Facebook Twitter
საქმე #




საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით



საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №118აპ-24 ქ. თბილისი
ა-ი გ, 118აპ-24 1 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი


ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ლ-სა და ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და


გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
1.1. გ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
1.2. გ. ა-ი, - დაბადებული … წლის … აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 მაისიდან.
1.3. თ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
1.4. თ. გ-ა, - დაბადებული … წლის … აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
1.5. მ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
1.6. მ. გ-ა, - დაბადებული … წლის … მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
1.7. ვ. ჩ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
1.8. დ. (დ.) უ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების - გ. ა-ს, თ. გ-ს, მ. გ-ს, ვ. ჩ-სა და დ. (დ.) უ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· თ. გ-ა აქტიურად მონაწილეობს „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების - „ქურდული გარჩევის“, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით, რომლის მიზანია როგორც თავისთვის, ასევე სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, მართავს და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფებს - როგორც „ქურდული სამყაროს წევრებს“, ასევე „ქურდულ სამყაროსთან“ აქტიურად დაკავშირებულ სხვა პირებს.
· მ. გ-ა, ვ. ჩ-ი და დ. უ-ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი „კანონიერი ქურდის“ დავალებით აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავიანთი ქმედებით მზადყოფნას გამოხატავენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
· ს. გ-სა და ჯ. ს-ს შორის წარმოიშვა ფინანსური დავა, ს. გ-ს მიერ ჯ. ს-ზე დასაბრუნებელ თანხასთან დაკავშირებით. ჯ. ს-მ თავისთვის მატერიალური სარგებლის, მატერიალური უპირატესობის მისაღებად და ს. გ-ზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრს მ. გ-ს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, „ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით დაუკავშირდა „კანონიერ ქურდს“ თ. გ-ს.
· 2021 წლის სექტემბრის თვეში, მ. გ-ა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, ძალაუფლების და გავლენის მოპოვებისათვის დაუკავშირდა ს. გ-ს და მოსთხოვა გადაეხადა თანხა. ასევე 2022 წლის იანვრის თვეში, მ. გ-ა კვლავ დაუკავშირდა ს. გ-ს და თანხის მთლიანად გადახდა მოითხოვა.
· ასევე, მ. გ-მ და თ. გ-მ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერს - გ. ა-ს, რომელიც იმყოფებოდა ს-ში, დაავალეს უშუალოდ შეხვედროდა ს. გ-ს და მისი მეუღლის ძმას - ნ. დ-ს. გ. ა-ი დავალების შესაბამისად, შეხვდა ნ. დ-ს და მოსთხოვა თანხის გადახდა.
· 2022 წლის 8 აპრილს, „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. გ-ა და „კანონიერი ქურდი“ თ. გ-ა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, „ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით, საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდნენ ს. გ-ს და ნ. დ-ს. ასევე „ქურდულ გარჩევაში“ საკონფერენციო ვიდეო ზარით დაუკავშირდნენ და ჩართეს მოდავე მხარე - ჯ. ს-ა. „ქურდული გარჩევის“ მიმდინარეობისას, „კანონიერმა ქურდმა“ თ. გ-მ ს. გ-ს მოსთხოვა უშუალოდ მისთვის გადაეხადა თანხა 30000 ლარის ოდენობით, ასევე ჯ. ს-თვის დაებრუნებინა მისი თანხა 36000 ლარის ოდენობით. ს. გ-ა და ნ. დ-ა დაეთანხმნენ ხსენებულ გადაწყვეტილებას.
· 2022 წლის 8 აპრილს, „ქურდული გარჩევის“ დროს „კანონიერმა ქურდმა“ თ. გ-მ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა მ. გ-მ გადაწყვიტეს დაემცირებინათ ს. გ-ა, ჩაეყენებინათ იგი არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აეძულებინათ საკუთარ თავზე მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება.
· აღნიშნულის განსახორციელებლად, თ. გ-მ და მ. გ-მ ს. გ-ს მოსთხოვეს სახის არეში დაედო გაცხელებული უთო. ს. გ-მ, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ქ.თ-ში, ჭ. ლ-ს მეორე შესახვევის №...-ში, შეასრულა მათი არაადამიანური მოთხოვნა და სახის არეში დაიდო გაცხელებული საგანი, რომლის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი, გამოიწვია მისი მორალური ტანჯვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ, თ. გ-მ და მ. გ-მ მოსთხოვეს მოეჭრა ფეხის თითი, რის შემდეგ ს. გ-მ ფეხის არეში მიიყენა დაზიანება, რომლის შედეგად კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი, გამოიწვია მისი მორალური ტანჯვა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
· აღნიშნული არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ, თ. გ-მ და მ. გ-მ მოთხოვეს დროულად გადაეხადა „დაკისრებული“ თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.
· ს. გ-მ დაიწყო „ქურდული გარჩევის“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მ. გ-ს მიერ მითითებულ პირებს გზავნილების სახით, რამდენჯერმე გადაურიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები.
· „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. გ-ა და „კანონიერი ქურდი“ თ. გ-ა სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ს. გ-სა და ნ. დ-ს, რა დროსაც ითხოვდნენ თანხის არა ეტაპობრივად, არამედ - სრულად გადახდას 2022 წლის 24 აპრილის 12:00 საათამდე.
· მითითებულ დღეს, ვინაიდან ს. გ-მ ვერ შეძლო თანხის სრულად გადახდა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა მ. გ-მ და „კანონიერმა ქურდმა“ თ. გ-მ ს. გ-ს მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ს. გ-ა აიძულეს საკუთარ თავზე მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება - თავისივე ხელით მოეჭრა ყური და მოჭრილი ყური გადაეყლაპა. ს. გ-მ, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ქ. თ-ში, ვ-ში, ,,მესამეს“ მ-ე მიკრორაიონის №... „...“ კორპუსში მდებარე ბინა №...,,...-ში“ შეასრულა მათი მოთხოვნა და საკანცელარიო დანის მეშვეობით მოიჭრა ყური, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად გადაყლაპა, რითაც ს. გ-მ საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოაქმედება - ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
· აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. გ-ა და „კანონიერი ქურდი“ თ. გ-ა სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ს. გ-სა და ნ. დ-ს, რა დროსაც უკვე ორივეს სთხოვდნენ თანხის გადახდას.
· ასევე, თ. გ-ს და მ. გ-ს დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში ჩაერთვნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები - ვ. ჩ-ი და დ. უ-ი.
· 2022 წლის 3 მაისს, „ქურდული სამყაროს“ წევრები - ვ. ჩ-ი, დ. უ-ი, მ. გ-ა, მოდავე მხარე ჯ. ს-ა საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით, ვიდეო ზარით დაუკავშირდნენ ს. გ-ს და ნ. დ-ს, რა დროსაც მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და ორთავეს - ნ. დ-სა და ს. გ-ს მოსთხოვეს როგორც „კანონიერ ქურდ“ თ. გ-თვის, ასევე ჯ. ს-თვის სრულად გადაეხადათ თანხა, რისთვისაც განუსაზღვრეს კონკრეტული დრო.
· მოწყობილი „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, ს. გ-ს და ნ. დ-ს სისტემატიურად უკავშირდებოდნენ მითითებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „კანონიერი ქურდი“, რომლებიც ითხოვდნენ გადაწყვეტილების დროულად აღსრულებას.
· ამავდროულად „ქურდული სამყაროს“ წევრი - გ. ა-ი, რომელიც ასრულებდა „კანონიერი ქურდისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების პირდაპირ მითითებებს, სისტემატიურად უკავშირდებოდა ნ. დ-ს და სთხოვდა „ქურდული გარჩევის“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უპირობოდ და დროულად აღსრულებინა.
· აღნიშნულის შემდეგ, კვლავ გრძელდებოდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და მხარესთან დაკავშირება „ქურდული გარჩევის“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.


3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ლ-მ და ნ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ა-ს გამართლება.
4.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ძებნილი მსჯავრდებულის - ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მა. აღნიშნულ საკასაციო საჩივარს არ ჰქონდა ძებნილი მსჯავრდებულის თანხმობა, რაც ეცნობა საკასაციო საჩივრის ავტორს. ადვოკატმა დ. მ-მა ვერ წარმოადგინა ძებნილი მსჯავრდებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო საკასაციო ამ საჩივარს ტოვებს განუხილველად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების - მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ლ-სა და ნ. ჩ-ს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გ. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ. ა-ს ბრალეულობა მსჯავრად შერაცხულ ქმედებაში, კერძოდ: დაზარალებულების - ნ. დ-ს, ს. გ-ს ჩვენებებით, მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ჩვენებით, მოწმეების - დ. თ-ს, გ. ტ-ს, კ. კ-ს, ლ. ბ-ს, გ. ი-ს, მ. შ-ს, ა. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ფარული აუდიო ჩანაწერებითა და გაშიფრული კრებსითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
7. დაზარალებულების - ს. გ-სა და ნ. დ-ს ჩვენებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ გ. ა-ს „ქურდულ გარჩევაში“ და დავის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია; ასევე დადგენილია, რომ თანხის დაბრუნების მიზნით უშუალოდ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთი ხერხების გამოყენებას, რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად, დაშინებას, მუქარას, იძულებას, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებას ან სხვა უკანონო ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნ. დ-ა საუბრობს, რომ იგი შეხვედრისას გაეცნო, როგორც გ. ა-ი, იგივე „გ. ს-ი“ და განუცხადა, რომ იყო „კაი ბიჭი“, „ქუჩის ბიჭი“, „ძველი ბიჭი“ და „დღე-დღეზე ელოდებოდა, რომ შესულიყო დიდ ოჯახში, მონათლულიყო „ქურდად“, თუმცა, გარდა ამისა, აღნიშნული ჩვენება სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება; მაგალითად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი არც თავად მოიხსენიებს „ქურდული სამყაროსათვის“ დამახასიათებელი ანალოგიური ტერმინებით თავს და არც სხვა პირი მას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისათვის მხოლოდ „ქურდული სამყაროს” აღიარება და მასთან კავშირი საკმარისი არ არის და აუცილებელია ასევე, რომ აქტიურად იღებდეს მონაწილეობას მის საქმიანობაში ან სახეზე იყოს აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში მონაწილეობისათვის (აღნიშნულ ნიშნებში მოიაზრება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისათვის დამახასიათებელი აუცილებელი დანაშაულებრივი ქმედებები), რასაც მოცემულ შემთხვევაში უშულოდ გ. ა-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. როგორც დაზარალებულ ნ. დ-ს ჩვენებითა და არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, გ. ა-ი ნ. დ-ს შეხვდა და საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ თანხის დაბრუნების მოგვარებაში „ქურდები“ იყვნენ ჩარეულები და თანხა იყო გადასახდელი, თუმცა მისი მხრიდან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისათვის დამახასიათებელ რაიმე ქმედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მან ერთგვარად დამაკავშირებელი როლი შეასრულა თ. გ-ს, მ. გ-სა და დაზარალებულებს შორის; ეს იმ პირობებში, როდესაც გ. ა-მა ზუსტად იცოდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და აქტიური ქმედებით - ერთი მხრივ, დაზარალებულებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, თ. გ-სა და მ. გ-თვის ინფორმაციის გადაცემით ხელი შეუწყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ა-მა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
9. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.


12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ლ-სა და ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე;

2. მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი