საქმე # 330802224009179213
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№19I-24 ქ. თბილისი
ზ-ი/ზ-სი დ, 19I-24 20 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ზ-ი/ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ზ-ი/ზ-ის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2023 წლის 28 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს სამხრეთ ოლქის მაგისტრატი მოსამართლის მიერ დამტკიცებული სისხლისსამართლებრივი საჩივრის თანახმად, დ. ზ-ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:
1.2. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
1.3. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება კომუნიკაციის საშუალებებით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
1.4. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1951-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება გამოძალვის მიზნით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
1.5. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1951-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გამოძალვა) რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით;
1.6. იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოსცა დ. ზ-ის დაკავების ბრძანება.
2. დ. ზ-ი/ზ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2023 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დ. ზ-ის ექსტრადიციის თაობაზე;
2.2. 2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ზ-ი;
2.3. 2023 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. ზ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2.4. 2023 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის წინაშე დ. ზ-მა განაცხადა უარი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით აშშ-ში ექსტრადიციაზე;
2.5. 2024 წლის 22 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დ. ზ-ის ექსტრადიციის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;
2.6. 2024 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. ზ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 15 ივნისამდე;
2.7. ამჟამად დ. ზ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, დ. ზ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
3.2. დ. ზ-ი იდენტიფიცირებულია, როგორც ე.წ. Karakurt-ის წევრი და დაკავშირებულია არაერთი ამერიკული წარმოშობის დაზარალებულის მიმართ ჩადენილ კიბერთავდასხმასა და გამოძალვასთან. Karakurt data extortion group alias Karakurt Team alias Karakurt Lair წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც იყენებს კომპლექსურ ტექნიკებსა და პროცედურებს კიბერთავდასხმებისა და დაზარალებულთაგან შემდგომი თანხის გამოძალვისათვის. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შემდგომ, დაჯგუფების წევრები უკანონოდ ეუფლებიან იქ არსებულ მონაცემებს, ფაილებსა და დაზარალებულის პირად ინფორმაციას, რის სანაცვლოდაც ითხოვენ დიდი ოდენობით თანხას, ეკვივალენტით ბიტკოინში. მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში, დაჯგუფების წევრები იმუქრებიან უკანონოდ მოპოვებული მონაცემებისა და ინფორმაციის აუქციონზე გაყიდვით ან/და გასაჯაროებით. ამასთან, დაზარალებულზე არსებითი ზეწოლის მიზნით, დაჯგუფების წევრები უკავშირდებიან დაზარალებულებთან დაკავშირებულ პირებს (დამსაქმებლებს, ბიზნესპარტნიორებსა და კლიენტებს).
3.3. 2021-2023 წლებში დ. ზ-ი შეკავშირდა მითითებული დაჯგუფების სხვა წევრებთან, ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, არაერთი დაზარალებული კომპანიისაგან ფულის გამოძალვის მიზნით. ამასთან, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დ. ზ-ი მონაწილეობას იღებდა, მათ შორის, ერთ-ერთ კომპანიასთან (კომპანია 5) წარმოებულ უშუალო კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებში, ჰპირდებოდა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს, რომ თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა კომპიუტერული თავდასხმის შედეგად მითითებული კომპანიისაგან უკანონოდ დაუფლებული მონაცემების წაშლას. აღნიშნული გამოძალვის ფაქტის შედეგად, კომპანიამ უზრუნველყო 1.37 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ბიტკოინის დაჯგუფების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშზე გადარიცხვა. მიუხედავად მიღებული თანხისა, დ. ზ-მა მოგვიანებით კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ქმედებები ზემოაღნიშნული კომპანიის მიმართ.
3.4. გარდა აღნიშნულისა, 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის იანვარში დ. ზ-მა მიიღო და გაათეთრა ზემოაღნიშნული დაჯგუფების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად მოპოვებული უკანონო ფინანსური შემოსავლები.
4. 2024 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დ. ზ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საეთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 28 ნოემბერს დამტკიცებულ სისხლისსამართლებრივ საჩივარში.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმება.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა დ. ზ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:
· დაცვის მხარის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით, არის უსაფუძვლო და არ უკავშირდება დ. ზ-ის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტასთან;
· დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ექსტრადიციის შემთხვევაში დ. ზ-ის ცალკეული უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით; აგრეთვე - რაიმე დამაჯერებელი ინფორმაცია დ. ზ-ის მიმართ რაიმე ნიშნით დევნასთან მიმართებით;
· დ. ზ-ის აშშ-ში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და კანონის ამავე დებულებების საფუძველზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმება - საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი დეკლარაცია დ. ზ-ის ექსტრადიციის შესახებ.
4. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ზ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2023 წლის 15 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6.2. შუამდგომლობაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის ქმედებები გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსით, კერძოდ, აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება კომუნიკაციის საშუალებებით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1951-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება გამოძალვის მიზნით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1951-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გამოძალვა) რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; ამასთან, მითითებული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით.
6.3. დ. ზ-ის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში ისინი დასჯადი იქნებოდა სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე ვადით.
6.4. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ზ-ის ბრალად წარდგენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ დ. ზ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ლ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
8.2. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა შესაძლო ჩადენისთვისაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ბრალდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
8.3. დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც განხორციელდა 2021-2023 წელს. ამასთან, 2023 წელს დამტკიცებულია სისხლისამართლებრივი საჩივარი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირებისათვის ბრალდების წარდგენის თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით გასული არ არის.
8.4. ასევე, ამერიკული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არც ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა არცერთ დანაშაულთან მიმართებით.
8.5. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (ამერიკის შეერთებული შტატების), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
9. პრინციპი ,,Non bis in idem“:
9.1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem).
9.2. დ. ზ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპი.
10. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დ. ზ-ის ადვოკატის - მ. ბ-ის მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ დ. ზ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის inter alia მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.
12. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქვეყანას, რომელშიც მყარად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს დემოკრატიულ მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom Houses-ის ყოველწლიურ ანგარიშში 2023 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატები ითვლებოდა თავისუფალ ქვეყნად და მაღალი ქულები ჰქონდა სამოქალაქო უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. World Justice Project-ის 2017-2018 წლის კანონის უზენაესობის ანგარიშის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე კარგი შეფასება აქვს კანონის უზენაესობასთან მიმართებით (მსოფლიოში მე-19 ადგილზეა) და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით (მსოფლიოში მე-20 ადგილზეა). ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.
13. დ. ზ-ის ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მოთხოვნილი იქნება დ. ზ-ის ექსტრადიცია, არ გამოიყენება სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტები არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დ. ზ-ის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას ან არსებობს ასეთის საფრთხე. აღნიშნული დოკუმენტებიდან ასევე არ იკვეთება „აშკარა“ უკანონობის ნიშნები დ. ზ-ის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივ საფუძვლებში.
15. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი ინფორმაცია დ. ზ-ის მიმართ რაიმე ნიშნით დევნასთან მიმართებით. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არის ეროვნებით რუსი, არ ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი ცალკეული უფლებების მიზანმიმართულ დარღვევას.
16. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დ. ზ-ის ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რათა საქართველომ განიხილოს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გარანტიის წარმოდგენა სპეციალობის წესის დაცვასა და დასახელებული პირების მესამე სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საექსტრადიციო მასალების პაკეტთან ერთად, მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია დ. ზ-ის მიმართ სპეციალობის წესის დაცვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე მესამე სახელმწიფოსათვის მათი გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს დამატებით გარანტიას, იმისათვის რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები განხორციელდეს მხოლოდ იმ დანაშაულთათვის, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება მათი ექსტრადიცია და ამასთან, ამერიკული მხარის მიერ არ მოხდეს მისი მესამე სახელმწიფოში ექსტრადიცია.
17. დაცვის მხარე არ ეთანხმება დ. ზ-ის ექსტრადიციას იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ მისი ბრალეულობის თაობაზე მტკიცებულებები.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა წარედგინოს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველ სახელწიფოს. აღნიშნულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას შორის არ არის მითითებული პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მართალია, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, წინამდებარე შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მნიშვნელოვანია კონვენციით დადგენილი ანალოგიური რეგულაციის განხილვა შესაბამისი ევროპული სტანდარტის შეფასების მიზნებისთვის, კერძოდ, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი შეიცავს იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც ეკისრება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითება, რაც ჩამონათვალის ამომწურავი ბუნებიდან გამომდინარე, ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულებების ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ მათი განხილვის სამართლებრივი მექანიზმი და საფუძველი არ არსებობს. ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებები ვერ გამოითხოვება ვერც დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის გზით, ვინაიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელთა მოწოდების ვალდებულება გააჩნია ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს, რომელთა შეფასების უფლებამოსილებაც/ვალდებულებაც აქვთ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და რომელთა შეფასებაც ექსტრადიციის პროცედურების ფარგლებში აუცილებელია/ მიზანშეწონილია. დამატებითი ინფორმაცია ვერ იქნება გამოთხოვილი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში.
19. გარდა აღნიშნულისა, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული არც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2023 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციაში. კერძოდ, აღნიშნული დეკლარაციის მე-5 პუნქტი ადგენს იმ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც უნდა იქნეს წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად და რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებულია კანონით დადგენილ ვადაში.
20. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია ბრალეულობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
21. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).
21.2. საექსტრადიციო მასალების თანახმად, დ. ზ-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი. ამასთან, მისი ექსტრადიცია მოითხოვება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის, რისთვისაც გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში ეყოლებოდა მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები, დანაშაულის სიმძიმისა და უფლების პოტენციური შეზღუდვის ინტენსიობის გათვალისწინებით, მისი ექსტრადიცია სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან. ამდენად, დ. ზ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ზ-ი/ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი