საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №148აპ-24 ქ. თბილისი
ს-ე ა, 148აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ-ის, თ. ს-სა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით:
1.1. მ. დ-ია, - დაბადებული …. წლის … თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, რაც დაკავშირებულია ბავშვებს აღზრდა-მომსახურებასთან. მ. დ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 18 ივნისიდან.
1.2. ა. ს-ძე, - დაბადებული .. წლის … მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, რაც დაკავშირებულია ბავშვებს აღზრდა-მომსახურებასთან. ა. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 18 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-მ და ა. ს-მ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თ-ში, დ-ში, მ. მ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №…-ში, ა. ს-ძე და მ. დ-ია ჯგუფურად, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ შვილს - ვ. დ-ს (დაბ: … წელს) სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და ხანგრძლივად ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე შვილის დასჯის მიზნით, კერძოდ, უკრავდნენ ხელებს და ფეხებს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდნენ ოთახის კუთხეში, ასევე უწყვეტად, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და უკრძალავდნენ საწოლიდან ადგომას, გაცხელებული დანითა და გაზქურაზე ანთებული ცეცხლით დაუწვეს ხელის კიდური და მტევანი; ამავდროულად, სისტემატურად ურტყამდნენ გაშლილ ხელს სხეულის, სახისა და თავის არეში. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია არასრულწლოვან ვ. დ-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ-მ, თ. ს-მ და ნ. თ-მა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრისგანაჩენის გაუქმება და ა. ს-ის გამართლება. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ა. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ. დ-ას ჩვენებით, მოწმეების - დ. ხ-ს, ნ. ი-ის, ა. ლ-ს, ხ. ხ-ს, ნ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის 2021 წლის 7 ივლისის NICHD სტრუქტურირებული პროტოკოლით ბავშვის გამოკითხვით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..., სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №…, კომპიუტერული ექსპერტიზის №… დასკვნებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №… დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
8. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ვ. დ-მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჰყავს დედა - მ, მამა - ა-ე და პატარა ძმა - დ-რე. დედასა და მამასთან ცხოვრებისას ისინი ცუდად ექცეოდნენ - წვავდნენ და ურტყამდნენ. იმის გამო, რომ ძალიან შიოდა და საჭმელი მოიპარა, დედამ გაზი აანთო, დანა გააცხელა და გაცხელებული დანა მარჯვენა ხელზე წაუსვა (ხელით მიუთითა მიდამოები), რის შედეგადაც „თითქოს ამეძრო“, ხოლო მამა სახლში რომ დაბრუნდა, ჰაერში ააგდო და ძირს დააგდო. ბავშვის განმარტებით, ძალიან შიოდა ხოლმე, ეუბნებოდა, რომ შიოდა, მაგრამ მაინც არ აჭმევდნენ. დედამ რომ დაწვა, მაგრად იტირა და არავინ უშველა. დედა ამ დროს სურათებს უღებდა, უნდოდა რომ მამისთვის გაეგზავნა. მისივე განმარტებით, ქამრით სცემდნენ და კუთხეში აბამდნენ ხოლმე. ასევე, შეკრული ხელებითა (უკან) და ფეხებით კუთხეში იდგა ხოლმე. არსად წასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. სცემდნენ იმის გამო, რომ იღლებოდა და წვებოდა. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მამა იყო ძალიან გაბრაზებული, მისი ეშინოდა, საპირფარეშოში ვერ შევიდა და ამის გამო „ჩაისვარა“. შემდეგ დედამ ცივ წყალში აბანავა, ხოლო მამამ ქამრითა და რაღაცეებით სცემა, თან ძირს დააგდო და სახეზე ფეხს აბიჯებდა. რამეს რომ დააშავებდა, მამა მთელი დღის განმავლობაში საწოლიდან ადგომის საშუალებას არ აძლევდა. ბავშვმა ასევე გაიხსენა შემთხვევები, როდესაც უკან შეკრული ხელებითა და ასევე შეკრული ფეხებით კუთხეში იდგა და პირში ჰქონდა ჭუჭყიანი წინდა; ასევე, როდესაც დედა, მამა და დემეტრე დიდი ხნით მიდიოდნენ სახლიდან და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნის ეშინოდა, თვითონ დიდი ხნით მარტო რჩებოდა სახლში. ბავშვმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც იატაკზე აძინებდნენ და, მართალია, მშობლებს სთხოვდა, რომ საწოლზე დაეწვინათ, მაგრამ არ აწვენდნენ, რადგან მამამ დედას უთხრა, არ დაეწვინა. ასევე, ერთხელ დედამ თოკით მიაბა კარზე და ვერსად მიდიოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატის კითვაზე: „- დედიკო ამ დროს გეთამაშებოდა ხო, ჩვენი ცუგა ხარო?“, - ბავშვმა ცალსახად და კატეგორიულად უპასუხა, „არა, ეგრე არ მეთამაშებოდა“. მან ისაუბრა აგრეთვე დედისა და მამის მხრიდან „ცუდი სიტყვებით“ მიმართვაზე და აღნიშნა, რომ მამა „ნაბიჭვარს“ ეძახდა, ხოლო დედა - „ნაბიჭვარს“ და „ბოზს“. არც დედა და არც მამა არ შველოდა, მაგრამ შემდეგ „სამსახურებიდან მოვიდნენ“ და დაეხმარნენ. ახლა კარგად არის.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ვ. დ-ას ჩვენება სრულად შეესაბამება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის 2021 წლის 7 ივლისის NICHD სტრუქტურირებული პროტოკოლით ბავშვის გამოკითხვის ოქმს. სოციალურმა მუშაკმა - დ. ხ-მ დაადასტურა გამოკითხვის ოქმი და აღნიშნა, რომ ვ. დ-ას გამოკითხვა ჩატარდა ბავშვებზე მორგებულ გარემოში, ბავშვებზე მორგებული ღია ტიპის შეკითხვებით და განხორციელდა გამოკითხვის აუდიო და ვიდეო ჩაწერა. მოწმეების - ნ. ი-ის, ა. ლ-ის, ხ. ხ-ას ჩვენებებით, ნ. ი-ის, ა. ლ-სა და ხ. ხ-ას მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ მ. დ-ია და ა. ს-ე არასრულწლოვან ვ. დ-ას დაშინებისა და დასჯის მიზნით ხშირად სცემდნენ, აყენებდნენ კუთხეში, უკრავდნენ ხელებს და ფეხებს; იმის გამო, რომ ვ. დ-მ მშობლების ნებართვის გარეშე საჭმელი შეჭამა მას გაზზე გაცხელებული დანით მიაყენეს დამწვრობები. სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნით, ვ. დ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, სისხლნაჟღენთებისა და ნაწიბურების სახით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნის თანახმად, ვ. დ-მ დედისა და მამის მხრიდან ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N… დასკვნით, ა. ს-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათსა და ასევე „IMG-20210212-WA0000“, „IMG-20210212-WA0001“, „Screenshot_2021-02-10-11-45-30-842_com.viber.voip“, „Screenshot_2021-02-10-11-4726.010 com viber, voip“, „Screenshot_2021-02-12-17-36-33-430_com.miui.gallery ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება და იდენტურია ვ. დ-ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებისა. ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით უტყუარად დადასტურებულია რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ა. ს-ძე და მ. დ-ა ჯგუფურად, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ შვილს - ვ. დ-ას სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას მისი დასჯის მიზნით. მათმა ქმედებებმა გამოიწვია არასრულწლოვან ვ. დ-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. საწინააღმდეგო გარემოების არსებობა, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ ზემოთაღნიშნულ გარემოებებს, არ დასტურდება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მსჯელობა არასრულწლოვან დაზარალებულ ვ. დ-ს ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. არასრულწლოვან დაზარალებულ ვ. დ-ს ჩვენება თანმიმდევრულია კონფლიქტის დაწყების მიზეზის, განვითარებისა და ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით, არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მის სანდოობასთან დაკავშირებით.
11. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება წარიმართა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რითაც დაარღვია როგორც მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვანი მოწმე ვ. დ-ია დაიკითხა კანონის დარღვევით, ვინაიდან პროცესს არ ესწრებოდა მსჯავრდებული ა. ს-ძე, ასევე არასრულწლოვნის დაკითხვის დროს სხდომის დარბაზიდან გაყვანილ იქნა არასრულწლოვნის დედა, დაკითხვა წარიმართა იმ ფსიქოლოგის მონაწილეობით, რომელიც აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იყო დაკითხული, ასევე მოწმის დაკითხვის საპროცესო დარღვევევით ჩატარების გამო მისი დაკითხვა უნდა მომხდარიყო ხელახლა სააპელაციო პალატაში.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვ. დ-ს ხელახლა სააპელაციო სხდომაზე დაკითხვასთან დაკავშირებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სააპელაციო პალატამ იმსჯელა საოქმო განჩინებით და დაცვის მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვან ვ. დ-ს დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან მსჯავრდებულების თანდასწრებით სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი მოწმის არდაკითხვასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენით განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს ბრალდებულის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის, ერთ-ერთია ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანა, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა. აქვე საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვა დაკითხვის წესს. აღნიშნული მუხლის მე-11 ნაწილი იმპერატიულად განმარტავს, რომ ოჯახურ დანაშაულთან, ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. გამომდინარე აქედან, იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი მოწმის სასამართლოში დაკითხვას სრულად ესწრებოდნენ მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები და ისინი სრულად იყვნენ ჩართული დაზარალებულის დაკითხვის პროცესში. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი მსჯავრდებულის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საფუძველსმოკლებული და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება არასრულწლოვნის დაკითხვაში იმ ფსიქოლოგის მონაწილეობის დაუშვებლობაზე, რომელიც საქმეზე მოწმის სახით მანამდე იყო დაკითხული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქოლოგის მისი უფლებამოსილების განხორციელებისას პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით აცილების საფუძვლად იმ გარემოებას, რომელსაც დაცვის მხარე იყენებს არგუმენტად. შესაბამისად, არასრულწლოვნის დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით იყო განხორციელებული და მისი ჩვენების აღნიშნული საფუძვლით არ გაზიარების რაიმე გარემოება არ იკვეთება.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით; ასევე მთელი სამართალწარმოების პროცესში საშუალება ჰქონდა ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები; უშუალოდ მსჯავრდებული მთელი სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
15. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაზარალებულის ხელახლა დაკითხვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლისა და297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათადაცვით, მართებულად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კასატორების შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ-ის, თ. ს-სა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი