Facebook Twitter

საქმე N 330100123007196643

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1451აპ-23 5 აპრილი, 2024 წელი

დ–ე გ., №1451აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 7 მარტს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ............., კორპუსი №.., ბინა №..-ში, გ. დ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მისი მეუღლის, ნ. ტ–სის მიმართ, კერძოდ, ხელი ძლიერად წაუჭირა ყელის არეში, ასევე ძლიერად მოქაჩა თმები და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა ფეხებში. გ. დ–ს ქმედებების შედეგად ნ. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.

1.3. 2023 წლის 22 თებერვალს, გ. დ–ს მიმართ პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი №........, რომლითაც გ. დ–ს მეუღლის, ნ. ტ–ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო აეკრძალა ნ. ტ–ს სახლთან მიახლოვება, ასევე, თავად მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ნ. ტ–ე იმყოფება, აგრეთვე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც გ. დ–ს გაეცნო მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდში, იმყოფებოდა ნ. ტ–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თ–ში, ......, კორპუსი №.., ბინა №..-ში, რითიც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით გ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. დ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ნ–ამ კი, მოითხოვა გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობა, ამ ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ნ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

გ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

3.2. 2023 წლის 9 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. დ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა – პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3.3. მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ნ–ამ, პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გ. დ–ს გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – მ. პ–ს, ო. ტ–ს და დ. ბ–ს გამოკითხვის ოქმები, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსტერტიზის დასკვნა და მ. პ–სის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებული ზარი უტყუარად ადასტურებს გ. დ–ს ბრალეულობას ოჯახში ძალადობის ეპიზოდში. ოჯახში ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, საყურადღებოა მ. პ–ს შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ რა ქმედებები გახდა მისთვის ცნობილი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კასატორის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც დასკვნის თანახმად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, გ. დ–ს მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მის მიმართ უნდა დამძიმდეს დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. დაზარალებულმა – ნ. ტ–მ (მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. დ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. დ–ს ბრალეულობა ოჯახში ძალადობის ეპიზოდში და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. ტ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. დ–ეის მიერ მეუღლეზე – ნ. ტ–ზე 2023 წლის 7 მარტს შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტს წარმოდგენილი არ არის.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების, ო. ტ-ს, დ. ბ-სა და მ. პ–ს გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები გ. დ–ს მიმართ ოჯახში ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან, ხოლო მ. პ–ს მხოლოდ ხმაური და ბრახუნი შემოესმა, რის გამოც დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“. ზემოაღნიშნული მოწმეები არ არიან გ. დ–ს მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თვითმხილველნი. შესაბამისად, ო. ტ-სა და დ. ბ-ის ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, ხოლო მ. პ–ს ჩვენება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად არაინფორმატიულია, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.9. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს უარი განუცხადა ჩვენების მიცემაზე, იმის მტკიცება, რომ აღნიშნული დაზიანებები მას მსჯავრდებულმა მიაყენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. დ–ს მიერ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული დასკვნა დაუდოს საფუძვლად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული მტკიცებულება შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამასთან, საქმეში არსებული სხვა ყველა მტკიცებულება მიემართება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას და არც ერთი მათგანი არ არის ინფორმაციული ბრალად წარდგენილი 2023 წლის 7 მარტის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით.

5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გ. დ–ს სასარგებლოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას გ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი და მისი მოხდის წესი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე