საქმე N 330100123007573949
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №309აპ-24 29 აპრილი, 2024 წელი
შ–ი ლ., №309აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. შ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში, ლ. შ–მა არასრულწლოვანი შვილის – კ. შ–ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ლ. შ–იმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კ. შ–სს, შემდეგ მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც, კ. შ–სმა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. თანაცხოვრების პერიოდში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და სხვა ადგილებში, ლ. შ–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილს – კ. შ–ს, კერძოდ, აგინებდა და ამცირებდა, რის შედეგადაც, კ. შ–სი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში, ლ. შ–მა არასრულწლოვანი შვილის – კ. შ–ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაარტყა თავში. დარტყმის შედეგად კ. შ–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ლ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
ლ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. შ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა ლ. შ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 23 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმება, კერძოდ, ლ. შ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით გამართლების ნაწილში უკანონოა. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. საქმის არსებითი განხილვის შედეგად, სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ლ. შ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის – კ. შ–ს მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა შეცვალა ჩვენება და სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მამას მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, ასევე უარყო მამის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს არასრულწლოვნის დაკითხვის წესებს, მათ შორის, ითვალისწინებს, რომ პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მართლმსაჯულების ინტერესზე მაღლა დგას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, არასრულწლოვნის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. გასათვალისწინებელია ფსიქოლოგის შეფასება. ფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ კ. შ–ი წუხს და არ სურს, მისმა პატარა ძმამ გაიაროს ის, რაც მან და მისმა დამ გაიარეს მამის მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაიწყო მეზობლის შეტყობინების საფუძველზე, რომელმაც ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, არასრულწლოვანი გამოიკითხა საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის თანდასწრებით, არასრულწლოვანზე ადაპტირებულ გარემოში. გამოკითხულები არიან პატრულ-ინსპექტორებიც, შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები, არასრულწლოვანი კ. შ–ს ქცევა სასამართლო პროცესზე და ფსიქოლოგიური შემოწმების ცნობა მტკიცებულებათა ის ერთობლიობაა, რომელიც სრულად ადასტურებს ლ. შ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. ამასთან, ლ. შ–ს მიმართ მინიმალური ვადით დანიშნული სასჯელი, მაშინ როდესაც ძალადობას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ, ხოლო მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს - ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ლ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა კ. შ–მა სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა მამის, ლ. შ–ს მხრიდან მის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, 2023 წლის 1 ივნისის ძალადობის ფაქტები, ხოლო მოწმეების – გ. ჭ–ს, გ. ნ–სა და მ. მ–ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, აღნიშნული მოწმეები ლ. შ–იის მიერ ოჯახში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან. მ. მ–მა კი გადმოსცა ის ფაქტები, რაც მან გაიგონა 2023 წლის 1 ივნისს, კერძოდ: შემოესმა ყვირილისა და კივილის ხმა, რომელიც არცთუ ხანმოკლე იყო, ავიდა მესამე სართულზე და კარზე დაიწყო ბრახუნი, რა დროსაც სახლიდან გამოვიდა დაზარალებული, რომელმაც განუცხადა მამის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე, რის გამოც, დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები არ არიან ლ. შ–ს მიერ შვილის, კ. შ–ს მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტის თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი გამოკითხვის ოქმები ბრალდების ამ ეპიზოდის დადასტურების თვალსაზრისით არაინფორმაციულია, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაში მითითებული ინფორმაცია ეყრდნობა კ. შ–ს მონათხრობს. მასში მითითებული მწირი ინფორმაცია კი, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის დასადასტურებლად. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული მტკიცებულება შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად. ამასთან, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიემართება 2023 წლის 1 ივნისის ფაქტს და არცერთია ინფორმაციული ბრალადწარდგენილი სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სიხშირით, ანუ ქმედება მეორდება, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, მომდევნო ქმედება დროის მოკლე პერიოდში მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. ამდენად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის N733აპ-18 განაჩენი).
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა შესაბამისად.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. შ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი და მისი მოხდის წესი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე