Facebook Twitter

საქმე # 050100120003690566

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1258აპ-23 თბილისი,

მ-ა ზ, 1258აპ-23 14 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ას, მსჯავრდებულების – ზ. მ-სა და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1. ზ. მ-ას ბრალად დაედო „ქურდული სამყაროს წევრობა,“ რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. მ-ა არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრებთან: ლ. ქ-ან, ვ. ბ-სა და სხვა პირებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში, კერძოდ:

2020 წლის 10 თებერვალს, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრებმა მ. ხ-მა ონლაინ ტოტალიზატორ „ლ-ში“ თამაშის დროს მოიგო 55 000 ლარი, რის შესახებაც გაიგეს ქურდული სამყაროს წევრებმა: ზ. მ-მ, ვ. ბ-მ და ლ. ქ-მა. იმავე ღამით, დაახლოებით, 21:00 საათზე, ვ. ბ-ძე და ლ. ქ-ნი იმყოფებოდნენ ო-ში. ისინი მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ მ. ხ-ს და უ-ის სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული „კანონიერი ქურდის“, გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოსთხოვეს მოგებული თანხის ნაწილის, 10 000 ლარის მომდევნო დღეს გადახდა, რა შემთხვევაშიც, „ქურდული სამყარო“ მის საქციელს დაუფასებდა, მფარველობას აღმოუჩენდა და მოგებული თანხიდან დარჩენილი ნაწილის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვას შეძლებდა.

იმავე ღამეს, მობილური ტელეფონით, მ. ხ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრები ზ. მ-ც და 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით, 22:00 საათის შემდგომ, დაბა უ-ი, რესტორან „მ-ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა აიძულა.

შეხვედრის დროს ზ. მ-მ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის ჩასარიცხად მ. ხ-ნ უკანონოდ მოითხოვა 15 000 ლარი, რომლის გადახდაზეც იგი წინააღმდეგი იყო. აღნიშნულის გამო, გადასახდელი თანხის განსაზღვრის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მ. ხ-ი, ზ. მ-ს კატეგორიული მოთხოვნით და მასთან ერთად, მივიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში. იქ შეხვდნენ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს. თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ-მ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრმა, „კანონიერი ქურდის“ გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით, ლ. ქ-სა და ვ. ბ-ის მიერ უკანონოდ მოთხოვნილი 10 000 ლარის გარდა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, მომდევნო დღისთვის 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრების: ზ. მ-ს, ვ. ბ-ის, ლ. ქ-ისა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრის უკანონო ქმედებებით შეშინებული, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ოდენობით უკმაყოფილო მ. ხ-ი, უკანონოდ მოთხოვნილი თანხის შემცირების და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ირგვლივ „ქურდული სამყაროს“ ზემოაღნიშნულ წევრებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, 2020 წლის 11 თებერვალს განერიდა საცხოვრებელ ადგილს ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და ქალაქ ფ-ში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს“ წევრ ვ. კ-ს „ქურდული გარჩევისათვის“ მიმართა. ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრები: ზ. მ-ა, ვ. ბ-ე და ლ. ქ-ნი, „ქურდულ სამყაროში“ არსებული რეპუტაცია-გავლენის შესანარჩუნებლად, ასევე იმის გამო, რომ მ. ხ-მა „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს, ვ. კ-ს მიმართა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში დაშინების, მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ამ გზით დაკისრებული თანხის იძულებით გადასახდელად ეძებდნენ.

1.2. ლ. ქ-ნს ბრალად დაედო ,,ქურდული სამყაროს წევრობა,“ რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. ქ-ნი არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრებთან: ვ. ბ-ან, ზ. მ-სა და სხვა პირებთან ერთად, ს-ოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში, კერძოდ:

2020 წლის 10 თებერვალს, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრებმა მ. ხ-მა ონლაინტოტალიზატორ „ლ-ში“ თამაშის დროს მოიგო 55 000 ლარი, რის შესახებაც გაიგეს ქურდული სამყაროს წევრებმა: ლ. ქ-მა და ვ. ბ-მ, აგრეთვე – ზ. მ-მ. იმავე ღამით, დაახლოებით, 21:00 საათზე, ლ. ქ-ნი და ვ. ბ-ძე იმყოფებოდნენ ქალაქ ო-ში და მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ მ. ხ-ლს, რომელსაც უ-ის სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული „კანონიერი ქურდის“, გ. კ-ს სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოსთხოვეს მოგებული თანხის ნაწილის – 10 000 – ლარის მომდევნო დღეს გადახდა, რა შემთხვევაშიც, „ქურდული სამყარო“ მას საქციელს დაუფასებდა, მფარველობას აღმოუჩენდა და მოგებული თანხიდან დარჩენილი ნაწილის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვას შეძლებდა.

იმავე ღამეს, მობილური ტელეფონით, მ. ხ-ს აგრეთვე დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი, ო-ის უნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრები ზ. მ-ა და 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით, 22:00 საათის შემდგომ, დაბა უ-ში, რესტორან „მ-ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა აიძულა.

შეხვედრის დროს, ზ. მ-მ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის ჩასარიცხად მ. ხ-ნ უკანონოდ მოითხოვა 15 000 ლარი, რომლის გადახდაზეც იგი წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნულის გამო, გადასახდელი თანხის განსაზღვრის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მ. ხ-ი ზ. მ-ას კატეგორიული მოთხოვნით და მასთან ერთად, მივიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, სადაც „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს შეხვდნენ.

თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ-მ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრმა, „კანონიერი ქურდის“ გ.კ-ს სარგებლის მიღების მიზნით, ლ. ქ-ის და ვ. ბ-ის მიერ უკანონოდ მოთხოვნილი 10 000 ლარის გარდა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, მომდევნო დღისთვის 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრების: ლ. ქ-ის, ვ. ბ-ის, ზ. მ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრის უკანონო ქმედებებით შეშინებული და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხით უკმაყოფილო მ. ხ-ი, უკანონოდ მოთხოვნილი თანხის ოდენობის შემცირებისა და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ირგვლივ, „ქურდული სამყაროს“ ზემოაღნიშნულ წევრებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, 2020 წლის 11 თებერვალს განერიდა საცხოვრებელ ადგილს (ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას) და ქალაქ -ში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს“ წევრს, ვ. კ*ს „ქურდული გარჩევის“ განსახორციელებლად მიმართა.

ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრები: ლ. ქ-ნი, ვ. ბ-ძე და ზ. მ-ა, „ქურდულ სამყაროში“ არსებული რეპუტაცია-გავლენის შესანარჩუნებლად, ასევე იმის გამო, რომ მ. ხ-მა „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს, ვ. კ-ს მიმართა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში დაშინების, მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ამ გზით დაკისრებული თანხის იძულებით გადასახდელად ეძებდნენ.

1.3. ვ. ბ-ს ბრალად დაედო ,,ქურდული სამყაროს წევრობა,“ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. ბ-ძე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრებთან: ლ. ქ-ან, ზ. მ-სა და სხვა პირებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში, კერძოდ:

2020 წლის 10 თებერვალს, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრებმა მ. ხ-მა ონლაინ ტოტალიზატორ „ლ-ში“ თამაშის დროს მოიგო 55 000 ლარი, რის შესახებაც გაიგეს ქურდული სამყაროს წევრებმა: ვ. ბ-მ და ლ. ქ-მა, აგრეთვე ზ. მ-მ. იმავე ღამით, დაახლოებით, 21:00 საათზე, ვ. ბ-ძე და ლ. ქ-ნი იმყოფებოდნენ ქალაქ ო-ში და მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ მ. ხ-ს, რომელსაც უ-ის სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული „კანონიერი ქურდის“ – გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოსთხოვეს მოგებული თანხის ნაწილის, 10 000 ლარის მომდევნო დღეს გადახდა, რა შემთხვევაშიც, „ქურდული სამყარო“ მის საქციელს დაუფასებდა, მფარველობას აღმოუჩენდა და მოგებული თანხიდან დარჩენილი ნაწილის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვას შეძლებდა.

იმავე ღამეს, მობილური ტელეფონით, მ. ხ-ს აგრეთვე დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრები ზ. მ-ია და 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით, 22:00 საათის შემდგომ, დაბა უ-ში, რესტორან „მ-ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა აიძულა.

შეხვედრის დროს, ზ. მ-მ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის ჩასარიცხად მ. ხ-ან უკანონოდ მოითხოვა 15 000 ლარი, რომლის გადახდაზეც იგი წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნულის გამო, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მ. ხ-ლი ზ. მ-ს კატეგორიული მოთხოვნით და მასთან ერთად მივიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, სადაც შეხვდნენ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს.

თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ-ამ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრმა, „კანონიერი ქურდის,“ გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით, ლ. ქ-ის და ვ. ბ-ის მიერ უკანონოდ მოთხოვნილი 10 000 ლარის გარდა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, მომდევნო დღისთვის 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრების: ვ. ბ-ის, ლ. ქ-ის, ზ. მ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრის უკანონო ქმედებებით შეშინებული და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ოდენობით უკმაყოფილო მ. ხ-ი, უკანონოდ მოთხოვნილი თანხის შემცირებისა და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ირგვლივ, „ქურდული სამყაროს“ ზემოაღნიშნულ წევრებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად, 2020 წლის 11 თებერვალს განერიდა საცხოვრებელ ადგილს, ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და ქალაქ ფ-ში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს“ წევრს, ვ. კ-ს „ქურდული გარჩევისათვის“ მიმართა.

ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრები: ვ. ბ-ძე, ლ. ქ-ანი და ზ. მ-ა, „ქურდულ სამყაროში“ არსებული რეპუტაცია-გავლენის შესანარჩუნებლად, ასევე იმის გამო, რომ მ. ხ-მა „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს, ვ. კ-ს მიმართა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში დაშინების, მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ამ გზით დაკისრებული თანხის იძულებით გადასახდელად ეძებდნენ.

ვ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ,,ამფეტამინი,“ წონით – 0.0014 გრამი და ,,მეტამფეტამინი (მარილი)“, წონით – 0.00016 გრამი, რომლებსაც 2020 წლის 14 აპრილს ასევე უკანონოდ ინახავდა: ო-ში, ი-ას ქუჩის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შსს-ს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ვ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

1.4. ვ. კ-ს ბრალად დაედო ,,ქურდული სამყაროს წევრობა,“ რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. კ-ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ქალაქ ფ-ის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში, კერძოდ:

2020 წლის 10 თებერვალს, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრებმა მ. ხ-მა ონლაინ ტოტალიზატორ „ლ-ში“ თამაშის დროს მოიგო 55 000 ლარი, რის შესახებაც გაიგეს ქურდული სამყაროს წევრებმა: ლ. ქ-მა და ვ. ბ-მ, აგრეთვე – ზ. მ-მ. იმავე ღამით, დაახლოებით, 21:00 საათზე, ლ. ქ-ნი და ვ. ბ-ძე იმყოფებოდნენ ო-ის მუნიციპალიტეტის ქალაქ ო-თში და მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ მ. ხ-ს, რომელსაც უ-ის სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული „კანონიერი ქურდის“, გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოსთხოვეს მოგებული თანხის ნაწილის, 10 000 ლარის მომდევნო დღეს გადახდა, რა შემთხვევაშიც „ქურდული სამყარო“ მის საქციელს დაუფასებდა, მფარველობას აღმოუჩენდა და მოგებული თანხიდან დარჩენილი ნაწილის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვას შეძლებდა. იმავე ღამეს, მობილური ტელეფონით, მ. ხ-ს აგრეთვე დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი, ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრები ზ. მ-ა და 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით, 22:00 საათის შემდგომ, დაბა უ-ში, რესტორან „მ-ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა აიძულა.

შეხვედრისას, ზ. მ-მ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ თანხის ჩასარიცხად მ. ხ-ან უკანონოდ მოითხოვა 15 000 ლარი, რომლის გადახდაზეც იგი წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნულის გამო, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მიხეილ ხარაიშვილი ზ. მ-ს კატეგორიული მოთხოვნით და მასთან ერთად, მივიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, სადაც შეხვდნენ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრს. თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ-მ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრმა, „კანონიერი ქურდის,“ გ. კ-ის სარგებლის მიღების მიზნით ლ. ქ-სა და ვ. ბ-ს მიერ უკანონოდ მოთხოვნილი 10 000 ლარის გარდა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, მომდევნო დღისთვის 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრების: ლ. ქ-ის, ვ. ბ-ს, ზ. მ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრის უკანონო ქმედებებით შეშინებული და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხით უკმაყოფილო მ. ხ-ი, უკანონოდ მოთხოვნილი თანხის შემცირების და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხი თანხის ირგვლივ „ქურდული სამყაროს“ ზემოაღნიშნულ წევრებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, 2020 წლის 11 თებერვალს განერიდა საცხოვრებელ ადგილს, ო-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და „ქურდული გარჩევისათვის“ მიმართა ქალაქ ფ-ში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს“ წევრ ვ. კ-ს, რომელიც კრიმინალური საქმიანობით დაკავშირებულია საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან,“ 1977 წლის 24 აპრილს დაბადებულ ჯ. ბ-ან (რომელიც „ქურდულ სამყაროში“ ცნობილია ზედმეტსახელით „ბ-ო“).

თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრმა – ვ. კ-მ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად ასრულებს „კანონიერი ქურდის“ – ჯ. ბ-ის – მიერ მიცემულ უკანონო დავალებებს, 2020 წლის 11 თებერვალს, ქალაქ ფ-ში შეხვედრის დროს, მ. ხ-ს „ქურდული გარჩევის“ გზით დახმარება აღუთქვა. მისგან მოისმინა ქურდული სამყაროს წევრებთან: ლ. ქ-ან, ვ. ბ-ნ, ზ. მ-სა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან არსებული პრობლემების თაობაზე, რის შემდეგ განუცხადა, რომ მოქმედებდა „კანონიერი ქურდის“ – ჯ. ბ-ის – დავალებით, მასთან შეთანხმებითა და მათი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ მ. ხ-ი „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩარიცხავდა 10 000 ლარს, „კანონიერი ქურდი“ ჯ. ბ-ი ქმედებას დაუფასებდა, მფარველობას აღმოუჩენდა და მოგებული 55 000 ლარიდან დარჩენილი ნაწილის თავისი შეხედულებისამებრ განკარგვას შეძლებდა.

„ქურდული სამყაროს“ წევრ ვ. კ-ის „კანონიერ ქურდთან“ – ჯ. ბ-ან შეთანხმებით მოწყობილი „ქურდული გარჩევით“, მოგებული თანხიდან მხოლოდ 10 000 ლარის გადახდა (მაშინ, როდესაც „ქურდული სამყაროს“ წევრები: ლ. ქ-ნი, ვ. ბ-ძე, ზ. მ-ა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრი, მისგან 28 000 ლარს მოითხოვდნენ), მ. ხ-ის იყო მისაღები. ამდენად, მან „ქურდული სამყაროს“ წევრს – ვ. კ-ეს – ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში გადასცა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად განკუთვნილი 10 000 ლარი, იმ შეთანხმებით, რომ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრები მ. ხ-ს, უკვე გადახდილი 10 000 ლარის გარდა, დამატებით თანხის გადახდას ვეღარ მოსთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოიყენებდა „კანონიერი ქურდის“ – ჯ. ბ-ის ან თავად ვ. კ-ის, როგორც ქურდული სამყაროს წევრის, კრიმინალურ გავლენასა და ავტორიტეტს.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ზ. მ-ა, დაბადებული .. წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

2.2. ვ. კ-ძე, დაბადებული .. წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ვ. კ-ის მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვ. კ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

2.3. ლ. ქ-ნი, დაბადებული ... წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

2.4. ვ. ბ-ძე, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, კერძოდ, 2020 წლის 14 აპრილიდან.

მსჯავრდებულ ვ. ბ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა:

სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ ლ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის, მსჯავრდებულების: ზ. მ-სა და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ. გ-სა და ფ. ს-ის, მსჯავრდებულ ვ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ზ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

ვ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ვ. კ-ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვ. კ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით) და საბოლოოდ, ვ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

ლ. ქ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

ვ. ბ-ძე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან, 2020 წლის 14 აპრილიდან.

4. კასატორი – ვ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ლ-ია – ითხოვს: ვ. კ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის მასალებით დადგენილია და არც თავად ბრალდების მხარე უარყოფს, რომ საქმეში ვ. კ-ე მისი ინიციატივით არ ,,ჩართულა.“ მ. ხ-ი მასთან დახმარების თხოვნით მივიდა. შესაბამისად, მისი ქმედებით არ გამოკვეთილა დაშინება, მუქარა, იძულება. ვ. კ-ს ერთადერთი მიზანი იყო მ. ხ-ის დახმარება. წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვ. კ-მ ეს თანხა რომელიმე ქურდს ან ქურდული სამყაროს წევრს ჩაურიცხა. რაც შეეხება საქმეში არსებულ სატელეფონო კრებსებს, რომლებშიც ვ. კ-ის საუბრებია, ეს მისი მხრიდან ე.წ. ,,ცრუ მანევრი“ იყო. მ. ხ-ი იძახდა, რომ ეს თანხა ვინმე ,,ბ-ოს“ გადაურიცხა. ქურდებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დამატებით თანხას აღარ მოსთხოვდნენ. ვ. კ-ის ასეთმა ქმედებამ შედეგი გამოიღო და მ. ხ-ის თანხა აღარ მოუთხოვიათ.

5. კასატორი – მსჯავრდებულების: ზ. მ-სა და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ფ. ს-ი ითხოვს მსჯავრდებულების ზ. მ-სა და ვ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომლითაც მსჯავრდებულების მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა დადასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

6. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა ჩხაიძემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა დაცვის მხარის, ზ. მ-ას, ვ. ბ-ის, ვ. კ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ე. ლ-სა და ფ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

შესაგებლის მიხედვით, ვ. ბ-ის, ზ. მ-ს, ლ. ქ-ის ქმედებები გასცდა ,,ქურდული სამყაროს“ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად აღიარებას და მ. ხ-ის ,,ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ ფულის მოთხოვნით, აქტიური ქმედებებით, ,,ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, აშკარად გამოიკვეთა დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო მეორე ნიშანიც – ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

ვ. კ-ე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, სატელეფონო კრებსებით, ადასტურებს – ,,ქურდული სამყაროს წევრობას,“ ქურდული ტრადიციების მიმართ პატივისცემას, ამ სამყაროს ფუნქციონირებისა და გაძლიერებისათვის ხელის შეწყობას, ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მიმართ ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ ავტორიტეტის გამოყენებასა და სარგებლის მიღებას.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-მ, ვ. კ-მ, ლ. ქ-ნმა და ვ. ბ-მ ჩაიდინეს – ,,ქურდული სამყაროს წევრობა.“

10. დაცვის მხარე – ვ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ლ-ა და მსჯავრდებულების: ზ. მ-სა და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. ს-ი – ითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების გამართლებას, ვინაიდან, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ექსპერტიზის დასკვნით), უტყუარად დადასტურებულია ზემოხსენებულ, კასატორ მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

12. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვდენილია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. მოწმეთა მიერ საქმისათვის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის შესაბამისი ფარული ჩანაწერებით.

13. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ. ხ-მა განმარტა, რომ ის არის ვ. ბ-ის მეჯვარე. ზ. მ-ა მისი სოფლელია, ვ. კ-ე – მეგობარი, ხოლო ლ. ქ-ნს არ იცნობს. მან მოიგო 55 000 ლარი და წავიდა ბ-ში თანხის მოსახსნელად. როდესაც ბრუნდებოდა, ზ. მ-მ დაურეკა და ისინი ურეკში შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ დაურეკა ლ-ს (ვ. ბ-ეს), როგორც მეგობარს, და უთხრა, რომ ფული მოიგო, რადგან ეგონა, გაუხარდებოდა. ვ. ბ-ს იქვე გვერდით ედგა ლ. ქ-ნი, რომელიც დაელაპარაკა და უთხრა, 10 000 ლარი გადავცეთ გ. კ-სო. შეკითხვაზე, ვინ იყო გ. კ-ე ლ-მ უპასუხა: ,,ქურდია“ და გადავცეთო. მან განუცხადა, რომ ამხელა თანხას, ვერ მისცემდა. საბოლოოდ, 28 000 ლარი მოსთხოვეს. ნერვიულობის ნიადაგზე ალკოჰოლს იღებდა. ჩავიდა უ-ში, სადაც სვამდა. იქ ყოფნისას მიაკითხეს ცოლის ძმამ – ლ. ჭ-მ და რ. ძ-მ. იგი რ. ძ-ან ერთად, ვ. კ-ნ სახლში მეგობრულად მივიდა. იქაც დალია და მოუყვა თავისი მდგომარეობა. ვ. კ-ძე გადაირია, რამეს მოვიფიქრებთო. შემდეგ უთხრა, მოდი, ხალხში ვთქვათ, რომ ვითომ „ბ-ა“ ვიღაც ქურდი, ვითომ მას გადავეცით 10 000 ლარი და ყველა შეგეშვებაო. ამის შემდეგ იყო სოფელ ნ-ში, სადაც ვ. ბ-მ, ლ. ქ-მა და ზ. მ-მ მიაკითხეს. მათ ჰკითხეს სად არის ფული, რომ დაგვპირდიო. უპასუხა, რომ ფული უკვე „ბ-ოს“ მისცა. მათ უთხრეს, 2500 ლარი მაინც მოგვეციო. მოწმემ დაურეკა ვ. კ-ს, რომელმაც უთხრა, ,,ვინ გთხოვს ფულს, რა ფულს გთხოვს, მასე გასაცემი ფული თუ გაქვს, სახლი გაქვს გასაკეთებელი, ორი შვილი გყავს გასაზრდელი, ამდენი პრობლემა გაქვს, მე არ გამომირთმევია შენთვის ფული და სხვას რას აძლევ, დაველაპარაკები მე მაგათო“. ვ. კ-ძე მართლაც დაელაპარაკა ბიჭებს და შემდეგ არავის შეუწუხებია.

14. საკასაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის მიერ გარკვეული სახის გარემოებების განსხვავებულად მითითების პარალელურად, დეტალურად აფასებს არამხოლოდ განსახილველი დანაშაულის ბუნებას, სპეციფიკას, აგრეთვე – თავად დაზარალებულის ქმედებებს უშუალოდ გამოძიების სტადიასა და შემდგომ სასამართლოში; აგრეთვე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობას საქმის სხვა, უტყუარი სახის მასალასთან და მხოლოდ ამის შემდგომ აფასებს დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე გარკვეულ გარემოებათა განსხვავებულად აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების სანდოობას.

15. სააპელაციო პალატა მართებულად აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გარკვეული ფაქტები მსჯავრდებულების სასარგებლოდ განმარტა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მან დაადასტურა რამდენიმე სახის მნიშვნელოვანი სახის გარემოება, კერძოდ, რომ:

ვ. ბ-ძე და ლ. ქ-ნი „კანონიერ ქურდ“ გ. კ-ის გადასაცემად სთხოვდნენ 10 000 ლარს; ასევე ზ. მ-ც „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ სთხოვდა თანხას; თანხის ჯამური ოდენობა იყო 28 000 ლარი; ვ. კ-ძე დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. ამის შემდეგ სოფელ ნ-ში შეხვდა: ლ. ქ-ნს, ვ. ბ-სა და ზ. მ-ას, რომლებმაც მოსთხოვეს, 2500 ლარი მაინც გადაეხადა.

16. ამასთან, დაზარალებულმა მ. ხ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო ვ. კ-ის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად თანხის გადაცემის ფაქტი და განმარტა, რომ „კანონიერ ქურდ“ ,,ბ-ს“ 10 000 ლარის გადაცემის ამბავი მან და ვ. კ-მ გამოიგონეს, რათა ის ხალხი ჩამოეშორებინა, ვინც ფულს სთხოვდა.

17. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულ მ. ხ-ის გამოკითხვის ოქმები, რის შემდეგაც მან განმარტა, რომ ყოველი გამოკითხვის დროს იყო ნასვამი.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების სტადიაზე დაზარალებული მოტივირებული იყო, ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის. იგი ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში, გამოიკითხა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასამართლოსათვის განსხვავებული ჩვენების მიცემა ნამდვილად ჰგავს ,,ქურდული სამყაროს“ მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც მათთან დაპირისპირების შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას.

19. დაზარალებულის მიერ მითითებული, გარკვეული სახის ინფორმაცია, მათ შორის მოგებული და მოთხოვნილი თანხის ოდენობა, დადასტურებულია სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც, კერძოდ:

20. მოწმეების: ბ. ხ-ის, ლ. ხ-ის, მ. გ-ის – ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვალს მ. ხ-მა ონლაინ ტოტალიზატორში მოიგო 55 000 ლარი.

21. მოწმე ლ. ჭ-მ განმარტა, რომ 2020 წლის 11 თებერვალს დაურეკა დამ, თვალჩინა ჭ-მ და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ, მ. ხ-მა, ტოტალიზატორში მოიგო 55 000 ლარი. ასევე უთხრა, რომ იგი სვამდა და 28 000 ლარი ჰქონდა გასაცემი, მაგრამ ვისთვის, არ უთქვამს. იგი მივიდა თავისი შვილის ნათლიასთან, რ. ძ-ნ, რომელსაც სთხოვა, მიეხედა მისი სიძისთვის. შემდეგ ნახა მ-ი, ჩაისვა მანქანაში და წავიდნენ ფ-ის მიმართულებით. ფ-ში ჩასვლის შემდეგ, თავად სამსახურის საქმეზე გაემართა, ხოლო მ-ი და რ-ი დატოვა რკინიგზის სადგურთან. საღამოს დაურეკა რ-ს და ჰკითხა, რა ხდებოდა. მან უპასუხა, რომ ვ. კ-მ და მ-მა რაზე ისაუბრეს, არ იცის. შემდეგ ვ-ო და მ-ი წავიდნენ სოფელ შ-ში. ამასობაში დაურეკა დამ და უთხრა, 10 000 ლარი აქვს გასაცემი, ასე მითხრა მ-აო. ეს თანხა გასცა თუ არა, უცნობია. მეორე დილას დაურეკა ლ-მ, იმავე ვ. ბ-მ, რომელმაც უთხრა, 28 000 ლარი აქვს მოსაცემიო. მისმა სიძემ, უთხრა, რომ მას და ვ. კ-ს მოულაპარაკებიათ, რომ, თითქოს, 10 000 ლარი უნდა გაგზავნილიყო ,,კანონიერ ქურდთან,“ „ბ-ნ“. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გახმაურებულიყო და ვინც სთხოვდა მისი დის ოჯახს 28000 ლარს, თავი დაენებებინა.

22. მოწმე თ. ხ-ის განმარტებით, მან მ-ნ შეიტყო, რომ 28 000 ლარი კანონიერი ქურდებისთვის იყო გადასახდელი. მ-მა 10 000 ლარი ფ. კ-ს გადასცა, თუმცა თვითონ თანხის გადაცემის პროცესს არ დასწრებია. 10 000 ლარი რომ გადაიხადა, ეს ყველამ იცოდა. შემდეგ, სექტემბერში მ-მა უთხრა, რომ თანხის გადახდის ამბავი გაუთამაშებიათ, რათა ჩამოეშორებინა პირები, რომლებიც ფულს სთხოვდნენ.

23. მოწმე გ. მ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ზამთარი იყო, მ-მა რომ დაურეკა, უთხრა, ფული მოვიგეო და ბ-ში თანხის გამოსატანად წაყოლა სთხოვა. იგი დასთანხმდა. სხვებიც ახლდნენ. ბ-ში წავიდნენ მ-ის ავტომანქანით. 5000 ლარი ანგარიშზე დარჩა, დანარჩენი კი მ-მა წამოიღო. 3-4 დღის შემდეგ, საღამოს, მასთან მეუღლესთან ერთად, ნასვამი მ. ხ-ი მივიდა და უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა თანხასთან დაკავშირებით და რომ ვ. ბ-ის მისაცემი ჰქონდა 10 000 ლარი, ხოლო ზ. მ-ის – 18 000 ლარი. რატომ სთხოვდნენ ისინი თანხას, მისთვის უცნობია.

24. საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის გარემოებებთან მიმართებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მსჯავრდებულების საუბარი, დეტალურად მიმოხილული და შეფასებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში, დიდწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №913აპ-23 გადაწყვეტილება). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული ფონოსკოპიური დასკვნით გამოირიცხა ხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მასალაზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით;“ (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში (მოწმეთა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ ,,ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ხოლო, დაცვის მხარის (მსჯავრდებულების: ვ. კ-ის, ზ. მ-ა და ვ. ბ-ის ადვოკატების) საკასციო საჩივრებში არ არის მითითებული ისეთი ახალი სახის არგუმენტები, რომლებიც საკასაციო სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

27. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს, მსჯავრდებულების – ზ. მ-სა და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი