საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1213აპ-23 ქ. თბილისი
კ-ე გ. 1213აპ-23 1 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - შ. ი-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ე-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით:
1.1. კ. ა-ე (აწ გარდაცვლილი), - დაბადებული … წლის … ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 16 ივნისიდან.
1.2. გ. კ-ე, - დაბადებული … წლის … აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 24 ივნისიდან.
1.3. ვ. ნ-ე, - დაბადებული … წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 16 ივნისიდან.
1.4. შ. ი-ი, - დაბადებული 1983 წლის 3 თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
1.5. ლ. გ-ა, - დაბადებული 1988 წლის 14 აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ა-მ და გ. კ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების დაუფლება მოტყუებით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; ვ. ნ-მ და შ. ი-მა - თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების დაუფლება მოტყუებით; ლ. გ-მ - თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების დაუფლება მოტყუებით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგშიი:
· კ. ა-მ და გ. კ-მ, სხვა პირებთან ერთად, განიზრახეს საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ არარეზიდენტი პირებისა და სს „თ. ბ-ს” კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გამოიყენეს იურიდიული პირი - შპს „მ-ი” (ს/კ …), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ლ. დ-ე. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასტუმრო მომსახურება, თ-ში, ღ-ს აღმართის №…-ში მდებარე სასტუმრო „მ-ს“ მეშვეობით. შპს „მ-ს’’ საბანკო ანგარიშები გახსნილი ჰქონდა სს „თ. ბ-ში“ და ამავე ბანკთან გაფორმებული „ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, ონლაინ, სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას გაყიდული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, იყენებდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელექტრონულ არხს - „ჯეოფეის“. სხვადასხვა ტურისტული გვერდიდან სასტუმროს ნომრის ჯავშნის მიღების შემთხვევაში, შპს „მ-ს’’ დირექტორ ლ. დ-ს, მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, „ჯეოფეის“ სისტემაში ბანკისგან გადაცემული იუზერისა და პაროლის გზით მოხვედრის შემდეგ, შესაბამის ველში საერთაშორისო ბარათების (VISA, MasterCard) მონაცემების შეყვანის გზით, კლიენტის ბარათიდან ჩამოეჭრა თანხა, რომელიც ავტომატურად აისახებოდა შპს „მ-ს“ სს „თ. ბ-ში” გახსნილ ანგარიშზე. ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის ტრანზაქცია ატარებდა ვირტუალურ ხასიათს და, პირველ ეტაპზე, შპს „მ-ს” სასარგებლოდ ჩამოჭრილ თანხას სრულად ანაზღაურებდა სს „თ. ბ-ი“, რომელსაც, თავის მხრივ, ანაზღაურება უნდა მიეღო არარეზიდენტი პირის მომსახურე, გადმომრიცხავი ბანკისგან.
· წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, კ. ა-ე და გ. კ-ე ლ. დ-ს აწვდიდნენ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებულ, არარეზიდენტი პირების საბანკო ბარათების მონაცემებს, რის პარალელურადაც სხვადასხვა ტურისტული ვებ-გვერდების მეშვეობით ფიქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმრო „მ-ს“ ნომრებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, არარეზიდენტი პირების ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ, მათი საბანკო ბარათების მონაცემების „ჯეოფეის“ სისტემაში შეყვანის გზით, თითქოსდა სასტუმროს ჯავშნის ღირებულებას, უცხოელებს აჭრიდნენ საბანკო ბარათებიდან, რაც ირიცხებოდა შპს „მ-ს’’ სს „თ. ბ-ში” გახსნილ ანგარიშზე. შპს „მ-ს” ანგარიშზე მართლსაწინააღმდეგოდ ჩარიცხული, არარეზიდენტი პირების კუთვნილი თანხები ლ. დ-ს გამოჰქონდა ბანკიდან, რასაც ინაწილებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.
· ზემოხსენებული სქემის მიხედვით, კ. ა-ე და გ. კ-ე, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 5 ივლისამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს - ჯამურად 61111.53 აშშ დოლარის (150223.73 ლარი) ოდენობით. სამგანზომილებიანი უსაფრთხოების სისტემით დაუცველი, არარეზიდენტი ფიზიკური პირების ანგარიშებიდან ჩამოჭრილი თანხების ნაწილში, ვინაიდან გადმომრიცხავი ბანკისგან არ ანაზღაურდა შპს „მ-ს’’ ანგარიშზე ჩარიცხული 3960.59 ლარი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სს „თ. ბ-ს”.
· კ. ა-მ და გ. კ-მ, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახეს არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა და სს „თ. ბ-ს” კუთვნილი, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.
· კ. ა-მ და გ. კ-მ შპს „მ-ს“ საბანკო ანგარიშიდან ლ. დ-ს მიერ გამოტანილი დანაშაულებრივად დაუფლებული თანხების ნაწილი, მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით დაანაწევრეს და მათივე სარგებლის გამოკლებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით გააგზავნეს რ-ს ფედერაციაში დაკავშირებული პირების სახელზე, კერძოდ: გ. კ-მ 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით რ-ს ფედერაციაში გააგზავნა ჯამურად 18986.6 აშშ დოლარი და 138000 რუბლი (51942 ლარი), ხოლო კ. ა-მ 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით რ-ს ფედერაციაში გააგზავნა ჯამში - 4833 აშშ დოლარი (12530 ლარი), რითაც მოახდინეს 64472 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
· ვ. ნ-მ და შ. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახეს ს-ში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სს „ს. ბ-ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ გამოიყენეს იურიდიული პირი - შპს „შ. ს-ი’’ (ს/ნ ...), რომლის თანადამფუძნებლები იყვნენ შ. ი-ი და ვ. ნ-ე. ვ. ნ-ე ამავდროულად იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას. საწარმო სასტუმრო მომსახურებას ეწეოდა თ-ში, ა-ს გამზირის №...-ში მდებარე სასტუმრო „N. P-E-ს“ მეშვეობით. 2018 წლის 19 ივლისს, ვ. ნ-მ სს „ს. ბ-ში“ გახსნა შპს „შ. ს-ს” ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა პოს ტერმინალის მომხმარებლად. სს „ს. ბ-ს“ მიერ გაცემული პოს ტერმინალი, ვ. ნ-ს ანიჭებდა შესაძლებლობას სხვადასხვა ტურისტული საიტიდან სასტუმროს ნომრის ჯავშნის მიღების შემთხვევაში, პოს ტერმინალში საერთაშორისო ბარათების (VISA, MasterCard, American Express) მონაცემების შეყვანის გზით, მოეხდინა თანხის ჩამოჭრა კლიენტის ბარათიდან და ჩამოჭრილი თანხა ავტომატურად აისახებოდა შპს „შ. ს-ს’’ სს „ს. ბ-ში“ გახსნილ ანგარიშზე.
· წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ვ. ნ-ე, შ. ი-ი და მათთან დაკავშირებული, გამოძიებით დაუდგენელი პირები, ტურისტული ვებ-გვერდის მეშვეობით ფიქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმრო „N. P-E-ზე“ და, თითქოსდა, სასტუმროს ნომრის ჯავშნის ღირებულებას, დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებული არარეზიდენტი პირების პლასტიკური ბარათების მონაცემების პოსტერმინალში შეყვანის გზით, აჭრიდნენ არარეზიდენტ პირებს და უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები გამოჰქონდათ შპს „შ. ს-ს” სს „ს. ბ-ში“ გახსნილი ანგარიშიდან.
· არარეზიდენტი პირის პლასტიკური ბარათის მონაცემების მეშვეობით თანხის ჩამოჭრის ტრანზაქცია ატარებდა ვირტუალურ ხასიათს და პირველ ეტაპზე შპს „შ. ს-ს” სასარგებლოდ ჩამოჭრილ თანხას სრულად ანაზღაურებდა სს „ს. ბ-ი“, რომელსაც თავის მხრივ ანაზღაურება უნდა მიეღო არარეზიდენტი პირის მომსახურე, გადმომრიცხავი ბანკისგან. ვინაიდან ვ. ნ-სა და შ. ი-ს დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებული შპს „შ. ს-ს’’ სარგებლობაში არსებული, სს „ს. ბ-ს“ პოს ტერმინალით, 2018 წლის 3 აგვისტოდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, 200799.43 ლარის უკანონო ტრანზაქციაზე, სს „ს. ბ-მა“ საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან მიიღო ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგო, თაღლითობის შეტყობინებები (ე.წ. ჩარჯბეკები), აღნიშნული თანხა არ ანაზღაურდა გადმომრიცხავი ბანკის მიერ, რის გამოც სს „ს. ბ-ს“, შესაბამისი საკომისიოს გამოკლებით, 192 000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
· განაგრძობდა რა დანაშაულებრივ საქმიანობას, მართლსაწინააღმდეგო მიზნებისათვის, 2018 წლის 13 სექტემბერს, შპს „შ. ს-ს’’ (ს/ნ ...) სახელზე სს „ვ. ბ. ჯ-ში” ვ. ნ-მ გახსნა საბანკო ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა პოს ტერმინალის მომხმარებლად. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ვ. ნ-ე, შ. ი-ი და მასთან დაკავშირებული გამოძიებით დაუდგენელი პირები, ტურისტული ვებ-გვერდის მეშვეობით ფიქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმრო „N. P-E-ზე“ და თითქოსდა სასტუმროს ნომრის ჯავშნის ღირებულებას, დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებული არარეზიდენტი პირების პლასტიკური ბარათების მონაცემების პოს ტერმინალში შეყვანის გზით, აჭრიდნენ არარეზიდენტ პირებს და უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები ვ. ნ-სა და შ. ი-ს გამოჰქონდათ შპს „შ. ს-ს” სს „ვ. ბ. ჯ-ში” გახსნილი ანგარიშიდან.
· ვინაიდან ვ. ნ-ს დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებული შპს „შ. ს-ს” სარგებლობაში არსებული, სს „ვ. ბ. ჯ-ს” პოს ტერმინალით, 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, 37950 ლარის უკანონო ტრანზაქციაზე, სს „ვ. ბ. ჯ-მ” საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან მიიღო ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგო, თაღლითობის შეტყობინებები (ე.წ. ჩარჯბეკები), აღნიშნული თანხა არ ანაზღაურდა გადმომრიცხავი ბანკის მიერ, რის გამოც სს „ვ. ბ. ჯ-ს” 37950 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განაჩენით ლ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა ჯარიმა - 4000 ლარი. ლ. გ-მ თავი აარიდა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ლ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
· სასჯელის მოხდის პერიოდში ლ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა სს „თ. ბ-ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ. გ-მ გამოიყენა იურიდიული პირი - შპს „ფ. ს-ი’’ (ს/კ ...), რომლის 100% წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენდა თავად. საწარმო ახორციელებდა სასტუმრო მომსახურებას თ-ში, მ-ს ქუჩის №...-ში მდებარე სასტუმრო „M. S-E-ს“ მეშვეობით. 2018 წლის 5 თებერვალს, ლ. გ-მ სს „თ. ბ-ში” გახსნა შპს „ფ. ს-ს’’ ანგარიშები. 2018 წლის 31 მაისს, სს „თ. ბ-თან” გაფორმებული ,,ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, ონლაინ, სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, გაყიდული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, შპს „ფ. ს-ი” იყენებდა ელექტრონულ არხს - „ჯეოფეის“. ვებგვერდიდან სასტუმროს ნომრის ჯავშნის მიღების შემთხვევაში, შპს „ფ. ს-ს’’ დირექტორ ლ. გ-ს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, „ჯეოფეის“ სისტემაში ბანკისგან გადაცემული მომხმარებლისა და პაროლის გზით მოხვედრის შემდეგ, შესაბამის ველში საერთაშორისო საბანკო ბარათების (VISA, MasterCard) მონაცემების შეყვანის გზით ჩამოეჭრა თანხა კლიენტის ბარათიდან, რომელიც ავტომატურად აისახებოდა შპს ,,ფ. ს-ს’’ სს „თ. ბ-ში“ გახსნილ ანგარიშზე.
· წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ლ. გ-ა და მასთან დაკავშირებული გამოძიებით დაუდგენელი პირები, ტურისტული ვებ-გვერდის მეშვეობით ფიქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმრო „M. S-E-ზე“ და თითქოსდა სასტუმროს ნომრის ჯავშნის ღირებულებას, დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებული არარეზიდენტი პირების პლასტიკური ბარათების მონაცემების „ჯეოფეის“ სისტემაში შეყვანის გზით, აჭრიდნენ არარეზიდენტ პირებს. უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები კი ლ. გ-ს გამოჰქონდა შპს „ფ. ს-ს’’ სს „თ. ბ-ში“ გახსნილი ანგარიშიდან. არარეზიდენტი პირის პლასტიკური ბარათის მონაცემების მეშვეობით თანხის ჩამოჭრის ტრანზაქცია ატარებდა ვირტუალურ ხასიათს და პირველ ეტაპზე შპს ,,ფ. ს-ს’’ სასარგებლოდ ჩამოჭრილ თანხას სრულად ანაზღაურებდა სს „თ. ბ-ი’’, რომელსაც თავის მხრივ ანაზღაურება უნდა მიეღო არარეზიდენტი პირის მომსახურე, გადმომრიცხავი ბანკისგან. ვინაიდან შპს „ფ. ს-ს” დირექტორის ლ. გ-ს სარგებლობაში არსებული, „ჯეოფეის“ სისტემის მეშვეობით, 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, 95 725.23 ლარის უკანონო ტრანზაქციაზე, სს „თ. ბ-მა” საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან მიიღო ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგო, თაღლითობის შეტყობინებები (ე.წ. ჩარჯბეკები), აღნიშნული თანხა არ ანაზღაურდა გადმომრიცხავი ბანკის მიერ, რის გამოც სს „თ. ბ-ს” 95 725.23 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტისგანაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. კ. ა-ე (აწ გარდაცვლილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
3.3. გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 24 ივნისიდან.
3.4. ვ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 16 ივნისიდან.
3.5. შ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულების - შ. ი-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.1. მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ე-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გ. კ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. კ-სა და შ. ი-ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
8. საქმეში არსებული მტკიცებულებების - მოწმეების - ლ. დ-ს, ი. რ-ს, ს. ჩ-სა და სხვათა ჩვენებების, ლ. დ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ფარული აუდიო-ვიდეო მასალების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალების, სს „ს. ბ-ს“, სს „თ. ბ-სა“ და სს „ვ. ბ-ს“ მიერ საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებისგან (Visa და MasterCard) მიღებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმისა და სხვა მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. კ-ე და შ. ი-ი, დანარჩენ პირებთან ერთად, თაღლითური გზით, მათ მიერვე შემუშავებული დანაშაულებრივი სქემით, მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
9. მოწმე ლ. დ-მ ჩვენების მიცემისასამომწურავად ისაუბრა მსჯავრდებულ გ. კ-ს როლზე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში. ლ. დ-ს განმარტებით, 2018 წლის მაისის დასაწყისში მას დაუკავშირდნენ გ. კ-ე და კ. ა-ე, განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ფიქტიური ჯავშნების სქემაში მისი სასტუმროს ჩართულობის შესახებ, რომელსაც ორგანიზებას უწევდა რ-ში მცხოვრები ვინმე ს. სწორედ მისი დავალებით, მათ უნდა გადაებარებინათ ეს საქმე და ჩაენაცვლებინათ ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმ დრომდე იყვნენ ჩართულები. ფიქტიურად ჯავშნიდა ს. , ამ ჯავშნის შესახებ მას ატყობინებდა კ. ა-ე ან/და გ. კ-ე და ეუბნებოდნენ, რომ ჯავშანი პროგრამულად დროულად დაედასტურებინა. მანვე აღნიშნა, რომ „თ. ბ-ს“ ელკომერციის სისტემაზე მხოლოდ მას მიუწვდებოდა ხელი და ის სხვა პირისთვის არ გადაუცია. კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებიც უშუალოდ მას გამოჰქონდა, თითქოსდა სამეურნეო ხარჯების დანიშნულებით და აძლევდა კ. ა-სა და გ. კ-ს. მათგან, შეთანხმებისამებრ, თანხის 50% ეგზავნებოდა ს-ს , 25%-ს უხდიდნენ უშუალოდ მას, ხოლო დარჩენილი 25% რჩებოდათ კ. ა-ს და გ. კ-ს. ლ. დ-ს განმარტებით, თანხის გამოსატანად ყოველთვის მიყვებოდნენ კ. ა-ე და გ. კ-ე. ბანკში მიდიოდნენ გ. კ-ს კუთვნილი რენჯ როვერის მარკის ავტომანქანით, ხოლო ბანკში, შიგნით ძირითად შემთხვევაში მიყვებოდა კ. ა-ე, რომელიც ესწრებოდა ფულის გამოტანის პროცესს. მოწმის განმარტებით, მას დაუკავშირდა სს „თ. ბ-ს“ წარმომადგენელი ს. ჩ-ე, რომელმაც განუმარტა, რომ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ ჯავშნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მეშვეობით, ამერიკიდან მიღებული იყო თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა, რადგანაც ეს თანხები ბარათის მფლობელი პირების ნების საწინააღმდეგოდ იყო ჩარიცხული. ბანკმა მას მოსთხოვა ჯავშნებთან დაკავშირებული, სრული ინფორმაციისა და იმ პირების პასპორტების ასლების წარდგენა, რომლებიც იმყოფებოდნენ მის სასტუმროში. აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა გ. კ-სა და კ. ა-ს, რომლებიც მისივე თანდასწრებით, ვითარების გასაცნობად, დაუკავშირდნენ ს-ს. ს-მ კ. ა-ს ინტერნეტ აპლიკაცია „Whatsapp“-ის მეშვეობით გამოუგზავნა აშშ-ის მოქალაქეების პასპორტის ფოტოები, რაც თავის მხრივ კ. ა-მ მას გაუგზავნა. მან აღნიშნული პასპორტის რამდენიმე ასლი წარუდგინა სს ,,თ. ბ-ს” და უთხრა, რომ თითქოს ეს პირები მასთან სასტუმროში იმყოფებოდნენ. ბანკს დამატებით ასევე წარუდგინა შავი ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო მის სასტუმროში მყოფი სხვა პირების მონაცემები. სხვა ინფორმაცია ბანკისთვის არ მიუწოდებია და ვერც მიაწვდიდა, რადგანაც ჯავშნები იყო ფიქტიური და კლიენტი რეალურად არ იყო მის სასტუმროში ნამყოფი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ორჯერ იმყოფებოდა ბანკში, კერძოდ, პირველად შეხვდა ს. ჩ-ს, ხოლო მეორედ - ი. რ-ს. ერთ-ერთი შეხვედრისას მას თან ახლდა გ. კ-ე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბანკის წარმომადგენლების მოთხოვნას თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
10. მოწმე ლ. დ-ს ჩვენება თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: სს „თ. ბ-ს“ წარმომადგენლის - ი. რ-ს ჩვენებით დგინდება, რომ სწორედ შპს „მ-ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა - ლ. დ-მ მიმართა ბანკს შპს „მ-ს“ ექვაირინგის სისტემაში ჩართვის მოთხოვნით, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას მისცემდა განეხორციელებინა ტრანზაქციები და მოეხსნა პლასტიკური ბარათებიდან ჯავშნების და სასტუმროში ცხოვრების თანხები ვირტუალურად - მხოლოდ საბარათე მონაცემებზე დაყრდნობით. სს „თ. ბ-მა“ ლ. დ-ს მოთხოვნა დააკმაყოფილდა და შპს „მ-ს” ბანკისგან მიეწოდა შესაბამისი ბმული, მასზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რისი მეშვეობითაც კომპანიას შეეძლო საბარათე მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, ბარათის ნომრის, ბარათის მოქმედების ვადის/თარიღის და სვვ (cvv) კოდის მეშვეობით შეესრულებინა ონლაინ ტრანზაქცია; ასევე, შესაძლებელი იყო, რომ კომპანიას დაეგენერირებინა ბმული და ამონაწერი, რომელიც გაეგზავნა ბარათის მფლობელ პირთან და აღნიშნული პირის მიერ ბარათის მონაცემების შეყვანის გზით ჩამოეჭრა ბარათიდან თანხა. მას შემდეგ, რაც შპს „მ-მა” ზემოაღნიშნული სისტემის გამოყენებით დაიწყო ტრანზაქციების შესრულება, „თ. ბ-მა“ ბარათის გამომშვები (ემიტენტი) ბანკებისგან მიიღო თაღლითობის შესახებ შეტყობინებები, რაც ბანკს მიეწოდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების, Visa და Mastercard-ის ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით. მოწმის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, ბანკი დაუკავშირდა ლ. დ-ს და მოსთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა საეჭვო ტრანზაქციებსა და ჯავშნებთან დაკავშირებით, თუმცა ლ. დ-ს ბანკისთვის არაფერი წარუდგენია და მისგან მხოლოდ უსაფუძვლო მიზეზებს ისმენდნენ. საბოლოოდ, ლ. დ-მ ბანკს მიაწოდა რამდენიმე ამერიკული პასპორტის ასლი და განუცხადა რომ მას მეტი ინფორმაცია არ გააჩნდა. მოწმის განმარტებით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ლ. დ-ე ბანკში რამდენჯერმე იყო შეხვედრაზე დაბარებული და ერთხელ პირადადაც შეხვდა. შეხვედრისას ლ. დ-ს ახლდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც მისი მეგობარი, თუმცა მის სახელსა და გვარს ვერ იხსენებს და არც მისი ამოცნობა შეუძლია. შეხვედრისას მან ლ. დ-ს აუხსნა, რომ ბარათის გამომშვები (ემიტენტი) ბანკების მხრიდან შემოსული შეტყობინებების თანახმად, შესრულებული ტრანზაქციები იყო თაღლითური და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვა განმარტების გაკეთება. მოწმის თქმით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრისას, როდესაც ლ. დ-ე მათ აძლევდა განმარტებებს, მას საუბარი შეაწყვეტინა თანმხლებმა მამაკაცმა, რომ იგი არ ეთანხმებოდა ბარათის ემიტენტი ბანკების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აიყვანდნენ ადვოკატს. იგივე გარემოებები დასტურდება მოწმე ს. ჩ-ს გამოკითხვის ოქმით, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნულია, როგორც მისთვის ცნობილია, ლ. დ-თან მეორე შეხვედრისას (შეხვედრას თავად არ ესწრებოდა შვებულებაში ყოფნის გამო), მას თან ახლდა მისთვის უცნობი მამაკაცი (როგორც ლ. დ-მ ჩვენებაში განმარტა გ. კ-ე), რომელიც შეხვედრის დროს აქტიურობდა და კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოხატავდა თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასტუმრო „მ-ს“ ერთ-ერთ ოთახში განხორციელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებზე. ხსენებული მტკიცებულებით ეჭვგარეშე დასტურდება ლ. დ-სა და გ. კ-ს კავშირი დანაშაულებრივი ქმედების ერთობლივად ჩადენისას, კერძოდ, შეხვედრების დროს, მათ შორის საუბარია ბანკში შექმნილ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე, შპს „მ-ს“ Booking.com-ზე განთავსების უპირატესობებზე, უფრო კონკრეტულად, - კ. ა-ე და გ. კ-ე არწმუნებენ ლ. დ-ს, რომ Booking-ის მეშვეობით სასტუმროს ჯავშნების მიღების შემთხვევაში, მასთან ბანკს არანაირი პრეტენზია არ ექნება, ვინაიდან როცა Booking.com-ის საშუალებით ხდება ჯავშნის მიღება და თანხის რეზერვაცია/ჩამოჭრა, სასტუმროს თანხას ურიცხავს უშუალოდ Booking-ი თავისი ბიუჯეტიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, Booking-ის საშუალებით ფიქტიური ჯავშნების სქემის განხორციელებას ისინი უსაფრთხოდ მიიჩნევენ და ფინანსური კუთხითაც ვარაუდობენ, რომ დღეში 50- 60 ათასი ლარის გამომუშავებას უპრობლემოდ შეძლებენ. საგულისხმოა, რომ გ. კ-ე, სხვა მსჯავრდებულთან ერთობლივად დაუკავშირდა ა. დ-ს და შესთავაზეს ანალოგიურ სქემაში მისი სასტუმროს - სახლის ჩართვას.
12. რაც შეეხება შ. ი-ს მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს სს „ს. ბ-ს“, სს „ვ. ბ. ჯ-სა“ და სს „თ. ბ-ს“ წარმომადგენლების ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმეების - ნ. ნ-ს, ზ. მ-ს, ლ. ს-სა და ნ. ფ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ სს „ს. ბ-სა“ და სს „ვ. ბ. ჯ-ს“ შემთხვევაში პოსტერმინალის მომსახურებით სარგებლობის შესახებ, ხოლო სს „თ. ბ-ს“ შემთხვევაში - „ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კომპანიების დირექტორებსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებთან - ვ. ნ-თან, შ. ი-სა და ლ. გ-თან, შესაბამისად, პოს ტერმინალით/„ჯეოფეით“ განხორციელებულ ტრანზაქციაზე პასუხისმგებლები იყვნენ აღნიშნული პირები. მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ თაღლითურად ჩარიცხული ფულადი თანხები საბანკო ანგარიშებიდან გაჰქონდათ სწორედ კომპანიის დამფუძნებლებს - ვ. ნ-ს, შ. ი-სა და ლ. გ-ს. თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ გასაჩივრების წერილების მიღების შემდგომ, ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ კომპანიის დამფუძნებლებს იმ მიზნით, რომ მათ წარედგინათ ტრანზაქციის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, მათი მხრიდან, ამგვარი დოკუმენტები არ წარდგენილა.
13. ბანკების წარმომადგენელთა ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი იმავე ბანკებიდან გამოთხოვილ თანხის ჩარიცხვისა და გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან, კერძოდ: სალაროს გასავლის ორდერებთან, რომლებითაც დასტურდება, რომ თანხები საბანკო ანგარიშებიდან გამოჰქონდათ ლ. დ-ს, ვ. ნ-ს, ლ. გ-სა და შ. ი-ს. საგულისხმოა თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ პრეტენზიების/საჩივრების წერილებიც, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა ზიანის ოდენობა, ასევე პოს ტერმინალის/“ჯეოფეის“ სისტემის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც დგინდება, რომ მათ გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ სწორედ კომპანიის დამფუძნებლები და წარმომადგენლები. საგულისხმოა აგრეთვე კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ტრანზაქციებით დადგენილი გარემოებებიც. უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე გ. ხ-მ დაადასტურა შ. ი-სა და ამავე საქმეზე მსჯავრდებული ვ. ნ-ს მიერ ბანკებიდან თანხის გამოტანის ფაქტები, რაც დაკავშირებული იყო მათი სასტუმროების საქმიანობასთან. მისივე განმარტებით, ყოფილა შემთხვევები, რომ შ. ი-სა და ვ. ნ-ს ბანკთან შექმნიათ პრობლემები და ბანკი არ ატანდა მათ კომპანიის ანგარიშზე დარიცხულ ფულად თანხას. მოგვიანებით კი, ვ. ნ-გან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანკში შექმნილი პრობლემები დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ რეალურად მათ სასტუმროში სტუმრები არ მიდიოდნენ, ფიქტიურად იჯავშნებოდა სასტუმროს ნომრები და ბარათის მფლობელებს მათი კომპანიის სასარგებლოდ თანხები ეჭრებოდათ მომსახურების გაწევის გარეშე, რაც შემდეგ მას და შ. ი-ს გამოჰქონდათ ბანკებიდან. გარდა ამისა, ვ. ნ-მ ასევე უთხრა, რომ მას და შ. ი-ს კავშირი ჰქონდათ რუსეთში მყოფ პიროვნებასთან, რომელიც პროგრამულად ჯავშნიდა უკანონოდ დაუფლებული ბარათის მონაცემების საფუძველზე და თანხის ძირითადი ნაწილი იგზავნებოდა სწორედ ამ პიროვნებასთან რ-ი. შ. ი-ს ბრალეულობის შესახებ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა შპს „ნ. პ-ს” მენეჯერმა - მ. რ-მ, რომლის განმარტებით, შ. ი-სა და ვ. ნ-ს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის მეშვეობითაც უნდა ეწარმოებინა სასტუმროს ბიზნესი და ამ კომპანიის სახელით ემუშავა ქ. თ-ში, ა. კ-ს №...-ში და ა-ს №...-ში არსებულ ობიექტებს. იმავდროულად, მას უნდა განეტავსებინა სასტუმროს ნომრები ვებ-გვერდ Booking-ზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, რისი მიზანიც იყო ის გარემოება, რომ შპს „ნ. პ-ს” და შპს „შ. ს-ს” ერიცხებოდათ დავალიანება Booking-ის წინაშე და ფინანსური პრობლემის დასაძლევად და მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო იყო სრულიად სხვა კომპანია. ამ მიზნით, შ. ი-მა უთხრა, რომ Booking-ის გვერდზე განეთავსებინათ სასტუმროს ახალი ფოტოები, რათა Booking-ს არ მოეხდინა მათი სასტუმროების იდენტიფიცირება. მცდელობის მიუხედავად, ვებ-გვერდ Booking-ის წარმომადგენლების მიერ მათ უარი ეთქვათ მომსახურების გაწევაზე, რადგანაც დასახელებულ მისამართებზე ირიცხებოდა დავალიანება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გ. კ-მ და შ. ი-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
15. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური ეკონომიკიდან ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი. დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ე.ი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში, რაც შესაძლებელია, გამოიხატოს ქონებით სარგებლობაში, შეძენაში, გადაცემაში ან სხვა მოქმედებაში, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით.
17. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანია შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვა, რისთვისაც დამნაშავემ შეიძლება განახორციელოს არაერთი, მრავალეტაპიანი ან ერთჯერადი ქმედება და გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება. ამასთან, დამნაშავეს უნდა ჰქონდეს სპეციალური მიზანი - დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერ ბრუნვაში ჩაბმა, რისთვისაც პირველ ეტაპზე იმალება დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის წარმომავლობა, შემდეგ კი ხდება ქონებიდან გარკვეული შემოსავლის მიღება, ასე მაგალითად: ნაღდი ფული გარდაიქმნება სხვა ღირებულებად, მათ შორის უძრავ ქონებად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები კი გამოიყურება კანონიერად. მოცემული დანაშაული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, წარმოადგენს სხვა დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, კერძოდ პირი, რომელიც ჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იმავდროულად ახდენს მის ან სხვა პირის მიერ პირველად (უკვე ჩადენილ) უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას საკუთარი ან სხვისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
18. ამდენად, მოცემული დანაშაულის ჩადენისას პირის მიზანს წარმოადგენს უკანონოდ მოპოვებული და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, რაც შეიძლება გამოიხატოს ე.წ. ,,ჭუჭყიანი ფულის“ სხვადასხვა ფორმით განკარგვაში.
19. კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. კ-ე ამავე საქმეზე მსჯავრდებულ კა. ა-თან ერთად, რომლებმაც თავად ჩაიდინეს პრედიკალური დანაშაული თაღლითობის სახით, მოქმედებდა თაღლითური გზით მოპოვებული თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით. კერძოდ, მოწმე ლ. დ-მ ჩვენების მიცემისას, სხვა გარემოებებთან ერთად დაადასტურა ფიქტიური ჯავშნების შედეგად მისი კომპანიის - შპს „მ-ს’’ ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ანგარიშიდან თითქოსდა სამეურნეო ხარჯების დანიშნულებით გამოტანის ფაქტები. მისივე განმარტებით, კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების გამოსატანად ყოველთვის მიჰყვებოდნენ კ. ა-ე და გ. კ-ე, თუმცა თანხა უშუალოდ მას გამოჰქონდა. გამოტანილ თანხას აძლევდა კ. ა-ს და გ. კ-ს, საიდანაც შეთანხმებისამებრ, 50% ეგზავნებოდა რ-ის ფედერაციაში ვინმე ს-ს, 25%-ს უხდიდნენ მას, ხოლო 25%-ს კ. ა-ე და გ. კ-ე ინაწილებდნენ. 2020 წლის 2 სექტემბრის სს „ს. ბ-დან” და სს „თ. ბ-დან“ და 2020 წლის 7 სექტემბრის საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გ. კ-ს 2018 წლის 18 ივნისიდან - 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი აქვს ჯამში 18 986.6 აშშ დოლარი და 138 000 რუბლი (51 942 ლარი), ხოლო კ. ა-ს 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში - ჯამში - 4 833 აშშ დოლარი (12 530 ლარი), რაც ირიცხებოდა ს. ი-ს (Sergei Irishkov) და ე. ი-ს (Ekaterina Ivyshokva) სახელზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მსჯავრდებულ გ. კ-თვის ცნობილი იყო, რომ ფულადი თანხები მათ მიერ უკანონოდ, თაღლითური გზით იყო მოპოვებული და იმ მიზნით, რომ აღნიშნული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახე მიეცათ, დაანაწევრეს ის და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით გადარიცხეს რუსეთის ფედერაციაში, რითაც მოახდინეს საბანკო ანგარიშებზე თანხების განთავსებით უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად, დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. კ-მ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - შ. ი-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ე-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე