საქმე N190100118002640730
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1396აპ-23 26 აპრილი, 2024 წელი
ჭ–ა გ. №1396აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ბ–ს და შ. კ–ს, ასევე პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჭ–ს (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა – 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება - 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2018 წლის 27 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებში, ქ.რ–ში, ე.წ. ..........ის ბაზრობის ტერიტორიაზე, თავის სამუშაო კაბინეტში, გ. ჭ–მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე გასროლით, სიცოცხლე მოუსპო ს. ქ–ს, კერძოდ, გ. ჭ–ს, ფინანსური და სხვა პირადი უთანხმოება გააჩნდა ბაზრობის (შპს „ე–ა“) ერთ-ერთ მფლობელ – ს. ქ–სთან. ამის გამო, მითითებული დროის მონაკვეთში, გ. ჭ–ს ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა ს. ქ–სეს, შეჰყვა მას სამუშაო ოთახში და შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან არაერთი გასროლით, მიაყენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. ს. ქ–ე, გ. ჭ–ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
1.3. გ. ჭ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და პირადად ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლითაც 2018 წლის 15 იანვარს, ქ. რ–ში, ე.წ. .........ის ბაზრობის ტერიტორიაზე, სიცოცხლე მოუსპო ს. ქ–ს.
1.4. გ. ჭ–ს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლითაც 2018 წლის 15 იანვარს, ქ. რ–ში, ე.წ. .........ის ბაზრობის ტერიტორიაზე, სიცოცხლე მოუსპო ს. ქ–ს.
1.5. გ. ჭ–მ გამოძიებით დადუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ........ კალაშნიკოვის კონსტრუქციის, ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის, ავტომატის მოდერნიზებული „AKM“-ის მოდელი; ........ კალაშნიკოვის კონსტრუქციის, ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის, ავტომატის მოდერნიზებული „AKM“-ის მოდელი და .......... კალაშნიკოვის კონსტრუქციის, ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის ავტომატის AK-74 მოდელი, რომლებიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნებიან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე, მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 872 ერთეული 7,62 მმ კალიბრის ვაზნა და 124 ერთეული 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნული დანაშაული გამოვლენილი იქნა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 8 აგვისტოს ქ. რ–ში, ......... გასასვლელის N..-ში მდებარე გ. ჭ–ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჭ–მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი). ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. გ. ჭ–ს ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით, გ. ჭ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით.
გ. ჭ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
გ. ჭ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
გ. ჭ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჭ–ს მიმართ სრულად გამატყუნებელი განაჩენის დადგენა.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ. ბ–მ და შ. კ–მ და მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ჭ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 6 დეკემბერს, მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ. ბ–მ და შ. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს გ. ჭ–ს უდანაშაულოდ ცნობა ქმედებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი).
3.3. 2023 წლის 7 დეკემბერს პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჭ–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების, მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ბ–ს და შ. კ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელია. 2018 წლის 7 აგვისტომდე გ. ჭ–ს სახლის ჩხრეკა ჩატარდა ორჯერ, რა დროსაც ნაპოვნი არ ყოფილა კანონით აკრძალული ის ნივთები, რაც 2018 წლის 7 აგვისტოს ჩხრეკისას იქნა ამოღებული. დაცვის მხარეს არარეალურად მიაჩნია, ის ფაქტი, რომ გამოძიებამ თავდაპირველად აღმოაჩინა რამდენიმე ვაზნა და ვერ აღმოაჩინა სამი ავტომატი, რამდენიმე მჭიდი და ასეულობით საბრძოლო მასრა. დაცვის მხარეს არარელაურად მიაჩნია ავტომატების ისეთ ადგილას შენახვა, რაც ხელმისაწვდომი იყო ოჯახში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.
4.2. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ჭ–ს გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. სასამართლოში დაკითხული მოწმეების მ. ს–ს, ბ. ქ–ს, ჭ. ნ–ს, მ. ც–ს, დ. ბ–ს და ლ. პ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ გ. ჭ–სა და ს. ქ–ს შორის არსებობდა კონფლიქტი, რაც ბრალდების მხარის პოზიციით, საკმარისი საფუძველია გ. ჭ–ს მიერ შურიძიებით მოტივირებული მკვლელობის ჩასადენად. კ. რ–ს, რ. ქ–ს, ი. თ–ს, ო. ღ–ს ჩვენებები ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან და მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან იმ საკმარის ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო-ჩანაწერებით და ფოტო-სურათებით დგინდება შემთხვევის დღეს გ. ჭ–ს გადაადგილების მარშრუტი, მისი ჩაცმულობა, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მკვლელობა ჩაიდინა 16:43:17-დან 16:44:47-მდე პერიოდში. გ. ჭ–ს სახლის ჩხრეკის ოქმებით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზის N............ დასკვნით კი დასტურდება, რომ ტანსაცმელი (ქუდი), რომელიც გ. ჭ–ს აცვია მკვლელობის დროს, ვერ იქნა ნანახი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სატელეფონო ანძების მონაცემებით, ვიდეო-მტკიცებულებებით, სასამართლო სამედიცინო, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ჭ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი).
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარეს პოზიციას, გ. ჭ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებული გ. ჭ–სს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერით და მოწმე ნ. მ-ს ჩვენებით დასტურდება გ. ჭ–ს საცხოვრებელი სახლიდან სამი ცალი ავტომატისმაგვარი საგნის და სავარაუდოდ საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტი.
5.5. 2018 წლის 13 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ. ე–ას ჩვენებით კი დადგინდა, რომ ობიექტი N .......... არის ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ავტომატის მოდერნიზირებული მოდელი „AKM“. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, წარმოდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის სპეციალური მეთოდის გამოყენებით (საჭიროა ლულის კოლოფის ხუფის ფიქსაცია და ჩამკეტის პოზიციის კორექტირება). ობიექტი N ........ არის ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ავტომატის მოდერნიზირებული მოდელი „AKM“. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ობიექტი N......... არის ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ავტომატის მოდელი ,,AK-74“. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ფუთა N ..........-ში მოთავსებული 527 (ხუთას ოცდაშვიდი) ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან 495 (ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განეკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატისთვის ,,AK-47“, ,,AKC-47“, „AKM“, კარაბინისათვის „CKC“ ხელის ტყვიამფრქვევისთვის „РПД“, „РПK“ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 32 (ოცდათორმეტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის „AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ და ,,РПK-74“ ,,РПKС-74“ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ფუთა N ............-ში მოთავსებული 469 (ოთხას სამოცდაცხრა) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან: 377 (სამას სამოცდაჩვიდემტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვისთვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის – „AK-47“, ,,AKC-47“, ,,AKM“ კარაბინისთვის ,,CKC“, ხელის ტყვიამფრქვევისათვის „РПД“, „РПK“ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 92 (ოთხმოცდათორმეტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის „AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ და ,,РПK-74“ ,,РПKС-74“ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
5.6. 2018 წლის 26 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ,,პაკეტში წარწერით: ... ,,ავტომატიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ჭ–ს. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე გენოტოპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: 21 მჭიდიდან აღებული ანაწმენდები: მოთავსებულ ნაწმენდებზე - ობ. N.. და ობ. N.. არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი გ. ჭ–ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N.. და ..-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილი არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა“.
5.7. 2018 წლის 13 აგვისტოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, „გამოკვლევაზე წარმოდგენილი ერთი ცალი მჭიდის ზედაპირზე ზედა ნაწილში გამოვლენილი ხელის თითის N.. კვალი, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. მჭიდის ზედაპირზე ქვედა ნაწილში გამოვლენილი ხელის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. კვალი N.. იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი გ. ზ–ს ძე ჭ–ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამი ცალი ავტომატის და ოცი ცალი მჭიდის ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლენილა“.
5.8. 2018 წლის 18 აგვისტოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, კვალი N.. (იხ. 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული მთავარი ექსპერტის ხ.ჭ–ს მიერ) იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი გ. ზ–ს ძე ჭ–ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. გამოკვლევაზე წარმოდგენილი გ. ზ–ს ძე ჭ–ს ხელის ანაბეჭდები იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული გ. ზ–ს ძე ჭ–ს ხელის ანაბეჭდებისა, ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
5.9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს მ. ჭ–აასა და გ. დ-ს შორის განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებზე. აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ მ. ჭ–ა მიუთითებს საცხოვრებელ სახლში მისი ძმის – გ. ჭ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღების შენახვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან პოლიციის თანამშრომლები სახლთან მორიგეობით დგანან, ვერ ახერხებენ მათ გატანას.
5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა გ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარით იქნა დადგენილი გ. ჭ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ჩადენის ფაქტი (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი).
5.11. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლოში დაკითხული მოწმეეების ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი რაიმე ფაქტის თვითმხილველნი არ არიან და მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. სასამართლო ყურადღებას ამხვილებს მოწმეების - მ. ს–ს, ბ. ქ–ს, ჭ. ნ–ს, მ. ც–ს, დ. ბ–ს, ლ. პ–ს, კ. რ–ს, რ. ქ–ს, ი. თ–ს, ო. ღ–ს ჩვენებებზე და მიაჩნია, რომ მათ მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ გ. ჭ–სა და ს. ქ–ს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, ასევე ის, რომ შემთხვევის დღეს, მკვლელობამდე რამოდენიმე ხნით ადრე გ. ჭ–ს და ს. ქ–ე შეხვდნენ ერთმანეთს და ისინი ერთად შევიდნენ ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში. რასაც ასევე ადასტურებს თავად გ. ჭ–ც, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მკვლელობის ჩადენას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რაც დაადასტურებს გ. ჭ–ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგანთან დაკავშირებით. კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც განხორციელდა ს. ქ–ს მკვლელობა გამოძიების მიერ არ არის ამოღებული. გ. ჭ–ზე არ აღმოჩნდა ს. ქ–ს სისხლის კვალი (მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ს. ქ–ს მიმართ ორ შემთხვევაში გასროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან) და დენთის კვალი. ამასთან დენთის კვალი არც მის ავტომანქანაზე ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად იქნა ნანახი. ამავე დროს, არ დგინდება ის გარემოება, რომ მანქანის სავარძელი გაირეცხა ან მის გასაწმენდად მოხდა მისი დემონტაჟი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ს. ქ–ე თავის სამუშაო ოთახში იქნა ნანახი გარდაცვლილი. თუმცა გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული მკვლელობა ჩაიდინა გ. ჭ–მ ვერ იქნა დაძლეული.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ბ–ს და შ. კ–ს, ასევე პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე