საქმე N 010100123007044280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1414აპ-23 ქ. თბილისი
ა–ი ჰ., 1414აპ-23 11 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, ჰ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჰ. ა–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა, კერძოდ: სამედიცინო ექპსერტიზის კვლევით ნაწილში, დაზარალებულის განცხადებით, 2023 წლის 1 თებერვალს, მსჯავრდებულმა მოქაჩა თმა, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მოწმეების – ნ. ბ. კ–ი, მ. მ–ე, დ. ტ–ე და ა. ჰ. ო–ს გამოკითხვის ოქმები, №........ შემაკავებელი ორდერი, მისი ოქმი და დაზარალებულის შეტყობინება – ცხადყოფს ჰ. ა–ს მიერ ა. ა–ზე ფიზიკურ ძალადობას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჰ. ა–ს, – დაბადებულს 1... წლის ..., – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ჰ. ა–მა, 2023 წლის 1 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ა. ა–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა, სახეში გაარტყა და ყელში უჭერდა ორივე ხელს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2023 წლის 1 თებერვალს საქრთველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე... განყოფილების თანამშრომელმა ჰ. ა–სის მიმართ 30 დღის ვადით გამოსცა №...... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან – ა. ა–სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც სხვერპლი ცხოვრობს, ასევე – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებებისა, 2023 წლის 1 თებერვალს, ღამის საათებში, ჰ. ა–სი მივიდა ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №....-ში მდებარე ა. ა–ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული მედებით დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.
3. ჰ. ა–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით ჰ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ჰ. ა–ს მიესაჯა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, ჰ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ჰ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ა. ა–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების – ნ. ბ. კ–სა და დ. ტ–ს მონათხრობი, ჰ. ა–ს მიერ ა. ა–სზე ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით, ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობს, ირიბია და შეუძლებელია მათ საფუძველზე ფაქტების უტყუარად დადგენა, ხოლო მოწმე მაია მამულაძის გამოკითხვა შეეხება მხოლოდ ჰ. ა–სის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარემოებებს, თუმცა მეუღლეზე ძალადობასთან მიმართებით – არაფრისმთქმელია; რაც შეეხება დაზარალებულის დის – მოწმე ა. ა–სს გამოკითხვას, რომელიც ჰ. ა–სისათვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, საყურადრებოა, რომ ა. ა–ს განმარტებით, შინ დაბრუნებულ ჰ. ა–ს ა. ა–მა აუხსნა, რომ სახლში მისვლის უფლება არ ჰქონდა, რაზეც ისინი სიტყვიერად შეკამათდნენ, რის გამოც, დაზარალებულის 8 წლის ქალიშვილთან ერთად გაერიდა იქაურობას და, მიუხედავად ხმაურისა, საძინებლიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, როდესაც კარის გაჯახუნების ხმა გაიგო და მიხვდა, რომ მსჯავრდებული წავიდა. მოწმე ა. ა–ს მითითებით, ა. ა–ს თმა ჰქონდა აწეწილი, ლოყა შესიებული და გულმკერდი დაკაწრული, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ჰ. ა–სისათვის ბრალადშერაცხილ ქმედებას იგი არ შესწრებია, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა. ა–ს ფიზიკური შემოწმების შედეგად სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ გამოვლენია, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, მტკიცებულებების შეფასების დროს, ა. ა–სზე ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით – სასამართლოში წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ. ა–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანია და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი