Facebook Twitter

საქმე # 160100122005581726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1236აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ი ჯ., 1236აპ-23 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და გაუგებარია, რამეთუ სააპელაციო სასამართლომ ისე დასდო მსჯავრი ჯ. ბ–ს, რომ არ გაუთვალისწინებია: დაზარალებულების ჩვენებებში გამოკვეთილი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი განმარტებები; მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები; კანონის დარღვევით ჩატარებული ამოცნობები, რომლის დროს, ჯ. ბ–ზე ფიზიკურად ძალადობდნენ პოლიციელები და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ვერ დადგინდა მსჯავრდებულის კავშირი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებთან, ასევე – არ დააეჭვა იმ გარემოებამ, თუ რატომ უნდა მოეხსნა თავდამსხმელს ნიღაბი, რომელიც სწორედ იმიტომ უკეთია დამნაშავეს, რომ ვერ ამოიცნონ.

2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო შესაგებლით ითხოვს, მსჯავრდებულ ჯ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ჯ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წლის ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, ჯ. ბ–ს მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ბ–მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის დაფარვისადა მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამი პირისა და დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2021 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ა. ნ–ს საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევის გზით, ჯ. ბ–ი სამ პირთან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა ა. ნ–ს ოჯახის წევრებს: პ. გ–სას, რ. ნ–სსა და 10 წლის ო. ნ–ს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს მათ, კერძოდ, ხელები და ფეხები შეუკრეს, რის შემდეგაც, იარაღის, დანისა და დენის წყაროში ჩართული უთოს დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ – ა. ნ–ს, პ. გ–ს, რ. ნ–სა და ო. ნ–ს კუთვნილ – 30 000 აშშ დოლარს, 5570 ლარს, 1250 აზერბაიჯანულ მანათს, 550 ლარად ღირებულ „სამსუნგ ა20-ის“ და 600 ლარად ღირებულ „სამსუნგ ა20-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონებს, 600 ლარად ღირებულ „აიფონ 6S+“ მოდელის მობილურ ტელეფონსა და სხვადასხვა სახის, 6800 ლარად ღირებულ სამკაულებს. აღნიშნული ქმედებებით ა. ნ–ს, პ. გ–ს, რ. ნ–სა და ო. ნ–ს მიადგათ – 109 300 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4.2. 2021 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ა. ნ–სის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით ჩადენილი ჯგუფური ყაჩაღობის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯ. ბ–მა სამ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა – პ. გ–ს, რ. ნ–სა და 10 წლის ო. ნ–ს, კერძოდ, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით ხელები და ფეხები შეუკრეს სამივეს და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და გაუგებარია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ჯ. ბ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველია და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს ჯ. ბ–ს მსჯავრდებას, რამეთუ მათი მონათხრობი თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ხოლო საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ასევე – საქმეში წარმოდგენილ სხვა სამხილებთან და, ამავდროულად, რაიმე დამაჯერებელი მოტივი, თუ რატომ უნდა ემხილათ პ. გ–სა და რ. ნ–ს ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში ჯ. ბ–ი, არც დაცვის მხარეს მიუთითებია და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა, კერძოდ: დაზარალებულ პ. გ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, სახლში დაბრუნებულს თავს დაესხა ოთხი პირი, შეუკრეს ხელ-ფეხი და სთხოვდნენ ფულსა და ოქროულობას. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი იყო ჯ. ბ–ი, რომელიც საუბრობდა რუსულად, ხელში ეკავა პისტოლეტი და დანა, ერთ მომენტში არ ეკეთა ნიღაბი და დაინახა მისი სახე. თავდასხმის შედეგად გასტაცეს ოჯახის კუთვნილი თანხა, მეუღლისა და ვაჟის საათები, მობილური ტელეფონები და სამკაულები; დაზარალებულ პ. გ–ს ჩვენებასთან თანხვდენილია მისი შვილის – რ. ნ–ს ჩვენებაც, რომელმაც დედის მსგავსად დაადასტურა, რომ თავდამსხმელებს შორის, რომლებმაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სთხოვდნენ ფულსა და ოქროს, ემუქრებოდნენ დანებითა და იარაღებით, იყო ჯ. ბ–ც, რომელიც საუბრობდა რუსულად, ერთ მომენტში არ ეკეთა ნიღაბი და დაინახეს მისი სახე; შემთხვევის დღეს ნასიბოვების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დაადასტურა ასევე – არასრულწლოვანმა ო. ნ–მ, რომელიც თავდასხმის დროს დედისა და დის მსგავსად იმყოფებოდა შინ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნ–ების ოჯახის კუთვნილი სახლი, შემთხვევის შემდეგ, იყო არეული, კარადებიდან გადმოყრილი იყო ტანსაცმელი, ხოლო საძინებელში აღმოჩენილია პლასტმასის ე.წ. ,,ხამუთები“ და წებოვანი ლენტის ნაფლეთები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ პ. გ–ს შემთხვევის შედეგად აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე და სისხლჩაქცევა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე; პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით დაზარალებულებმა – პ. გ–მ და რ. ნ–მ ამოსაცნობად წარდგენილ სამ-სამ პირს შორის ამოიცნეს ერთ-ერთი თავდამხსხმელი – ჯ. ბ–ი, რომელიც შემთხვევის დღეს რუსულად საუბრობდა; პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურვდება, რომ ჯ. ბ–ს პირადი ჩხრეკისას, მის ხელჩანთაში აღმოჩენილია: „როლექსის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, 800 აშშ დოლარი, 560 თურქული ლირა, თვითმფრინავის ბილეთი და სხვა პირადი ნივთები; ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად კი, დაზარალებულმა პ. გ–მ წარდგენილი ოთხი საათიდან ამოიცნო თავისი ვაჟის კუთვნილი ,,როლექსის“ ფირმის საათი, რომელიც აღმოჩენილია ჯ. ბ–ს პირადი ჩხრეკისას, რომლის ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ბ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით კანონიერი და არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. ამავდროულად, დაცვის მხარის მიერ მსჯავრდებულის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვეთილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის მიმართვის საფუძველი, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის ასლი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი