Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №1444აპ-23 26 აპრილი, 2024 წელი
დ-ი ე, №1444აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებული ე. დ-ის (პირადი №---) მიმართ, დარჩა უცვლელად.

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე. დ-მა ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სამი ეპიზოდი).

1.3. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ანა არონიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ე. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ სამივე ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დანაშაულის რომელიმე ეპიზოდთან მიმართებით, არ ქმნის ე. დ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ე. დ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა ძირითადი ნაწილი მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები; ე. დ-ი ვალდებული იყო, ზუსტად დაედგინა იდენტურობა წარდგენილ ნახაზსა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცა შესაბამისი ბრძანება, რაც არცერთ შემთხვევაში არ განუხორციელებია; თითოეული პირი, ვის სასარგებლოდაც გამოსცა ე. დ-მა ბრძანება იდენტურობის დადგენის თაობაზე, წარმოადგენდა მის თანასოფლელს და კარგად ნაცნობს. შესაბამისად, მათთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად დაადგინა ისეთი გარემოებები, რისი კანონიერი უფლებაც არ გააჩნდა. შედეგად, კერძო პირთა საკუთრებაში უკანონოდ დარეგისტრირდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ სამივე ბრალდებაში ე. დ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ე. დ-ის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დანაშაულთა ჩადენის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს შეფასება ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

4.3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საარქივო ცნობები, მიწის სააღრიცხვო ბარათი და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ თ. კ-ას და ზ. გ-ას კომლს სოფელ ე-ში ეკუთვნოდათ 1,25-1,25 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო თ. ქ-ას, ზ-ის რაიონის სოფელ ა-ში – 0,102 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტების კანონიერების საკითხი მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. შესაბამისად, თ. კ-ას, ზ. გ-ას და თ. ქ-ას აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, შეეძლოთ სახელმწიფოსგან კანონიერად მოეთხოვათ იმავე ფართობის მიწის ნაკვეთი.

4.4. ზ-ის მუნიციპალიტეტის ც-ეს ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი სპეციალისტის ბრძანებით, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმებით, სარეგისტრაციო მოწმობებით და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებით დადგენილია, რომ მოწმეთა განმარტებების საფუძველზე, ე. დ-მა დაადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული დასტურდება ოქმების შედგენაში მონაწილე მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმებითაც. მათი განმარტებით, გადმოცემით იცოდნენ, რომ სადავო მიწებით სარგებლობდნენ თ. კ-ას, ზ. გ-ას და თ. ქ-ას ოჯახები. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მათ ე. დ-ს უშუალოდ უთხრეს, თითქოს არ იცოდნენ, თუ სად ფლობდნენ ხსენებული პირები მიწის ნაკვეთს.

4.5. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარის ძლიერ არგუმენტად ვერ განიხილება მხოლოდ ის ფაქტი, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, დაჭაობებულ და სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოუსადეგარ ადგილას, განსხვავებით აზომვით ნახაზსა და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთებისგან, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. 2018 წლის მდგომარეობით, დაჭაობებული მიწა არ ნიშნავს, რომ ის, დაახლოებით 30 წლის წინაც, როდესაც კომლს გადაეცა, დაჭაობებული იქნებოდა.

4.6. ბრალდების მხარე თ. ქ-ას ეპიზოდთან მიმართებით დამატებით აპელირებდა, რომ ე. დ-ი იყო სოფელ ც-ეს და არა ა-ის წარმომადგენელი, რის გამოც, მას არ გააჩნდა კანონიერი უფლებამოსილება, ა-აში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაედგინა იდენტურობა. პროკურორის განმარტების არამართებულობას მოწმობს ზ-ის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი (--), რომლის თანახმად, შესაბამისი განცხადებით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტითა და საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად მდებარეობს ზ-ის მუნიციპალიტეტის ც-ეს ადმინისტრაციულ ერთეულში და აღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება არა ა-ის, არამედ ც-ეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება (ტომი 5, გვ. 64).

4.7. რაც შეეხება ზ. გ-ას თაღლითობისთვის ნასამართლობას, ეს ფაქტი ავტომატურად და უტყუარად არ ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მომენტში ე. დ-ისთვის ცნობილი იყო ზ. გ-ას მიზანი – მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც მისი ოჯახის სარგებლობაში არასოდეს ყოფილა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურდა ე. დ-ის განზრახი მოქმედება თ. კ-ას, ზ. გ-ას ან თ. ქ-ასთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით.

4.8. აღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, საკასაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლისგან განსხვავებით, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის შესახებ ე. დ-ის მიერ გამოცემულ ბრძანებებს არ აფასებს ყალბად; მით უფრო, იმ პირობებში, რომ სახელმწიფოს საკუთრებიდან არ გასულა იმაზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, ვიდრე ეკუთვნოდათ თ. კ-ას, ზ. გ-ას ან თ. ქ-ას. შესაბამისად, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რაც ხსენებული დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტურ ელემენტთან – სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანთან – ერთობლიობაში აუცილებელი კომპონენტია ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დასადასტურებლად, არ არის სახეზე.

4.9. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძირითად მოტივებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ე. დ-ის უდანაშაულოდ ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს დანაშაულის ჩადენისას პირის ბრალეულობა. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს.

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე შ. თადუმაძე



მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი



ნ. სანდოძე