საქმე N080100121004720711
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1412აპ-23 8 აპრილი, 2024 წელი
ლ–ე გ., №1412აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. კ–სა და მსჯავრდებულ გ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ლ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), ხოლო ზ. ბ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ–ს რაიონის, სოფელ .....ში მდებარე სახლში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო ორჯერ ნასამართლევი გ. ლ–ე ზ. ბ–სთან ერთად, ჯგუფურად, ძალადობით, აშკარად დაეუფლა ვ. ლ–სის მობილურ ტელეფონს, სუნამოს და ფულს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.3. 2021 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ–ს რაიონის, სოფელ ........ში მდებარე სახლში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო ორჯერ ნასამართლევი გ. ლ–ე, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ. ლ–ს მობილურ ტელეფონს.
2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით ზ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.
გ. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
გ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 ლარი.
2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ლ–სა და ზ. ბ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.
2.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ლ–მ.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ლ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ლ–სის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე.
გ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2023 წლის 18 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა ზ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. ბ–სის წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა.
3.3. 2023 წლის 18 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა გ. ლ–მ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, წარდგენილი ბრალდებით მისი უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ზ. ბ–სისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. კ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. სასამართლო დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც არ იყო დამაჯერებელი და საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზ. ბ–სეს დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ გ. ლ–ს პოზიციით, იგი თავს უდანაშაულოდ თვლის, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ ეთანხმება. ამასთან, მის მიმართ დანიშნული სასჯელი – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ძალიან მკაცრია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ლ–ს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ასევე ზ. ბ–ს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულების ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ. ლ–სა და ზ. ბ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ვ. ლ–სის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 27 აპრილს მასთან მივიდა ორი პირი, რომელთაგან ერთი იყო, მისი მეზობელი ზ. ბ–ე, ხოლო მეორე გ. ლ–ე, რომელიც იმ დღეს გაიცნო ზ. ბ–სგან. დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას სრულად დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია, სადაც დეტალურად აღწერს მომხდარ ფაქტს. დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია, მის მიერ გამოკითხვის ოქმში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებთან დაკავშირებით, კერძოდ: მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით გ. ლ–სა და ზ. ბ–ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, მათი მოთხოვნა, მოთხოვნის საფუძველზე მეზობელ – ს. ბ–სთან განხორციელებული ზარი და წაღებული ნივთები. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ს. ბ–ს ჩვენებით, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია ძარცვის ფაქტს, თუმცა დაადასტურა, რომ ვ. ლ–მ ნამდვილად დაურეკა შემთხვევის დღეს და სთხოვა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, რომელიც სჭირდებოდა ზ. ბ–სათვის გადასაცემად. დაზარალებულის ჩვენება, ასევე გამყარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც ვ. ლ–სემ მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც გ. ლ–მ და ზ. ბ–მ აიღეს მობილური ტელეფონი და ნივთები, ასევე იმ საწოლზე, სადაც ის იწვა, რა დროსაც გ. ლ–მ და ზ. ბ–მ მას დაარტყეს და სცემეს. საკასაციო სასამართლო დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შემოწმების კუთხით, ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ვ. ლ–ს დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის დაჟეჟილობა. მრავლობითი ექსკორიაციები კისრის არეში, რაც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, აღნიშნული დასკვნა ამყარებს არამარტო დაზარალებულის ჩვენებას, არამედ მოწმე ლ. ჩ–ს ჩვენებასაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ. ლ–მ მას უამბო მომხდარი და პოლიციის განყოფილებაში დროულად არ მისვლის მიზეზად დაუსახელა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5.5. ბრალდებულ გ. ლ–სის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია და სადავო არ არის, რომ 2021 წლის 1 მაისს, 13 საათსა და 30 წუთზე, ქ. ქ–ში, .......ის გამზირის №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა გ. ნ–ს ძე ლ–ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა „itel“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი ოცლარიანი კუპიურა, ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურა - სულ 390 ლარი.
5.6. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად კი, 2021 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .......... პოლიციის დეპარტამენტის ........ რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ. მ–ს მიერ ჩატარებულ იქნა ვ. ლ–ს მონაწილეობით გ. ლ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის გახსნა და დათვალიერება. პაკეტის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა მოლურჯო, მოშავო ფერის კორპუსიანი მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჰქონდა პატარა ზომის ეკრანი და კლავიატურა, მის ეკრანზე ლათინური ასოებით იკითხებოდა წარწერა „itel“. პაკეტის გახსნის შემდეგ, ვ. ლ–სემ მობილურ ტელეფონზე განაცხადა, რომ ის იყო მისი საკუთრება. ტელეფონის ამოცნობა კი, მისივე განმარტებით შეძლო ვიზუალურად. ასევე, მიუთითა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში ჩაწერილი აქვს მისი ქალიშვილის ი. ლ–სის მობილური ტელეფონის ნომერი – ........ ლათინური ასოებით „Inga“, რაც დადასტურდა გ. ლ–საგან ამოღებული მობილური ტელეფონის ჩართვის შედეგად.
5.7. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების პირობებში, საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში. რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ გაკეთებულ ორაზროვან განმარტებებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დაზარალებულს აღარ სურს დაისაჯონ გ. ლ–ე და ზ. ბ–ე, ვინაიდან აპატია მათ.
5.8. ამასთან, კასატორებს არ მიუთითებიათ რაიმე წონადი არგუმენტი, რაც პალატას მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ გ. ლ–ს პოზიციას მის მიმართ დანიშნული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მას დაუნიშნა სასჯელი.
5.10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ლ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. კ–სა და მსჯავრდებულ გ. ლ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე