საქმე N 330100123007197663
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1450აპ-23 12 აპრილი, 2024 წელი
ჯ–ე გ. №1450აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჯ–ეე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 12 მარტს, ღამის საათებში თ–ი, ....... მასივი, ... კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. გ–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ. გ–სის თანდასწრებით, კერძოდ, მუშტი დაარტყა თავის არეში და ძლიერად მოქაჩა თმებში. აღნიშნულის შემდგომ, ნ. ი–მმა და გ. ჯ–მ ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ამ უკანასკნელის არასრულწლოვან გერს - ლ. გ–ს, კერძოდ, გ. ჯ–მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, ხოლო ნ. ი–მა მუშტი დაარტყა ტუჩის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ. გ–მა და ლ. გ–მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 12 მარტს, ღამის საათებში თ–ი, ...... მე-.. მასივი, .. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. ჯ–ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ. გ–ს. კერძოდ, განუცხადა რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა მ. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 5 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე თ–ი, .... მასივი, .. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფი გ. ჯ–ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ. გ–ს. კერძოდ, განუცხადა რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა მ. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განაჩენით გ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ამავე განაჩენით, ნ. ი–ს მსჯავრი დაედო, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ა–მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჯ–სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან პირობითი მსჯავრის გამოყენება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ა–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განაჩენში;
გ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
3.2. 2023 წლის 10 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, რომ არ არსებობდა გ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დანიშნული სასჯელის ნაწილი გ. ჯ–ს ჩაუთვალა პირობით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჯ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და მსჯავრდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არსებობდა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველსმოკლებულია.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე