საქმე N 190100122005431442
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1423აპ-23 ქ. თბილისი
ალიევი ალი, 1423აპ-23 29 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ალი ალიევის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება მისი ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალებულმა მარიამ სულთანოვამ დაადასტურა ალი ალიევის ძალადობა და განმარტა, რომ 2019 წლის 20 მაისს სამედიცინო დაწესებულებაში მოიტყუა, რომ კიბეზე დაეცა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მარიამ სულთანოვას მარცხენა მტევნის მესამე ნების ძვლის მოტეხილობის შედეგად დაუდგინდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება; სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულის დედამ – საიდა ოჯახკულიევამ აღნიშნა, რომ ალი ალიევთან თანაცხოვრების პერიოდში ხშირად შეუნიშნავს ქალიშვილის სხეულზე დაზიანებები, იცოდა თითის მოტეხილობის ამბავიც, თუმცა მეუღლესთნ დაშორებამდე მარიამ სულთანოვა მალავდა ოჯახური ძალადობის ფაქტებს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ალი ალიევს, – დაბადებულს 1987 წლის 9 სექტემბერს, – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში, ალი ალიევმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, მეუღლეს – მარიამ სულთანოვას უთხრა, რომ არ ჰქონდა მასთან შეპასუხების უფლება, ბევრს ლაპარაკობდა და მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რომელიც მარიამ სულთანოვას მოხვდა აფარებული ხელის მტევანზე. ალი ალიევის ქმედებით მარიამ სულთანოვამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, მარცხენა მტევნის მესამე ნების ძვლის მოტეხილობა.
2.2. 2020 წლის 7 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ალი ალიევმა ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, არასრულწლოვანი შვილის – თეიმურ ალიევის თანდასწრებით, მეუღლეს – მარიამ სულთანოვას, რომელმაც უთხრა, რომ დაშორდებოდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ალი ალიევს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით ალი ალიევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტურად შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ალი ალიევის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 20 მაისს მარიამ სულთანოვას აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მესამე ნების ძვლის მოტეხილობა, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული ხსენებული დაზიანების წარმომავლობა. მართალია, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 მაისს ალი ალიევმა ხუთი-ექვსჯერ ძლიერად ჩაარტყა თავში მუშტი, რომელიც, მათ შორის, რამდენჯერმე მოხვდა თავზე აფრებულ ხელში და მოსტყდა თითი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი ყოფილი მაზლის ცოლი – საბინა ალიევა და ყოფილი მამამთილი – იბრაგიმ ალიევი, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, თუმცა მისი ყვირილიდან გამომდინარე, გაიგეს, რაც მოხდა. აღსანიშნავია, რომ მარიამ სულთანოვას მონათხრობი, თავის მხრივ, არ დაადასტურეს საბინა ალიევამ და იბრაგიმ ალიევმა, მეტიც – დაზარალებულის განმარტებების საპირისპიროდ, საბინა ალიევამ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს ნახა ატირებული მარიამ სულთანოვა, რომელიც ამბობდა, რომ წაიქცა და თითი იტკინა. მას დედამთილი უწევდა დახმარებას. დაზარალებულმა დაურეკა მეუღლეს, რომელმაც მიაკითხა და ექიმთან წაიყვანა; იბრაგიმ ალიევმა კი მიუთითა, რომ მეუღლისგან – ბაღდაგულ ალიევასაგან, შეიტყო მათი რძლის კიბეზე დაცემისა და თითის დაზიანების ფაქტი. ნახა მარიამ სულთანოვა, რომელიც მეუღლეს ესაუბრებოდა ტელეფონით და სთხოვდა, ექიმთან წაეყვანა; ამავდროულად, დაზარალებულის ყოფილმა დედამთილმა – ბაღდაგულ ალიევამ, რომელზეც საერთოდ არ უთითებდა მარიამ სულთანოვა, როგორც დანაშაულის შემსწრე პირზე, დაადატურა, რომ შემთხვევის დღეს მოესმა ვარდნის ხმა და ნახა კიბეზე დაცემული მარიამ სულთანოვა, რომელმაც აჩვენა ნატკენი თითი, რომელზეც ცივი ტილო დააფინა; დაზარალებულის ყოფილი მაზლისთვის – ვალი ალიევისთვის, ისევე, როგორც ყოფლი მაზლის ცოლისათვის – ხეირანსა ალიევასათვის, ერთი მხრივ, თავად დაზარალებულისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დედამთილისაგან გახდა ცნობილი, რომ მარიამ სულთანოვამ თითი იტკინა და მეუღლემ წაიყვანა ექიმთან; თავად ალი ალიევმა მიუთითა, რომ სამსახურში ყოფნის დროს დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ კიბეზე დაეცა, თითი იტკინა და ექიმთან წაეყვანა; ალი ალიევის ჩვენება დაადასტურა ნათიკ კარაევმა, რომელიც იმყოფებოდა ალი ალიევის გვერდით, როდესაც მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ დაეცა და თითი იტკინა; აქვე აღსანიშნავია, რომ მარიამ სულთანოვას ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 20 მაისს, ისევე, როგორც ყველა სხვა ოჯახურ ძალადობას, ესწრებოდა მისი 2 წლის შვილი – დემურ ალიევი, რომელიც არ არის გამოკითხული, რამეთუ მცირეწლოვნების გამო შეუძლებელია სწორად აღედგინა და გადმოეცა ფაქტები, ხოლო დაზარალებულის დედის, საიდა ოჯახკულიევას ჩვნება, რომელიც ეფუძნება დაზარალებულ მარიამ სულთანოვას მონათხრობს, ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გონივრულ ეჭვს მიღმა პირის მსჯავრდებას. ამდენად, მტკიცებულებების შეფასების დროს, მარიამ სულთანოვას დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ალი ალიევის სასარგებლოდ.
11. რაც შეეხება 2020 წლის 6 მაისს ძალადობის ფაქტს, რომელსაც, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ასევე ედავება ბრალდების მხარე ალი ალიევს, დაზარალებულ მარიამ სულთანოვას მტკიცების მიუხდავად, რომ ამ დღესაც მას ძლიერად სცემა ყოფილმა მეუღლემ და ათრია თმით, რასაც, დაზარალებულის მითითებით, შეესწრნენ მისი ყოფილი მამამთილი, არასრულწლოვანი შვილი, ყოფილი მაზლის ცოლი და მისი შვილები, ხოლო ყოფილი დედამთილი – აშველებდათ, ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულის მიერ დანაშაულის შესაძლო შემსწრეებად დასახელებული მოწმეებიდან მისი ყოფილი მაზლის ცოლის – საბინა ალიევას მონათხრობი, 2020 წლის 6 მაისის შესაძლო ძალადობასთან მიმართებით, არაფრისმთქმელია, ხოლო ყოფილი დედამთილის – ბაღდაგულ ალიევას, ყოფილი მამამთილის – იბრაგიმ ალიევის, ყოფილი მაზლის ცოლის – ხეირანსა ალიევას განმარტებების მიხედვით, შემთხვევის დღეს შეესწრნენ მარიამ სულთანოვას სტუმრად წასვლასთან დაკავშირებით ალი ალიევთან სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც ალი ალიევს მეუღლეზე არ უძალადია, არამედ – მარიამ სულთანოვა ყვიროდა მხოლოდ; დაზარალებულის დედის – საიდა ოჯახკულიევას ჩვენების მიხედვით, ალი ალიევთან თანაცხოვრების პერიოდში ხშირად შეუნიშნავს ქალიშვილის სხეულზე დაზიანებები, თუმცა ოჯახური ძალადობის ფაქტს პირადად არასდროს შესწრებია და ქალიშვილმაც, მხოლოდ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ამხილა ალი ალიევი ოჯახურ ძალადობაში, რისი გათვალისწინებითაც, ვერც საიდა ოჯახკულიევას ჩვენება დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; 2020 წლის 6 მაისს, ისევე, როგორც სხვა დროს, მეუღლეზე ძალადობა გამორიცხა სასამართლოში დაკითხულმა ალი ალიევმა, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი