Facebook Twitter

საქმე # 330802224009136702

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№20I-24 16 მაისი, 2024 წელი

ა. ფ-ს, 20I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ-ს ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ-ს ა.ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 15 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ა-ს ადგილობრივმა საოლქო სასამართლომ გამოსცა ფ-ს ა.ს დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლითა (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სპეციალურად ამ ტიპის დანაშაულების ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 57 ეპიზოდის ჩადენისათვის.

1.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ფ-ს ა. ბრალდებულია დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ფ-ს ა. 3 სხვა პირთან ერთად მონაწილეობდა ორგანიზებულ დაჯგუფებაში, რომელიც ფუნქციონირებდა, როგორც თაღლითობის ჩასადენად შექმნილი სატელეფონო მომსახურების ცენტრი. ფ-ს ა. ტელეფონით ურეკავდა დაზარალებულებს, ეცნობოდა, როგორც ბატონი გ. და ბანკის თანამშრომელი ბატონი ფ., ფულადი პრიზის გადაცემის სანაცვლოდ სთხოვდა საკომისიო მომსახურების ხარჯებს და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულებისგან მიღებულ თანხას. სანაცვლოდ დაზარალებულებს რაიმე ფულადი პრიზი არ მიუღიათ. თანხა გროვდებოდა გერმანიის ტერიტორიაზე, ხოლო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი უზრუნველყოფდა თანხის გადარიცხვას ორგანიზაციის სხვა წევრებისთვის თურქეთში.

ეს ხერხი ფ-ს ა-მ გამოიყენა 2022 წლის 5 მაისსა და 2022 წლის 23 მაისს. იგი დაუკავშირდა დაზარალებულ რ. ჰ-ს და გაეცნო, როგორც ვ. ბ., მოატყუა, თითქოს მან მოიგო საპრიზო თანხა და მოსთხოვა თანხის მისაღებად საჭირო საკომისიო მომსახურების გადასახადი – 1950 ევრო. ფ-ს ა-მ რ. ჰ-ს 1950 ევრო ფოსტით გააგზავნინა გ-ში, ქალაქ მ-ში, ფ-ს ა.ს მიერ მითითებულ მისამართზე. ფ-ს ა-მ რ. ჰ-ს 1950 ევრო გააგზავნინა განმეორებითაც.

ამ ხერხის გამოყენებით ფ-ს ა. და მისი ორგანიზიაციის წევრები 2022 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, თაღლითურად დაეუფლნენ 26 დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხას. კერძოდ, ფ-ს ა-მ და მისი ორგანიზაციის წევრებმა ფულადი პრიზის მისაღებად, საკომისიო მომსახურების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითური ხერხების გამოყენებით, მიიღეს დაზარალებულების, რ. ჰ-ს – 3940,50 ევრო, კ. მ-ს – 6000 ევრო, დ. ბ-ს – 4000 ევრო, ჯ. ტ-ს – 3000 ევრო, გ. შ-ს – 1500 ევრო, კ. ლ-ს – 4064.93 ევრო, ლ. რ-ს – 1500 ევრო, რ. ვ-ს – 36000 ევრო, ვ. შ-ს – 1350 ევრო, ჰ. შ-ს – 1000 ევრო, ჰ. ჰ-ს – 4000 ევრო, უ. კ. ლ-ს – 2000 ევრო, რ. ბ-ს – 2000 ევრო, ბ. დ-ს – 15430 ევრო, კ. უ-ს – 2000 ევრო, ი. კ-ს – 18830 ევრო, ვ. ე-ს – 18515 ევრო, ე. შ-ს – 62759.94 ევრო, რ. კ-ს – 2000 ევრო, მ. ბ-ს – 800 ევრო, ო. გ-ს – 1000 ევრო, უ. ს-ს – 8690 ევრო, ვ. ვ-ს – 1000 ევრო, გ. ვ-ს – 2000 ევრო, კ. ლ-ს – 500 ევრო, მ. ფ-ს – 2164,79 ევრო. ჯამურად, დანაშაულების შედეგად ფ-ს ა-მ და მისმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ მიიღეს – 206045,16 ევრო.

ამ ხერხის გამოყენებით ფ-ს ა. და მისი ორგანიზიაციის წევრები 2022 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 6 დეკემბრამდე შეეცადნენ, თაღლითურად დაუფლებოდნენ 31 დაზარალებულის ფულად თანხას, კერძოდ, ისინი დაუკავშირდნენ რ. შ-ს და მოსთხოვეს საკომისიო მომსახურების თანხის გადახდა ფულადი პრიზის სანაცვლოდ, ასევე – დაუკავშირდნენ და ფულადი თანხა მოსთხოვეს შემდეგ პირებს: ი. ბ-ს – 1000 ევრო, რ. კ. კ-ს – 1000 ევრო, მ. შ-ს – 1 ევრო, ჰ. რ-ს – 1 ევრო, ი. გ-ს – 700 ევრო, ბ. ჰ-ს – 1000 ევრო, ჰ. კ-ს – 500 ევრო, რ. რ-ს – 1000 ევრო, კ. გ.-ს – 1000 ევრო, ლ. პ-ს – 1,000 ევრო, ჰ.. წ-ს – 1 ევრო, ე. კ-ს – 1000 ევრო, გ. ე-ს – 1 ევრო, ბ. ჯ. ტ-ს – 2000 ევრო, ლ. პ-ს – 3000 ევრო, ბ. ს-ს – 3000 ევრო, ა. შ-ს – 1000 ევრო, ე. ე-ს – 2000 ევრო, გ. კ-ს – 200 ევრო, ბ. კ-ს – 500 ევრო, მ. ჰ-ს – 600 ევრო, ფ. ვ. ბ-ს – 2000 ევრო, ჰ. ვ-ს – 1000 ევრო, ვ. ფ-ს – 1000 ევრო, მ. რ-ს – 900 ევრო, ა. ვ-ს – 2000 ევრო, კ. ჰ-ს – 1000 ევრო, ნ. შ-ს – 1000 ევრო, ე. პ-ს – 1000 ევრო, ჰ. ჯ-ს – 3500 ევრო. აღნიშნული დანაშაულების შედეგად, ფ-ს ა. და მისი დანაშაულებრივი ორგანიზაცია შეეცადა მიეღო – 33904 ევრო.

1.3. 2023 წლის 12 ივლისიდან ფ-ს ა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ფ-ს ა.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 3 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ-ს ა..

2.2. 2024 წლის 5 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ფ-ს ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

2.3. 2024 წლის 5 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ფ-ს ა.ს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, ფ-ს ა.ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 3 აგვისტომდე.

2.4. ამჟამად ფ-ს ა. იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. 2024 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ფ-ს ა.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ა-ს ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის დაკავების ორდერში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლითა (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სპეციალურად ამ ტიპის დანაშაულების ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 57 ეპიზოდის ჩადენისთვის.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:

ფ-ს ა.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ა-ს ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის დაკავების ორდერში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლითა (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სპეციალურად ამ ტიპის დანაშაულების ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 57 ეპიზოდის ჩადენისთვის.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ-ს ა.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და ფ-ს ა.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ფ-ს ა. და მისი ოჯახის წევრები არიან მსხვერპლნი, რამეთუ დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყენებდა ფ-ს ა.სა და მისი დის საბანკო მონაცემებს, რომელთა მეშვეობით ხდებოდა თანხების გადარიცხვა; ფ-ს ა-მ გამოძიებას მისცა ამომწურავი ჩვენება, რომლის საფუძველზეც, დაიხურა საერთაშორისო გზავნილებისა და საფოსტო კომპანიები, რის გამოც, დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს როგორც გერმანიაში, ასევე – თურქეთში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრება მას და მის ოჯახს. სწორედ ამიტომ ითხოვა მან საქართველოში თავშესაფარი, რომლის საკითხი განხილვის სტადიაშია. ამდენად, ფ-ს ა.ს გერმანიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ-ს ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ფ-ს ა.ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

5. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფ-ს ა. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ხოლო თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირება, არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვას.

6. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში მითითებულია ფ-ს ა.ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის ზოგად საფრთხეებზე, მაგრამ გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ფ-ს ა.ს სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

7. კასატორის მითითებაზე, რომ ფ-ს ა-ს ბრალადწარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია, არამედ თავად არის დანაშაულებრივი დაჯგუფების მსხვერპლი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა, დაკავშირებულია პირის ბრალეულობის საკითხთან, რომელსაც ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ფ-ს ა.ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ა-ს ადგილობრივი საოლქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის დაკავების ორდერში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლითა (დანაშაულთა სიმრავლე) და 263-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სპეციალურად ამ ტიპის დანაშაულების ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის 57 ეპიზოდის ჩადენისთვის, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ-ს ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი