Facebook Twitter

საქმე N 140100122006186297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1355აპ-23 23 აპრილი, 2024 წელი

ნ–ი კ., №1355აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ კ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ც–სა და გ. გ–ს, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ნ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, .........ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე, ა. ღ–სგან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო განაწყენებულმა კ. ნ–მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი სანადირო თოფიდან ესროლა ა. ღ–სს, რომელსაც მარჯვენა ფეხში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, ხოლო საფრთხე შეუქმნა მის გვერდით მყოფ შვილს - გ. ღ–ს, რომელსაც, ასევე, მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები მარჯვენა ფეხის არეში. აღნიშნულის შემდეგ ა. და გ. ღ–ები ჩასხდნენ მათ კუთვნილ ,,ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით .........), სადაც, ასევე, ისხდნენ ი. ო–ი, თ. ტ–ი, ე. მ–ი და სამი წლის არასრულწლოვანი - ს. ღ–ი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. ნ–მა სანადირო თოფიდან მეორედ ესროლა ზემოხსენებული ავტომანქანის საჭესთან მჯდომ ა. ღ–სს, რა დროსაც გ. ღ–ს, თ. ტ–ს, ე. მ–ს, ს. ღ–სა და ი. ო–ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე, ამავდროულად, ი. ო–სს მარჯვენა ხელის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება, თუმცა თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან ა. ღ–მა კუთვნილი ავტომანქანით სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით კ. ნ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

კ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – 5 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

2.2. გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.3. 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, .........ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე, ა. ღ–სგან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო განაწყენებულმა კ. ნ–მა, შურისძიების მიზნით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივით, მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან ფეხების მიმართულებით ესროლა ა. ღ–ს, რომელსაც მარჯვენა ფეხში საზარდულის, ბარძაყისა და წვივის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, ხოლო საფრთხე შეუქმნა მის გვერდით მყოფ შვილს - გ. ღ–ს, რომელსაც, ასევე, მიაყენა დაზიანებები მარჯვენა ფეხის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ა. და გ. ღ–ები ჩასხდნენ მათ კუთვნილ ,,ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანაში, სადაც, ასევე, ისხდნენ ი. ო–ი, თ. ტ–ი, ე. მ–ი და სამი წლის არასრულწლოვანი - ს. ღ–ი. ავტომანქანის დაძვრამდე კ. ნ–ი არ ახორციელებს არანაირ მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად არაფერი უშლიდა ხელს მიახლოებოდა მანქანას და კვლავ დამიზნებით, მოკლე მანძილიდან განეხორციელებინა გასროლა, თუმცა ავტომანქანის მოძრაობის დაწყებისთანავე მან სანადირო თოფიდან მეორედ ესროლა ზემოხსენებული ავტომანქანის ზედა ნაწილს, რომლის საფანტის ნაწილიც მიმართული იყო საჭესთან მჯდომ ა. ღ–სკენ, რა დროსაც, ასევე, გ. ღ–ს, თ. ტ–ს, ე. მ–ს, ს. ღ–სა და ი. ო–ს ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, ამავდროულად ი. ო–ს მარჯვენა ხელის არეში მიაყენა მცირედი დაზიანება. საბოლოოდ, კ. ნ–მა, მიუხედავად მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გასროლისა, განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან ა. ღ–სმა კუთვნილი ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო მიყენებული ჭრილობები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ გამოეწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

2.4. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მუხლის სანქციის ფარგლებში მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.5. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ც–მ და გ. გ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს კ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი.

3.2. 2023 წლის 24 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც მოითხოვა კ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და სანქციის ფარგლებში მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 28 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ. ც–მ და გ. გ–მა, რომლებმაც მოითხოვეს კ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. პროკურორის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 5 დეკემბერს მსჯავრდებულ კ. ნ–ს ადვოკატმა კახა კალმახელიძემ წარმოადგინა შესაგებელი.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი კ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს კ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დაზარალებულების – ა. ღ–ს, გ. ღ–ს, ი. ო–ს, თ. ტ–ს, ე. მ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებების ანალიზით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2022 წლის 26 ივლისს შუადღისას ა. ღ–სა და კ. ნ–ს ტელეფონზე მოუვიდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. შელაპარაკებიდან რამდენიმე საათი დაზარალებულებმა კვლავ დაყვეს სოფელ ბ–ში, რაც ცნობილი იყო კ. ნ–სათვის, რის შემდეგაც დაახლოებით 21:00 საათზე, ა. ღ–მა მთელი ოჯახი, მათ შორის სამი წლის შვილიშვილი ჩასვა მის კუთვნილ ავტომანქანაში და ი. ო–სთან ერთად ბ–დან წავიდა ქალაქ გ–ში. დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ დაინახეს, რომ მათ მისდევდა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც უქმნიდა ა. ღ–ს საავარო სიტუაციას და არ აძლევდა გზაზე ნორმალურად მოძრაობის საშუალებას, რის გამოც ა. ღ–მა სოფელ ა–ში გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა, რომელსაც ასევე გადაყვა მის უკან მჯდომი შვილი გ. ღ–სი და რძალი თ. ტ–ი. მანქანა რომელიც მათ არ აძლევდათ გზაზე ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობას გაჩერდა დაახლოებით 10 მეტრში მათი მანქანის უკან, საიდანაც თოფით მომარჯვებული კ. ნ–ი გადმოვიდა, რომელსაც გ. ღ–მა დაუძახა, რომ არ ესროლა და წამებში ხელი ჰკრა მამამისს, ნახევარი ტანით შეაგდო მანქანაში და თავადაც შევარდა, რა დროსაც კ. ნ–ს ნასროლი თოფიდან მამა-შვილი დაიჭრა მარჯვენა ფეხში. ანუ დაიჭრნენ იმ დროს როცა ისინი კ. ნ–საგან იდგნენ ზურგით, სხვაგვარად ტყვია მარჯვენა ფეხში ვერ მოხვდებოდათ. ა. ღ–სა და ი. ო–ს ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ კ. ნ–ი აკვირდებოდა მათ მანქანას და დაინახა რომ წინა სალონში მძღოლის გარდა კიდევ ერთ პირი (ი. ო–ი) იჯდა. ამასთან, მანქანის გაჩერების შემდეგ, სანამ თოფიდან მოახდენდა გასროლას მანქანიდან ა. ღ–ს გარდა გადმოვიდნენ მისი შვილი და რძალი. შესაბამისად, კ. ნ–სათვის ცნობილი იყო, რომ ა. ღ–ს გარდა მანქანაში იჯდა მინიმუმ სამი ადამიანი. პირველი გასროლის შემდეგ მანქანაში ატყდა პანიკა, გაიღვიძა დაძინებულმა ბავშვმა. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მან მეორედ მაინც ესროლა ა. ღ–ს, რითაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე შეუქმნა არა მარტო მას, არამედ მანქანაში მჯდომ ყველა პირს, მათ შორის სამი წლის ბავშვს. საქმეზე უტყუარად არის დადასტურებული განზრახ მკვლელობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი: შურისძიების მოტივი, მოკვლის განზრახვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბრალდებული ქალაქ გ–დან სპეციალურად ავიდა სოფელ ბ–ში; გზაზე ჩასაფრებული რამდენიმე საათი ელოდებოდა დაზარალებულს, სახლიდან წაიღო იარაღი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავიდან მოიშორა, ასევე დამალა ავტომანქანა. ასევე უტყუარად არის დადასტურებული, რომ დაზარალებულებს მიღებული აქვთ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, შესაბამისად, კ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება სამართლებრივად არამართებულია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა. ღ–ს არ აქვს დაზიანების ის ხარისხი, რაც ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების საშუალებას მისცემდა სასამართლოს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ კ. ნ–ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა.

4.2. კასატორების, მსჯავრდებულ კ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ც–სა და გ. გ–ს მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სწორად მიუთითა, რომ კ. ნ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება ვერ იქნა დადასტურებული, რასაც დაცვის მხარეც ეთანხმება. კასატორის პოზიციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად არის დადგენილი (სადავოდ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა), რომ ა. ღ–ს, გ. ღ–სა და ი. ო–ს სხეულზე მიყენებული დაზიანებები განეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში, კ. ნ–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ კ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, კ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის თაობაზე.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ნ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ........ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე, ა. ღ–სგან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო განაწყენებულმა კ. ნ–მა, შურისძიების მიზნით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივით, მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან ფეხების მიმართულებით ესროლა ა. ღ–ს, რომელსაც მარჯვენა ფეხში საზარდულის, ბარძაყისა და წვივის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, ხოლო საფრთხე შეუქმნა მის გვერდით მყოფ შვილს - გ. ღ–ს, რომელსაც, ასევე, მიაყენა დაზიანებები მარჯვენა ფეხის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ა. და გ. ღ–ები ჩასხდნენ მათ კუთვნილ ,,ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანაში, სადაც, ასევე, ისხდნენ ი. ო–ი, თ. ტ–ი, ე. მ–ი და სამი წლის არასრულწლოვანი - ს. ღ–იი. ასევე სადავო არ გამხდარა, რომ ავტომანქანის დაძვრამდე კ. ნ–ი არ ახორციელებდა რაიმე მოქმედებას, თუმცა ავტომანქანის მოძრაობის დაწყებისთანავე მან სანადირო თოფიდან მეორედ ესროლა ზემოხსენებული ავტომანქანის ზედა ნაწილს, რომლის საფანტის ნაწილიც მიმართული იყო საჭესთან მჯდომ ა. ღ–სკენ, რა დროსაც, ასევე, გ. ღ–ს, თ. ტ–ს, ე. მ–ს, ს. ღ–სა და ი. ო–ს ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, ამავდროულად ი. ო–ს მარჯვენა ხელის არეში მიაყენა მცირედი დაზიანება. საბოლოოდ, ა. ღ–მა კუთვნილი ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ მიყენებული ჭრილობები არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა გამოეწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

5.6. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13). განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილება).

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, მათ შორის კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – ა. ღ–სა და გ. ღ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ პირველი გასროლისას, კ. ნ–ს იარაღი, დაბლა, ფეხების მიმართულებით ეჭირა და სწორედ ამ მიმართულებით ესროლა ა. ღ–ს. ამასთან, მოწმეთა განმარტებებით, მსჯავრდებულს მათი მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა და ხელს არაფერი უშლიდა მათთვის გულ-მკერდის არეში ესროლა. გარდა ამისა, ა. ღ–ს ჩვენების თანახმად, მეორე გასროლა, ვერც კი გაიაზრა, მხოლოდ ხმა გაიგონა. მსგავსი გარემოებები იქნა დადასტურებული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 9 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N........... დასკვნით, ასევე დადგინდა, რომ გამოსაკვლევ ა/მანქანაზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებულ N.. (ლოკ. ფართი) და N.. დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია ლითონ-ტყვიის შემცველი მრავლობითი, გაშლილი ჭურვის ერთდროული მოქმედებით, როგორიც არის საფანტი, მანქანის მიმართ უკანა მარცხენა მხრიდან წინ, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით სროლისას. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. ნ–ს მეორეჯერ გასროლა არ განუხორციელებია უმალვე, ასევე ის, რომ აღნიშნულის ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობდა.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტი შესაძლოა დაიყოს ორ მოქმედებად. პირველი, როდესაც სატელეფონო საუბრის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ა. ღ–სა და კ. ნ–ს, რა დროსაც ა. ღ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსჯავრდებულს და მეორე, როდესაც მსჯავრდებულისათვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კ. ნ–მა ჯერ ფეხების მიმართულებით ესროლა ა. ღ–ს, ხოლო შემდგომ დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მიმართულებით განახორციელა გასროლა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად ერთი შეხედვით შესაძლოა ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ვარაუდი, რომ კ. ნ–ი მოქმედებდა ა. ღ–ს მოკვლის განზრახვით, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებების სიღრმისეული ანალიზით ნათელია, რომ მოვლენების ამგვარი შეფასება საფუძველსაა მოკლებული, კერძოდ:

5.10. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ კ. ნ–მა გასროლა აწარმოა ფეხების მიმართულებით და შესაბამისად ნაკლები იყო რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ამასთან, იმ პირობებში როდესაც შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა, მას მეორე გასროლა არ განუხორციელებია უმალვე და დაზარალებულს მისცა საშუალება ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, რაც უტყუარად არ მიუთითებს კ. ნ–სის განზრახვაზე მოეკლა ა. ღ–ი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სამედიცინო ექსპერტის, პ. ჯ–ს ჩვენებით, ა. ღ–ს, გ. ღ–სა და ი. ო–ს სხეულზე არსებული დაზიანებები სხეულის სხვა მიდამოშიც, რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა სიცოცხლისათვის საშიში, ვინიდან მხოლოდ რბილი ქსოვილი იყო ზედაპირულად დაზიანებული.

5.11. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული კ. ნ–ს მიერ ა. ღ–ს მოკვლის განზრახვა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის პოზიციას, რომ აღნიშნული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, რომ აღნიშნულზე მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლა.

5.12. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი სანადირო თოფი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს მსუბუქ დაზიანებას ჯანმრთელობის მოუშლელად), რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული (მსჯავრდებულმა აღნიშნული ისეთი საშუალებით განახორციელა, რითაც საფრთხე შეუქმნა ა. ღ–სთან ერთად მყოფ პირებს) ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები და სროლის მიმართულება, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და კ. ნ–ს ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს, როდესაც კანონით დადგენილი წესით დადასტურებულ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, დაადგინეს, რომ მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პროცესში მოქმედებდა ა. ღ–ს არა მოკვლის, არამედ ჯანმრთელობის გარკვეული ხარისხის დაზიანების განზრახვით.

5.14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახეზეა არაკონკრეტიზირებული განზრახვა, რის გამოც კ. ნ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

5.15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და დამატებით აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანების დროს განზრახვა შეიძლება იყოს როგორც კონკრეტიზირებული (განსაზღვრული), ისე არაკონკრეტიზირებული (განუსაზღვრელი). კონკრეტიზირებული განზრახვის დროს დამნაშავეს ზუსტად აქვს გააზრებული, თუ რა სიმძიმით შეიძლება დააზიანოს მისმა ქმედებამ დაზარალებული, მაგალითად: სახეზე მჟავის შესხმის შემთხვევაში, დამნაშავეს ზუსტად აქვს წარმოდგენილი, რომ მისი ქმედება ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას გამოიწვევს. მაგრამ, თუ შედეგი სხვადასხვა მიზეზით იქნება თავიდან აცილებული (დაზარალებულმა სახეზე აიფარა საგანი ანდა გაწია სახე), მისი ქმედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობით უნდა დაკვალიფიცირდეს. არაკონკრეტიზირებული განზრახვა კი მაშინ გვაქვს სახეზე, როცა დამნაშავეს სურს დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება, მაგრამ არ ითვალისწინებს, თუ კონკრეტულად რა სიმძიმის დაზიანება მოჰყვება მის მოქმედებას – მძიმე, ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი. შესაბამისად, არაკონკრეტიზირებული განზრახვის დროს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის მიხედვით, ხოლო თუ დამნაშავის მოქმედებას საერთოდ არ მოჰყოლია შედეგი, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მცდელობისათვის (იხ.ავტორთა კოლექტივი, თ. ე–ე და სხვები, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ).

5.16. ამდენად, საკასაციო პალატას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად მიაჩნია, რომ კ. ნ–ი ა. ღ–ს მიმართ მოქმედებდა არაკონკრეტიზირებული განზრახვის პირობებში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კ. ნ–ს ქმედებას, სუბიექტური შემადგენლობის გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, როდესაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია დააკვალიფიცირა განზრახვის ფარგლებში არსებული ყველაზე მსუბუქი დანაშაულის მცდელობით - საქართველოს სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5.17. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, კ. ნ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების 5.12 და 5.15 პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იგი სამართლებრივად არამართებულია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

5.18. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ობიექტურად სანადირო თოფის მომარჯვება და დამიზნებით სროლა უკვე ადასტურებს დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების განზრახვის არსებობას და ქმნის სულ მცირე ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობას, რაც ქმედების მცდელობად კვალიფიკაციის საშუალებას იძლევა და გამორიცხავს კ. ნ–სის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

5.19. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 521-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. ნ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ კ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ც–სისა და გ. გ–ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე