Facebook Twitter

საქმე N 190100123007659616

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1400აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი

ა-ი ნ. №1400აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის და მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, ნ. ა–მა, ა. ა–მა და რ. პ–მა, შ. ლ–ს მფლობელობაში არსებული „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი .........) ანგარებით დაუფლების მიზნით, ამ უკანასკნელს თავის არეში, ჯგუფურად, მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები და წინასწარ მომარჯვებული ლითონის ბაგირით, ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს. კერძოდ, ნ. ა–მა შ. ლ–ს ბაგირი მოუჭირა კისრის არეში, ხოლო ა. ა–მა და რ. პ–მა მისი წინააღმდეგობის გადალახვის, შეკავებისა და ტკივილის მიყენების მიზნით, სახის და თავის მიდამოში დაარტყეს მუშტები. მას შემდეგ, რაც შ. ლ–მ შეწყვიტა გადარჩენისკენ მიმართული მოძრაობები, ნ. ა–მა, ა. ა–მა და რ. პ–მა შ. ლ–ს სხეული მოათავსეს თავისივე ავტომანქანის საბარგულში და გადაიტანეს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს ტერიტორიაზე არსებულ მდინარე დებედას მიუდგომელ სანაპიროზე, სადაც ზემოაღნიშნული ბაგირით შეუკრეს ფეხები და ფეხებშეკრული, პირქვე მდგომარეობაში, რამდენიმე ასეული მეტრი ატარეს ქვაღორღიან ადგილებში, ბოლოს კი გვამი ჩაფლეს ორმოში და ზემოდან დააფარეს ხის ტოტები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ. ა–სთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

2.3. ზემოხსენებული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს–მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 7 ნოემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს–მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის, პროკურორ ხატია გოგრიჭიანის პოზიციით, ნ. ა–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ ნ. ა–სთვის სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა, რომ ის იყო დანაშაულის ორგანიზატორი, პიროვნება, რომელმაც მოიძია დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთი, რაც გამოიყენა დაზარალებულის მოსაკლავად. იგი მანქანის დაუფლების მოტივით, ლითონის ბაგირს სიცოცხლის ბოლო წამამდე უჭერდა შ. ლ–ს. დაზარალებული მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით და მას სწორედ ნ. ა–ი დაესხა თავს ზურგიდან, შემდეგ კი მისთვის უფრო მეტი ტკივილის მისაყენებლად დანაშაულში თანამონაწილე პირებს დაავალა მისთვის სახეში მუშტების დარტყმა, უკვე გარდაცვლილი კი მისივე ინიციატივით ფეხებშეკრული ნახევარი კილომეტრის მანძილზე ათრიეს ქვაღორღში და დამარხეს ისეთ ადგილას, სადაც მის გვამს ვერავინ მიაგნებდა. გვამის საგულდაგულოდ გადამალვის შემდეგ, კი დაეუფლა გარდაცვლილის ავტომანქანას, რომელიც ჯერ დამალა, შემდეგ გარეცხა და მიიყვანა თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც კვალის დაფარვის მიზნით შეუდგა მის დაშლას. მართალია, ნ. ა–მა პირველივე გამოკითხვის დროს აღიარა დანაშაული. თუმცა იმ ვითარებაში, როგორშიც ნ. ა–ი იყო, მხოლოდ დანაშაულის აღიარება წარმოადგენდა თავის გადარჩენისა და რაიმე შეღავათის მიღების წინაპირობას და სამწუხაროდ, ეს აღიარება სასამართლომ უპირობოდ მიიღო, რაც უსამართლოა.

4.2. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ. ა–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ის ფაქტი, რომ ნ. ა–მა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მისი ქცევა ქმედების შემდეგ - განსაკუთრებით მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს. ნ. ა–სი და მისი ოჯახი მზად იყვნენ დაეფარათ ყველანაირი ხარჯი, რაც გარდაცვლილის ოჯახმა გასწია და იგივეს გააკეთებენ მომავალშიც.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა მხარეთა პოზიციები და უცვლელად დატოვა ნ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ნ. ა–ს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით განუსაზღვრა. საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარებოებები, კი არ იძლევა საფუძველს მის მიმართ გამოყენებული იქნეს უვადო თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.5. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების და დაცვის მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის და მსჯავრდებულ ნ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე