Facebook Twitter

საქმე # 330802224009072250

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№18I-24 ქ. თბილისი

ა-ნი ე, 18I-24 20 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. აის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. ლ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2022 წლის 14 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2022 წლის 4 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ე. ა-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2022 წლის 27 მაისს.

2023 წლის 29 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა-ი.

2023 წლის 30 დეკემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2024 წლის 10 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2024 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, ე. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 29 ივნისამდე.

2. ე. ა-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 8 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ალანიის რაიონული მე-2 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით:

ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება) და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით), 220-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველ ნაწილის „a”, ,,c“, ,,f“ და ,,g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში), თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

2018 წლის 2 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის რეგიონულმა სასამართლომ საჩივარი მიიღო განსახილველად ძარცვის დანაშაულთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი უარყო.

2019 წლის 22 მაისს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველ ნაწილის „a“, ,,c“, ,,f“ და ,,g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში) გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში ზემოაღნიშნული განაჩენი გაუქმდა.

2020 წლის 25 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება) და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ნაწილში.

2019 წლის 29 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ალანიის რაიონული, მე-2 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით:

ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველ ნაწილის „a“, ,,c“, ,,f“ და ,,g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; აღნიშნული განაჩენით ე. ა-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის პირველ ივლისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის ალანიის აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ე. ა-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლითა და 15 თვით.

2021 წლის 19 მარტს გამოიცა ე. ა-ის დაკავების ბრძანება.

2021 წლის 16 აგვისტოდან ე. ა-ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

3. 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 25,26-ე პუნქტები):

ე. ა-მა დააფუძნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა.

2017 წელს, ე. ა-მა მისი დაჯგუფების წევრებს დაავალა დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება ამ უკანასკნელის მიერ ე. ა-ის მიმართ სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“ საჯაროდ გამოქვეყნებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მიღებული მითითების შესაბამისად, დაჯგუფების წევრებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაზარალებულს მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ამასთან, 2017 წელს, ე. ა-ის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს მისი კუთვნილი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

4. 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 27-ე პუნქტი):

2017-2018 წლებში ე. ა-მა, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ჩაიდინა დანაშაულები, კერძოდ, ერთ-ერთ ბიზნესთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, მოდავე მხარეები მივიდნენ ე. ა-ის ოფისში. აღნიშნული შეხვედრის დროს და შემდგომ, ე. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა დააშინეს ბიზნესის მესაკუთრეები და ფაქტობრივად, დაეუფლნენ მთლიან ბიზნესს. ამასთან, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, ბიზნესის ოპერირების შედეგად მიღებულ თანხას სრულად ითვისებდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები.

5. 2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი: ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება), 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ე. ა-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ალანიის რაიონული მე-2 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2018 წლის 8 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

დასაშვებად იქნა ცნობილი: ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“, ,,c“, ,,f“ და ,,g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ალანიის რაიონული მე-2 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა-ს – ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინების განჩინების გაუქმება და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

7.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ე. ა-ი თურქეთის მოქალაქე, პოლიტიკოსი, ბიზნესმენია. მას მშობლიურ ქვეყნაში პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მან სასამართლოს წარუდგინა ანგარიშები, რომლის მიხედვითაც, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას აქვს სერიოზული პრობლემები. მათ შორის სასამართლო სისტემა ხარვეზიანია. ადვოკატი აგრეთვე უთითებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში განვითარებული მოვლენების ამსახველ მასალაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება ფაქტი, რომ ე. ა-ს, თ-ში ჩასვლის შემთხვევაში, ემუქრება საფრთხე. ე. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის ცრუ. საექსტრადიციო პატიმრობის დროს ე. ა-ი ითხოვდა, რომ მისთვის გასაგებ ენაზე ჩაჰბარებოდა მასალები და გასცნობოდა მათ. მოცემულის საშუალება კი მას არ მიეცა. ამდენად, დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 16 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ე. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

8.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის განცხადება თ-ის რესპუბლიკაში ე. ა-ის პოლიტიკური დევნის თაობაზე, კერძოდ, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ე. ა-ი ჩართული იყო პოლიტიკურ აქტივობებში. რომც მივიჩნიოთ, რომ ე. ა-ი პოლიტიკურად საქმიანობდა, არ წარმოდგენილა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც მიუთითებდა, რომ ე. ა-ი იდევნება სწორედ ამის გამო. ფაქტი, რომ პირი შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის, თუნდაც, ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი, ვერ იქნება მისთვის იმუნიტეტი, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

8.2. პოზიციის მიხედვით, ე. ა-ის დევნის თაობაზე დაცვის მხარის მოსაზრებას კიდევ უფრო აბსტრაქტულს ხდის ის ფაქტი, რომ თ-ის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მიღებულია ე. ა-ის სასარგებლო რიგი, ფუნდამენტური გადაწყვეტილებები, კერძოდ, საქმის თავდაპირველი განხილვისას ე. ა-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უზენაესი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ გაუქმდა ე. ა-ს სასარგებლოდ. ამასთან, ე. ა-ი სასამართლომ გაათავისუფლა პატიმრობიდან. აღნიშნული, არსებითი ხასიათის გადაწყვეტილებებს ე. ა-ის სასარგებლოდ პრაქტიკულად არ გამოიტანდნენ იმ შემთხვევაში, თუ იგი რეალურად რაიმე ნიშნით დევნის სუბიექტი იქნებოდა. პირის მიმართ არაჯანსაღი მოტივებით დევნის განხორციელების შემთხვევაში, დევნის განმახორციელებელი პირები მოწოდებულნი არიან, დევნის სუბიექტის მიმართ გამოიყენონ ყველაზე მკაცრი ღონისძიებები და მიიღონ ყველაზე ხისტი გადაწყვეტილებები, რაც, ამ შემთხვევაში, არ გამოკვეთილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2023 წლის 29 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:

1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ექსტრადირება შესაძლებელია აგრეთვე, თუ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 25,26,27-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებების (რომლებიც დასჯადია თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილების სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე:

საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით (30/01/2024) დასტურდება, რომ ე. ა-ი (დაბადებული .. წლის .. იანვარს), არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალის თანახმად, საქმის განხილვის ეტაპზე, ე. ა-ი მონაწილეობდა უშუალოდ, ასევე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მეშვეობით. მას მიეცა საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულ სასამართლო სხდომებს, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ე. ა-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ინფორმირებულნი იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ე. ა-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მისი უფლებადამცველი ადვოკატები.

7.2. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ე. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის, შემთხვევაში იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის 25,26,27-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის, ხოლო 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს. ვინაიდან, ე. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილია 2018 და 2019 წლებში, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

8.2. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (21/11/2023), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ე. ა-ის სარჩელი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. შესაბამისად, ამ პირთან მიმართებით საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება დასრულებულია და ე. ა-ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციასდაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. ე. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.

11.5. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე მოცემულ პოზიციას აყალიბებს ზოგადი ფორმით და იგი აღნიშნავს, რომ მან სასამართლოს წარუდგინა ანგარიშები, რომლის მიხედვითაც, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას აქვს სერიოზული პრობლემები, მათ შორის, სასამართლო სისტემა ხარვეზიანია. როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემები არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

11.6. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ე. ა-ს გააჩნია დაცვის უფლება. ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო დაიცავს სპეციალობის წესს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ალანიის რესპუბლიკური პროკურორის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

11.7. საკასაციო საჩივარში ადვოკატი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის დროს, ე. ა-ი ითხოვდა, მისთვის გასაგებ ენაზე ჩაჰბარებოდა და გასცნობოდა საქმის მასალებს. აღნიშნულის საშუალება მას არ მიეცა; ამდენად, დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი.

11.8. საკასაციო სასამართლო ადვოკატის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, უთითებს, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი 2024 წლის 16 თებერვალს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს ე. ა-ის საექსტრადიციო მასალების (მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე) ჩაბარების თხოვნით. პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებას სთხოვს მოცემული მასალის ე. ა-ის ჩაბარებას და მოცემულის შესახებ მათ ინფორმირებას. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილია N8 დაწესებულების დირექტორის მიმართვა და მასზე დართული პენიტენციური დაწესებულების ხელწერილი, რომლითაც ირკვევა, რომ 2024 წლის 19 თებერვალს, ე. ა-მა ჩაიბარა საექსტრადიციო მასალები, უფლებების ჩამონათვალი და საექსტრადიციო პროცედურების აღწერილობა ქართულ-თურქულ ენებზე (52 ფურცლად). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ე. ა-ნი სწორედ საექსტრადიციო პატიმრობაში იყო, ვინაიდან იგი დაკავებულია 2023 წლის 29 დეკემბერს და ამჟამად, მისი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელებულია 6 თვემდე, კერძოდ, 2024 წლის 29 ივნისამდე. თავის მხრივ, იმგვარი პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, დაკავების ოქმი, რომლებიც ადგილზე საჭიროებდა თარგმნას, ე. ა-ს ყველა წესის დაცვით ეთარგმნა. რაც შეეხება დროის სხვა მონაკვეთში, დაცვის მხარის მოთხოვნას – თარგმნილ მასალათა გადაცემის თაობაზე, გენერალური პროკურატურის მიერ საკასაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, ხსენებულ ორგანოში მსგავსი განცხადება შეტანილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაცვის მხარის მოცემული არგუმენტი, არის დაუსაბუთებელი.

11.9. ადვოკატი საკასაციო საჩივარში აპელირებს ე. ა-ს სახლში ქურდობის ფაქტთან მიმართებით, რაც მისი მოსაზრებით, თ-ში ე. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ საფრთხეებს უსვამს ხაზს. დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტზე, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ მოცემული ქურდობის კავშირი ცალკეული პირების ან სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ე. ა-ის პოლიტიკური სახის დევნასთან მიმართებით, არ იკვეთება. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მყისიერად რეაგირდნენ და დანაშაულის ჩამდენი პირი მისცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

11.10. რაც შეეხება ადვოკატის მიერ მითითებულ დროის უახლოეს პერიოდში მუქარის წერილსა და შეტყობინებას, მოცემულზე თავად დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დაწყებულია გამოძიება. შესაბამისად, ადვოკატს არ მიუთითებია რაიმე ისეთ მასალაზე, რომელიც დაადასტურებდა თურქეთის რესპუბლიკის ორგანოს კომპეტენტური ორგანოს მიერ არაეფექტურ რეაგირებას.

11.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატის მტკიცება, რომ ე. ა-ის მიმართ დევნა ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

12. ამასთან, ადვოკატის მითითებაზე, რომ ე. ა-ის მიმართ არაერთი ცრუ ბრალდებაა წარდგენილი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენის გამო, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №9I-23 გადაწყვეტილება).

13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

13.1. რაც შეეხება წინამდებარე ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, განსახილველ შემთხვევაში, იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება ე. ა-ის ექსტრადიცია, თავად ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადასწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, ასეთი ჩარევა რომ ხორციელდებოდეს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. ლ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი