Facebook Twitter

ბს-180-140-კ-045 4 მაისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჩ-მა სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ლ. მ-ს მიმართ და მოითხოვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, სარეფორმო კომისიამ მას მიუზომა მიწის ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. მის მეზობლად მცხოვრებმა ლ. მ-მ პრეტენზია განაცხადა მის ნაკვეთზე და მათ შორის დაიწყო სამეზობლო დავა სადავო ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ. მარტვილის რაიონის სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ს სარჩელი. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 24 აპრილის განჩინებით და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მარტვილის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ლ. მ-მ აღასრულა გადაწყვეტილება და მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მისი კუთვნილი ნაკვეთის ნაწილზე გასცა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ეს უკანასკნელი ფლობდა კანონის დაცვით. ითხოვდა მოპასუხის დავალდებულებას მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან დაბრუნების თაობაზე. შემდგომში ვ. ჩ-მა დააზუსტა სასარჩელო განცხადება, რომელშიც მოპასუხეებად დაასახელა მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, მარტვილის რაიონის სოფ. ... საკრებულო, მესამე პირად _ ხ. ჩ-ი და მოითხოვა: სოფ. ... საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 12.05.2000წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება ლ. მ-სათვის 0,17 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვის შესახებ; 05.07.2000წ. მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება ხ. ჩ-ისათვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვის შესახებ; სოფ. ... საკრებულოს 14.12.2000წ. აქტის საკუთრების დადგენის შესახებ გაუქმება. მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ლ. მ-სა და ხ. ჩ-ისათვის გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების, როგორც გაუქმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული აქტების, იურიდიული ძალის არმქონედ აღიარება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ჩ-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ... საკრებულოს მიერ გამოყოფილი მიწის კომისიის 2000წ. 12 მაისის და 2000წ. 14 დეკემბრის აქტები. მოსარჩელეს უარი ეთქვა მარტვილის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ხ. ჩ-ზე გაცემული 0,284 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიწის სააღრიცხვო ბარათის გაუქმებაზე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სოფ. ... საკრებულოს კომისიის 2000წ. 12 მაისის და 2000წ. 14 დეკემბრის აქტები მაშინ იქნა გაცემული სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული და იგი გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2000წ. 24 აპრილის განჩინებით. შესაბამისად, ბათილად ცნო გაუქმებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები.

რაც შეეხებოდა მიწის საკუთრების მოწმობას, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან მისი გაცემის საფუძვლად მითითებული იყო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია და არა გაუქმებული გადაწყვეტილება, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, რომელმაც იმავე საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ. ჩ-ი წარმოადგენდა პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლეს, რომლისთვისაც სოფ. ... რეფორმით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობა შეადგენდა 7500 მ2-ს. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ეს უკანასკნელი ფლობდა 11600 კვ.მ-ს, რაც ნორმით გათვალისწინებულზე მეტ ფართს შეადგენდა.

ასევე დადგენილი იყო, რომ ხ. ჩ-ს, როგორც ქალაქად მცხოვრებს, მიეზომა სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე 1210 კვ.მ. საქმეზე წარმოდგენილი მიწის მართვის სამმართველოს კომისიის დასკვნით დასტურდებოდა, რომ ხ. ჩ-ი სარგებლობდა 0,13 ჰა მიწის ნაკვეთით (მეურნეობის სახანძრო შენობის მიმდებარედ), რომლის მიმდებარედ არის 0,24 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლითაც 1992წ. 15 აპრილის აქტის საფუძველზე სარგებლობდა ვ. ჩ-ი. ვინაიდან აღნიშნული აქტი არ იყო კანონით დადგენილი წესით გაფორმებული, დადასტურებული და რეგისტრირებული, ამიტომ სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად, რომ 0,24 ჰა მიწის ნაკვეთი მიზომილი ჰქონდა ვ. ჩ-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 0,24 ჰა მიწის ნაკვეთის ხ. ჩ-ისათვის გადაცემით აპელანტის უფლებები არ შელახულა, რადგან იგი უკვე ფლობდა ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმაზე მეტს.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სწორად გაიცა საკუთრების მოწმობა ხ. ჩ-ის სახელზე, რადგან წარმოდგენილი საგადასახადო უწყებებით დასტურდებოდა, რომ ხ. ჩ-ის სახელზე გაწერილი იყო მიწის გადასახადი 0,24 ჰა-ზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებებს, რომლებიც არეგულირებს საქართველოში 1992 წელს დაწყებულ რეფორმებს, რის შედეგადაც სოფლად მცხოვრები პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლე დარჩა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გარეშე. სასამართლომ ერთმანეთისაგან ვერ გამიჯნა საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც საკუთრებაში გადაეცემა კომლს და საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რის შედეგადაც ჩათვალა, რომ ვ. ჩ-ი ფლობდა ზღვრულ ნორმაზე მეტ ფართს. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად ადასტურებდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას მიეზომა მიწის რეფორმის კომისიის მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ვ. ჩ-ი წარმოადგენს პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლეს, ხოლო ხ. ჩ-ი, როგორც ქალაქად მცხოვრები, მესამე კატეგორიის მიწათმოსარგებლეს. ვ. ჩ-სა და ლ. მ-ს (ხ. ჩ-ის დედა) შორის წლების მანძილზე სადავო იყო 0,284 ჰა მიწის ნაკვეთი. მარტვილის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ს მოთხოვნა და სადავო მიწის ნაკვეთი მას მიეკუთვნა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2000წ. 24 აპრილის განჩინებით. ზემოთ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მარტვილის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიწის კომისიამ 12.05.2000წ. და 14.12.2000წ. გასცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტები: 0,17 ჰა _ ლ. მ-ს სახელზე, ხოლო 0,25 ჰა _ ხ. ჩ-ის სახელზე. მიღება-ჩაბარების აქტების გაცემის საფუძვლად მითითებულია მარტვილის რაიონული სასამართლოს 30.12.1999წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ვ. ჩ-ი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა, როგორც ზემოაღნიშნული 12.05.2000წ. და 14.12.2000წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტების, ისე ხ. ჩ-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმებას. მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.02.1992წ. ¹48 დადგენილება და ნორმის არასწორად გაგებისა და განმარტების შედეგად შეილახა მისი, როგორც პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლის ინტერესი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვ. ჩ-ის, როგორც პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლის, უფლებები არ შელახულა, რამდენადაც იგი ფლობს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმაზე მეტს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 18.02.92წ. ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები, ხოლო იმათ, ვინც ფლობდა ზღვრულ ნორმაზე ნაკლებს, შევსება უნდა მომხდარიყო სარეფორმო ფონდიდან. ამავე ნორმით განისაზღვრა პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლის ზღვრული ოდენობა _ 0,75 ჰა. მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1.05.04წ. ¹2/23 ცნობის თანახმად, ვ. ჩ-ს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს მიწა 5 ნაკვეთად, რომელთა საერთო ოდენობა აღემატება ზღვრულ ნორმას. აღნიშნულ ცნობაში, აგრეთვე, მითითებულია მიწის იჯარის უფლების შესახებ 0,47 ჰა-ზე. ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთების ნომრები არ ემთხვევა ხ. ჩ-ის სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ მიწის ნაკვეთის ნომერს, რის გამოც უსაფუძვლოა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხ. ჩ-ს გამოეყო მის კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

კასატორი ხ. ჩ-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო (საკუთრების) მოწმობის გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი გაიცა სასამართლოს გაუქმებული გადაწყვეტილების 30.12.99წ. საფუძველზე. საკასაციო პალატის აზრით, კასატორის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რადგან გასაჩივრებული სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფუძვლად მთითებულია მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია და არა გაუქმებული გადაწყვეტილება, როგორც ეს მიაჩნია კასატორს.

საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. ¹327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებით: მიწის მიღება-ჩაბარების აქტით, ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” ¹48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია, ხოლო მითითებული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია. სწორედ ეს უკანასკნელი დოკუმენტია მითითებული ხ. ჩ-ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში, მოწმობის გაცემის საფუძვლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება;

3. ვ. ჩ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.