Facebook Twitter

ბს-180-170(კ-კს-06) 31 ოქტომბერი, 2006 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორი (მოპასუხე)- მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- მ. ს-ა;

მესამე პირები: ლ. ლ-ა, ვ. ფ-ა, ა. კ-ი, ნ. ს-ა და ლ. კ-ა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ს-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, შემდეგი საფუძვლით:

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელე 2005 წლის 23 სექტემბერს მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსის _ ქ. კ-ის მიეერ ¹55 ბრძანებით გათავისუფლდა ბიუჯეტის სპეციალისტის თანამდებობიდან. მისი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დარღვეულია «შრომის კანონთა კოდექსის» 36-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც იგი სარგებლობდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით, ვინაიდან იგი არის მაღალ კვალიფიციური სპეციალისტი, გამოირჩეოდა შრომის ნაყოფიერებით, აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და 1991 წლიდან მუშაობდა მარტვილის საფინანსო განყოფილებაში ბიუჯეტის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 10.5. მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულების მოსამსახურეთა შტატებს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ბრძანებაში მითითებული არ არის შტატების შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროს დარღვეულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ და გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადის გასვლამდე გაათავისუფლეს სამსახურიდან /იხ.ს.ფ. 1-2/.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებამ არ ცნო მ. ს-ას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

მ. ს-ა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილებული იქნა თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. ვინაიდან საფინანსო განყოფილება გადავიდა ადგილობრივი მმართველობის გამგეობის დაქვემდებარებაში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წერილის საფუძველზე მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ 2005 წლის 24 აპრილს ¹7 გადაწყვეტილებით საფინანსო განყოფილებას დაუმტკიცა 6 საშტატო ერთეული, ამასთან, საფინანსო განყოფილებაში შემცირდა ბიუჯეტის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, რის გამოც მ. ს-ა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლის თანახმად გათავისუფლდა თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. შტატების შემცირების დროს ადმინისტრაციამ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ ვის ენიჭებოდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. ასევე, მ. ს-ა არღვევდა შრომის დისციპლინას და არ გამოირჩეოდა შრომის ნაყოფიერებით.

მოპასუხემ განმარტა, რომ მ. ს-ვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა, რამდენადაც საფინანსო განყოფილებაში ვაკანტური ადგილი არ არსებობდა, შესაბამისად, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით /იხ.ს.ფ. 32-43./

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ლ-ა, ვ. ფ-ა, ა. კ-ი, ნანა სტვილია და ლ. კ-ა /იხ.ს.ფ. 38/.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹115 დადგენილებით 2005 წლის 1 იანვრიდან საფინანსო განყოფილებები გარდაიქმნა ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ დაწესებულებებად და აღნიშნული თარიღიდან ისინი დაექვემდებარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის აღმასრულებელ ორგანოებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2005 წლის 3 თებერვლის სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 2005 წლის ¹7 გადაწყვეტილებით მარტვილის საფინანსო განყოფილებაში შემცირდა და დამტკიცდა 6 საშტატო ერთეული, ასევე საფინანსო განყოფილებაში ბიუჯეტის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულიდან შემცირდა სამი საშტატო ერთეული. მოსარჩელე რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. 2005 წლის 1 მარტის ¹19 ბრძანებით კი მ. ს-ა დროებით დაინიშნა ბიუჯეტის სპეციალისტად. მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებაში ბიუჯეტის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა ოთხი სპეციალისტი. ამ საშტატო ერთეულიდან შემცირდა სამი და დარჩა ერთი საშტატო ერთეული, რომელზეც დაინიშნა ავთანდილ კიკალიშვილი, ხოლო დანარჩენი მოხელეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო.

რაიონული სასამართლოს დასკვნით, ა. კ-ს გააჩნდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია მოსარჩელესთან შედარებით, რის გამოც «შრომის კანონთა კოდექსის» 36.1 მუხლის თანახმად, მ. ს-ას არ ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. და 97.2. მუხლები და განმარტა, რომ, ვინაიდან არ არსებობდა სხვა თანამდებობაზე ვაკანტური ადგილი, მოპასუხე ვერ შესთავაზებდა მოსარჩელეს სხვა თანამდებობას, შესაბამისად, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, გაეთავისუფლებინა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან /იხ.ს.ფ. 56-57/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როცა მიიჩნია, რომ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებაში ბიუჯეტის სპეციალისტის 4 საშტატო ერთეულიდან შემცირდა სამი და დარჩა ერთი საშტატო ერთეული, რადგან მარტვილის საფინანსო განყოფილებას ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ დაუმტკიცა 6 საშტატო ერთეული: ერთი უფროსი საჯარო თანამდებობა _ სამსახურის უფროსი და 5 უმცროსი საჯარო თანამდებობაზე: ორი მთავარი სპეციალისტი, ორი წამყვანი სპეციალისტი და ერთი უფროსი სპეციალისტი. მარტვილის საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2005 წლის 23 სექტემბრის ¹52 ბრძანება არასწორად იქნა მოყვანილი შესაბამისობაში გამგეობის გადაწყვეტილებასთან, რადგან საშტატო ერთეული არ უნდა შემცირებულიყო, არამედ შემცირებულ საშტატო ერთეულებზე უნდა დანიშნულიყვნენ ის პირები, ვისაც «შრომის კანონთა კოდექსის» 36-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდათ.

აპელანტის მითითებით, მისი სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების თაობაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა არა ავთანდილ კიკალიშვილთან, არამედ საფინანსო განყოფილების ყველა უმცროსს საჯარო თანამდებობის პირთა მიმართებაში. ამასთან, აპელანტმა მიუთითა, რომ არასწორი იყო სასამართლოს დასკვნა, მისი შრომის უფრო დაბალი ნაყოფიერების შესახებ, რამდენადაც აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ გამოუკვლევია და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის განმარტებას /იხ.ს.ფ. 60-61/.

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარემ _ მარტვილის საფინანსო სამსახურის უფროსმა არ ცნო მ. ს-ას სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 82-86/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ს-ა აღდგენილ იქნა მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურის .... თანამდებობაზე საბუღალტრო საკითხებში, ამასთან, მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურს დაევალა მ. ს-ვის იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე ფაქტობრივ აღდგენამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹115 დადგენილებით 2005 წლის 1 იანვრიდან საფინანსო განყოფილებები გარდაიქმნა ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ დაწესებულებებად და აღნიშნული თარიღიდან ისინი დაექვემდებარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის აღმასრულებელ ორგანოებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 20 იანვრის ¹02-13-9/338 წერილის საფუძველზე ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის მთავრობებს, რაიონების გამგეობებსა და საფინანსო სამმართველოების უფროსებს მიეცათ წინადადება, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 108-ე მუხლების თანახმად, რაიონებისა და ქალაქების საფინანსო ორგანოების საჯარო მოხელეები გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ რეორგანიზაციის თაობაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა 2005 წლის 3 თებერვალს მარტვილის რაიონის გამგეობას რეკომენდაციის სახით წარუდგინა გამგეობის საჯარო თანამშრომლების საშტატო ერთეულების განრიგი, ხოლო მარტვილის რაიონის გამგეობაში 2005 წლის 29 აპრილის ¹7 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საჯარო თანამდებობების საშტატო განრიგი. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარტვილის საფინანსო განყოფილება 9 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 3 საშტატო ერთეული, და საბოლოოდ დამტკიცდა 6 საშტატო ერთეული. საფინანსო სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი შტატების შემცირების და აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურიდან შესაძლო გათვაისუფლების თაობაზე მ. ს-ა გათავისუფლებამდე რამდენჯერმე იქნა გართხილებული, ხოლო მარტვილის საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹55 ბრძანებით მ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 14.2. 96.2. 97-ე მუხლები და განმარტა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო «შრომის კანონთა კოდექსი», ვინაიდან დაწესებულების რეორგანიზაციის გამო განხორციელდა შტატების შემცირება და ფაქტობრივად, არ არსებობდა სხვა თანამდებობა.

სასამართლოს დასკვნით, საფინანსო განყოფილების ადმინისტრაციას მ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლებამდე უნდა ემსჯელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, რაც ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ნ. ს-ას, რომელიც მუშაობდა მ. ს-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ვინაიდან ჰქონდა საშუალო სპეციალური განათლება, მ. ს-ას ამ უკანასკნელთან შედარებით ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება /იხ.ს.ფ 122-128/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის განჩინებით მ. ს-ას წარმომადგენლის _ კ. ხ-ას განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 268.1. და 269-ე მუხლები და განმარტა, რომ მ. ს-ას წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იყო საფუძვლიანი და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, შესაბამისად, მ. ს-ა დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მასვე მიეცა 3 თვის იძულებითი განაცდური. /იხ.ს.ფ. 139-141/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე) კერძო საჩივრით გაასაჩივრა მარტვილის საფინანსო განყოფილების უფროსმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და აღსრულების შეჩერება.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის განჩინებით მარტვილის საფინანსო სამსახურის უფროსის ქ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის საფინანსო სამსახურის უფროსმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება /იხ.ს.ფ. 201-203/.

კასაციის მოტივები:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მ. ს-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ. ს-ა აღდგენილ იქნა მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურის .... თანამდებობაზე საბუღალტრო საკითხებში, ამასთან, მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მ. ს-ას გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე ფაქტობრივ აღდგენამდე. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2005 წლის 1 მარტის ბრძანებით წინანდელი სამსახურის სტრუქტურა ლიკვიდირებულ იქნა და მის ნაცვლად შეიქმნა ახალი სამსახური, ახალი საშტატო ერთეულებით, ამასთან, ნაკლები რაოდენობის მუშაკებით.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ «შრომის კანონთა კოდექსის» 36.1. მუხლი, ვინაიდან მარტვილის საფინანსო განყოფილებაში არც მუშაკთა რიცხოვნობა შემცირებულა და არც შტატები, არამედ მთლიანად გაუქმდა (ლიკვიდირებულ იქნა) სტრუქტურა და მის ნაცვლად, ზემდგომი ორგანოების დადგენილებით შეიქმნა ახალი სტრუქტურა, ახალი თანამდებობრივი განაწესით და ნაკლები რაოდენობის მუშაკებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამათლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი.

კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, შრომის კანონთა კოდექსის 36.1. მუხლი, როდესაც სიტყვა «კვალიფიკაცია» ჩათვალა დიპლომის ხასისხად, ამასთან სამართლებრივად ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე მიიჩნია მ. ს-ა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოსამსახურედ, რის გამოც გადაწყვეტილება როგორც დაუსაბუთებელი ექვემდებარება გაუქმებას.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით მარტვილის საფინანსო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/ /იხ.ს.ფ. 229-232/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. ს-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹55 ბრძანება მ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგან სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო რა ბრძანება მ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აღადგინა იგი არა წინანდელ არამედ, სრულიად სხვა თანამდებობაზე. კერძოდ, საქმის მასალებით, დადგენილია, რომ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსის 2005 წლის 31 იანვრის ბრძანებით მ. ს-ა გათავისუფლებულ იქნა ბიუჯეტის სპეციალისტის თანამდებობიდან. იმავე წლის 1 მარტს მ. ს-ა კვლავ დაინიშნა მითითებულ თანამდებობაზე დროებით, მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2005 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით ისევ გათავისუფლდა ამ უკანასკნელიდან საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე საქართველოს ნორმატიული აქტების განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. ს-ა გათავისუფლდა ბიუჯეტის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, მაშინ, როცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ის აღდგენილ იქნა მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურის .... თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე დროებითი დანიშვნა დაკავშირებულია მხოლოდ კონკრეტული ვადით მისი უფლებამოსილებების განხორციელებასთან, რომლის ამოწურვისთანავე მას, როგორც წესი, უწყდება ასეთი უფლებამოსილება. ამასთან, «აღდგენა» თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა, და არა მისთვის ამ პირობების შეცვლას, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხევაში სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული პრინციპი პირის დროებით დანიშვნასთან დაკავშირებით სრულად იქნა იგნორირებული, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და იგი გაზიარებულ ვერ იქნება.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე უსაფუძვლოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის კონტექსტშიც, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს განსაზღვრავს და ადგენს, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, ანუ სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მ. ს-ა აღდგენილ უნდა იქნეს მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და არა ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. მით უფრო, რომ სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უმსჯელია «თანამდებობაზე აღდგენის» კონტექსტში რამდენად ადეკვატურ თანამდებობას წარმოადგენდა .... თანამდებობა ბიუჯეტის სპეციალისტის თანამდებობასთან მიმართებაში განსახორციელებელ უფლებამოსილებათა შინაარსითაც, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 29 აპრილის ¹7 გადაწყვეტილებით საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებაში დამტკიცებულ იქნა 6 შტატი, მათ შორის, საბიუჯეტო საკითხებში მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობები, მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებით მ. ს-ა აღდგენილ იქნა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია მ. ს-ას ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება გაზიარებულ ვერ იქნება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულვებელყოფილ იქნა მარტვილის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმ გარემოებაზე, რეალურად არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის რომელი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა იგი, რამდენადაც ასეთი სადავო ბრძანებაში მითითებული არ არის. ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პირის გათავისუფლება უკავშირდება «...საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა საშტატო ერთეულების შემცირებას...», ხოლო საქმის ფურცელ 22-23-ზე წარმოდგენილი გადაწყვეტილებით საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ ირკვევა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შტატების რაოდენობა განისაზღვრა ექვსი ერთეულით, მაშინ, როცა მანამდე მათი რიცხვი ცხრა ერთეული იყო. შესაბამისად, მ. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შტატების შემცირება, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ პირობებში პირის გათავისუფლება არ შეიძლებოდა, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბრძანების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასათავისუფლებელი პირისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, რაც თავის მხრივ მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის და ა.შ, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევით, რის გამოც ის ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას. ამასთან, ასეთივე მსჯელობის საგანს წარმოადგენს უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც, რამდენადაც შტატების შემცირებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რაზეც მ. ს-აც აპელირებს, ადგენს, რომ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ს-ას აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ, როცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული მუშაკებიდან ნაწილს აქვს საშუალო განათლება. ამასთან, მ. ს-ას გააჩნია ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია და ეკონომიკური ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების ორგანიზაციის სრული კურსის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი /იხ.ს.ფ. 4/. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ გარემოებაზე მსჯელობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ახლის გამოცემისას ორგანო ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებებთან ერთობლიობაში იმსჯელოს შრომის კანონთა კოდექსის მითითებულ დანაწესზეც, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს.

მ. ს-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც შრომის კანონთა კოდექსის 207.1. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მისი უპირობო აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლება ექვემდებარება აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელე, გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, მაშინ როდესაც ის დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებლად (ანუ განსაზღვრული ვადით), რითაც შეზღუდული აქვს შრომითი უფლება

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის /2005 წლის 24 ივნისის რედაქცია/ თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ადმინისტრაციული აქტი მისი გამოცემის მომენტიდან და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ზემოთმითითებული გარემოების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 10.2, 32.4, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მარტვილის რაიონის საფინანსო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მარტვილის რაიონული საფინანსო განყოფილების უფროსის ქ. კ-ის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹55 ბრძანება მ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

5. მ. ს-ას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.