საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1374აპ-23 ქ. თბილისი
ნ-ე გ. 1374აპ-23 1 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის, მსჯავრდებულების - გ. ნ-სა და თ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. უ-სა და ქ. ლ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, და თ. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედებათ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 2022 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, გ. ნ-მ და თ. ნ-მ კ. ზ-ს გამოსძალეს თანხა, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის და ძალადობის გამოყენების მუქარით, კ. ზ-ს თავდაპირველად მოსთხოვეს 26000 ლარი, ხოლო 2022 წლის 27 ივლისს, ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში ყოფნისას, გ. ნ-მ და თ. ნ-მ დ. დ-თან ერთად, კ. ზ-ს საბოლოოდ მოსთხოვეს - 16000 ლარი. აღნიშნული თანხის მოთხოვნის კანონიერი უფლება მათ არ გააჩნდათ.
· 2022 წლის 22 ივლისს, 22:30 საათიდან 22:59 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანხის გამოძალვის მიზნით, გ. ნ-მ და თ. ნ-მ კ. ზ-ს მიმართ ჯგუფურად განახორციელეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, კერძოდ, გ. ნ-მ და თ. ნ-მ ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, ცხვირის ღია ჭრილობის, ცხვირის ძვლების მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, კ. ზ-ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
2.2. გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 31 ივლისიდან.
2.3. თ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
2.4. თ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 31 ივლისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-სა და თ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 2022 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, გ. ნ-მ და თ. ნ-მ კ. ზ-ი ფსიქიკურად აიძულეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ მათთვის გადაეცა ფულადი თანხა. კერძოდ, თავდაპირველად მოსთხოვეს 26000 ლარი, ხოლო 2022 წლის 27 ივლისს, თანხის რაოდენობა 16000 ლარამდე შეამცირეს. აღნიშნული თანხის მოთხოვნის კანონიერი უფლება მათ არ გააჩნდათ.
· 2022 წლის 22 ივლისს, 22:30 საათიდან 22:59 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ, გ. ნ-მ და თ. ნ-მ, ჯგუფურად, ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, ცხვირის ღია ჭრილობის, ცხვირის ძვლების მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, კ. ზ-ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ნ-სა და თ. ნ-ს ქმედებების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე და მათი დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5.1. მსჯავრდებულების - გ. ნ-სა და თ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ლ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5.2. მსჯავრდებულების - გ. ნ-სა და თ. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. უ-მა და ქ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. და თ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულების სრულად გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. და თ. ნ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება, მითითებული მუხლით, ასევე სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორების საჭიროება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. და თ. ნ-ს წარდგენილი ბრალდებით - სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მათ მიერ ამ მუხლით ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, ორივე მსჯავრდებულის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, კერძოდ:
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოძალვის ნაწილში გ. ნ-სა და თ. ნ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ კ. ზ-ს ჩვენება, რაც ვერ გახდება მათი დამნაშავედ ცნობის საფუძველი თავდაპირველი კვალიფიკაციით.სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული არცერთი სხვა მოწმე, ასევე საქმეში არსებული წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულების მხრიდან თანხის მოთხოვნას თან ახლდა სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის გამოყენების მუქარა. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მისი განმარტება მუქარის ნაწილში არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რაც საკმარისი არაა გამოძალვის ბრალდებასთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
12. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში კ. ზ-ს მიმართ გამოძალვის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, დაზარალებულად ცნობილი კ. ზ-ს მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა დადასტურებულიყო. რაც შეეხება კასატორის მიერ დასახელებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, გ. ნ-ს მიერ კ. ზ-თვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებიდან მოყვანილ ცალკეულ ამონარიდებს, ვერ შეფასდება ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულების ბრალეულობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად, ვინაიდან არ იძლევა იმ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის საფუძველს, რომ გ. ნ-ე და თ. ნ-ე დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ახორციელებდნენ გამოძალვას.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას გ. ნ-სა და თ. ნ-ს როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ კ. ზ-სა და მოწმეების - ნ. ი-ს, ლ. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებით, გ. ღ-ს გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
14. დაზარალებულმა კ. ზ-მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ #... საჯარო სკოლაში მუშად მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელის მითითებით გაყიდა ლიფტი, რისთვისაც მიიღო დამატებითი შემოსავალი- 1000 ლარი, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და იმავე ობიექტზე მომუშავე თ. ნ-თვის გაყოფის ვალდებულება არ გააჩნდა. ჭ-ს ქუჩაზე არსებულ ობიექტზე, მის მიერ დასაქმებულ თ. ნ--თან ერთად მუშაობდა, სადაც შესრულებული სამუშაოსთვის თ. ნ-მ მიიღო შესაბამისი ანაზღაურება. ზ-ში მდებარე ერთ-ერთი სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად მოიძია, თუმცა აღნიშნული საქმე არ შემდგარა, რადგან სახლის მეპატრონესთან ვერ შეთანხმდნენ პირობებზე. შემდეგ იყო კ-ს ობიექტი, სადაც სახლის დემონტაჟზე თავად და მის მიერ დაქირავებული პირები მუშაობდნენ, რომელთა შორის გ. და თ. ნ-ი არ ყოფილან. შესაბამისად, ამ ობიექტიდან მიღებული ანაზღაურება მათთვის არ უნდა გაენაწილებინა. დაზარალებულმა უარყო ასევე მ-ს მთაზე ჩატარებულ სამუშაოებში თ. და გ. ნ-ს ჩართულობა, რის გამოც მათთვის რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.
15. დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, მსჯავრდებულებმა - გ. ნ-მ და თ. ნ-მ აღნიშნეს, რომ მათი წვლილი კ. ზ-ს საქმიანობაში დაუფასებელი დარჩა, რადგან არ მიუღიათ ანაზღაურება შესრულებული სამუშაოდან. გ. ნ-ს განმარტებით, მას კ. ზ-თვის მიწოდებული აქვს არაერთი ინფორმაცია სამშენებლო ობიექტების შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა სხვადასხვა სამუშაოების შესრულება; წილი ეკუთვნოდა მ-ს მთის საქმიდანაც. თ. ნ-ე კი თავს კ. ზ-ს პარტნიორად მიიჩნევდა და ყოველი დასრულებული საქმიდან (ასეთად მოიაზრებდა კ-სა და მ-ს მთის ობიექტებს) მიღებული შემოსავლის ნახევრის მიღებას ითხოვდა.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: მაშინ, როდესაც მხარეები სხვადასხვა ვერსიას სთავაზობენ სასამართლოს, რეალობის დასადგენად საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები, რათა სასამართლომ არგუმენტირებულად გაიზიაროს რომელიმე მხარის ვერსია. განსახილველ შემთხვევაში, ასეთ დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები - გ. ნ-ს, თ. ნ-ს, მათი თანმხლები პირისა და დაზარალებულ კ. ზ-ს შეხვედრისა და საუბრების ამსახველი ჩანაწერები, საიდანაც უტყუარად დასტურდება, რომ გ. ნ-ე დაზარალებულისგან ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ითხოვდა გაცემული დაპირების შესრულებასა და თანხის გადაცემას. ამასთან, საუბრის მიმდინარეობისას, არც გ. ნ-ე და არც თ. ნ-ე არ ამბობენ, რომ მოთხოვნილი ფულადი თანხა მათ შესრულებული სამუშაოსთვის ეკუთვნოდათ.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ კ. ზ-ს ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ნათელია, რომ კ. ზ-ს მიმართ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას, რაც მიმართული იყო კ. ზ-ს იძულებისკენ გადაეცა მათთვის თანხა. მოთხოვნას თან ახლდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც დაზარალებულისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაში გამოვლინდა. მსჯავრდებულები კ. ზ-ს არ აძლევდნენ თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობას, ურეკავდნენ ხშირად, ხვდებოდნენ სახლთან და ერთობლივი საქმიანობის შესახებ დანაპირების გაცემიდან გამომდინარე, ითხოვდნენ მისგან თანხის გადაცემას. გ. ნ-სა და თ. ნ-ს ქმედებები მიზნად ისახავდა კ. ზ-ს იძულებას, გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, რისი გადახდის სამართლებრივი ვალდებულებაც მას არ გააჩნდა.ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია იძულების დანაშაულის შემადგენლობა და მსჯავრდებულთა ქმედებები მართებულად შეფასდა, როგორც ჯგუფურად ჩადენილი იძულება.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მისი ჩატარებისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობას. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების გაცემისას სასამართლომ ნება დართო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, ასევე შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლებს ჩაეტარებინათ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულების სანდოობაში ეჭვის შეტანისა და მისი არგაზიარების რაიმე საფუძველი არ დასტურდება.
19. რაც შეეხება ადვოკატების - მ. უ-სა და ქ. ლ-ს მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში გამომძიებელ ლ. ჭ-ს მონაწილეობის ეჭვის ქვეშ დაყენების ფაქტს, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლებს ნება დაერთოთ ჩაეტარებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება - კ. ზ-ს, თ. ნ-სა და გ. ნ-ს შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა, ამავე სამმართველოს გამომძიებელ ლ. ჭ-ს ანიჭებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის კანონიერ უფლებას; ხოლო ის ფაქტი, რომ ლ. ჭ-მა სასამართლოში დაზარალებულისგან განსახვავებით გადმოსცა მისი ჩამწერი აპარატურით აღჭურვასთან დაკავშირებული გარემოებები, ვერ გახდება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის - დაზარალებულ კ. ზ-სა და მოწმე ლ. ჭ-ს ჩვენებების გაუზიარებლობის წინაპირობა. მართალია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც სასამართლოს მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. დაზარალებულ კ. ზ-სა და მოწმე ლ. ჭ-ს ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული მასალებით დადგენილ გარემოებებს.
20. უსაფუძვლოა ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ იძლევიან მსჯავრდებულთა ბრალეულობის დამადასტურებელ არანაირ ინფორმაციას.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს, არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები, ხოლო გამოსაკვლევად წარმოდგენილ ჩანაწერებში ფიქსირდება მსჯავრდებულების - გ. ნ-სა და თ. ნ-ს ხმები; ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული პიროვნებების იერსახის გამოსახულება იდენტურია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ გ. ნ-სა და თ. ნ-ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათებზე დაფიქსირებული პიროვნებების იერსახის გამოსახულების. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსთვის გაურკვეველია, რას ემყარება დაცვის მხარის პოზიცია, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დაუდგენელია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა საუბრებში ან რა მოქმედებას ასრულებდა.
22. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიებს საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი დეტალურად არის განხილული გასაჩივრებულ განაჩენში და იმავე გარემოებების გამეორების საჭიროება არ არსებობს.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულებმა - გ. ნ-მ და თ. ნ-მ ნამდვილად მიაყენეს დაზარალებულ კ. ზ-ს მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ:
24. დაზარალებულმა კ. ზ-მა თანმიმდევრულად გადმოსცა 2022 წლის 22 ივლისს, ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩის N...-ში მდებარე მის საცხოვრებელ კორპუსთან განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2022 წლის 22 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან, შეხვდნენ ძმები - გ. ნ-ე, თ. ნ-ე და დ. დ-ი, რომლებიც ცდილობდნენ მის გაყვანას მოფარებულ ადგილზე. მის მიერ გაცხადებულმა უარმა გ. და თ. ნ-ი გააბრაზა და მუშტები ურტყეს სახის არეში. ისინი გამეტებით სცემდნენ, თუმცა მალევე ჩაერივნენ მეზობლები, რომლებმაც გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და ამის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გაუწიეს შესაბამისი დახმარება. ამ ნაწილში დაზარალებულ კ. ზ-ს ჩვენების შემავსებელ მტკიცებულებას წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული, მოწმე გ. ღ-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, საიდანაც დგინდება, რომ 2022 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში, ქ. თ-ში, ც. დ-ს ქუჩის №...-ში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ჩხუბის და ყვირილის ხმა. ეზოში გასვლისას დაინახა მარტო მდგომი კ. ზ-ი, რომელსაც ცხვირისა და შუბლის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი. მართალია გ. ღ-ე არ არის გ. და თ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შემსწრე პირი, თუმცა მისი ჩვენება იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რისი უშუალო თვითმხილველიც გახდა, სრულად შეესაბამება კ. ზ-ს ჩვენებას.
25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით კ. ზ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, კ. ზ-ს აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა და სისხლჩაქცევა. პირადი შემოწმებისას კ. ზ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და გაკერილი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 22.07.2022 წელს. ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ცხვირის ფუძესთან არსებული გაკერილი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გასათვალისწინებელია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებიც, რომლებითაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეცემა კ. ზ-ი და როგორ ეხმარებიან მაცხოვრებლები.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
27. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ნ-სა და თ. ნ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას,შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლითგათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
28. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
30. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის, მსჯავრდებულების - გ. ნ-სა და თ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. უ-სა და ქ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი