრძალში, „ნ-ის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სასკოლო ექსკურსიის დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ს-ის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა „ა-ის“ სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ ს. ნ-ი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერზე შესვლას, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება. ისე, რომ თავად არ ავიდა ჩანჩქერის ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები აპირებდნენ ასვლას, სკოლის მოსწავლეებს დართო ნება სვლა გაეგრძელებინათ „ნ-ის“ ჩანჩქერის მიმართულებით, სადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ადიდებული მდინარე გამოირჩეოდა სწრაფი დინებით. გამოჩენილი გულგრილობისა და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ს. ნ-ი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ვ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა ვ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. პ-ის (პ/ნ …) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (თ-ი, ც. დ.ის ქ. .. N…, მე-4 სართული, ბინა N…, საკადასტრო კოდი №…, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2425.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 27, შენობა-ნაგებობები: N1 N2 N3 N4 N5 N6 N7 N8 N9), რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 121 955 ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2.3. ვ. ქ-ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2.4. ნ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
2.5. ნ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:
· ვ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება; ასევე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
· ნ. ს-ის - სასჯელის დამძიმება; ასევე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
4.1. მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ნ. ს-ის გამართლება.
4.2. მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ შესაგებლით მოითხოვა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ვ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ ადგენს ბრალდებულის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ნ. ს-ის მიერ წინდახედულების ნორმების დარღვევაზე და იმ ფაქტზე, რომ მან გამოიჩინა გულგრილობა, რასაც შედეგად მოჰყვა არასრულწლოვან ს. ნ-ს სიცოცხლის მოსპობა. კანონისმოთხოვნათა სრულიდაცვით, სრულყოფილადდაობიექტურადგამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ნ. ს-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ესენია: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს. ნ-ის ჩვენება, მოწმეების - ლ. ბ-ი-ნ-ის, ა. ა-ის, ს. ო-ს, ლ. ჩ-ის, მ. მ-ს, რ. ო-ს, ი. მ-ის, რ. ბ-ის, გ. ქ-ას, ა. ს-ის, ა. ჯ-ისა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ნ. ს-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილიგურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი