საქმე N 330100122006015862
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №60აპ-24 ქ. თბილისი
ბ–ი ლ., 60აპ-24 1 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჭ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ლ. ბ–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ზომით და დანიშნული სასჯელის ნაწილი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით ლ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
ლ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 10 ივნისიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ–მა ჩაიდინა: განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ლ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ლ. ბ–ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2022 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:35 საათზე, ქ. თ–ში, ....ის მე-.. მ/რაიონის მე-..კორპუსის მიმდებარედ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ. ბ–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რაც ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ü ლ. ბ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, ქარხნული წესით დამზადებული „BERETTA APX“ მოდელის ........., 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის ორი მჭიდი და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი ,,პარაბელუმის” (P08) ნიმუშის 16 (თექვსმეტი) ცალი ვაზნა, რასაც უკანონოდ ინახავდა.
ü 2022 წლის 10 ივნისის 02:10 საათიდან 2022 წლის 10 ივნისის 03:15 საათამდე პერიოდში, ქ. თ–ში, ....ის მე-.. მ/რაიონის მე-..კორპუსის მიმდებარედ, ჩატარდა ლ. ბ–ს მფლობელობაში არსებული ,,ლექსუსის“ მარკის სახ. ნომრით „..........“ ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ლ. ბ–ს მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, 9x19 მმ კალიბრიანი ,,პარაბელუმის” (P08) ნიმუშის 2 (ორი) ცალი ვაზნა.
ü 2022 წლის 10 ივნისს, 01:35 საათიდან 2022 წლის 10 ივნისის 01:54 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ–ში, ....ის მე-.. მ/რაიონის მე-..კორპუსის მიმდებარედ, ლ. ბ–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ „BERETTA APX“ მოდელის ........, 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს, ამავე პისტოლეტის ორ მჭიდსა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 9x19 მმ კალიბრიან პარაბელუმის (P08) ნიმუშის 14 (თოთხმეტ) ცალ ვაზნას.
ü 2022 წლის 10 ივნისს, 01:35 საათზე, ლ. ბ–ი იმყოფებოდა ქ. თ–ში, ....ის მე-.. მ/რაიონის მე-..კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილსა და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, „BERETTA APX“ მოდელის .........., 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს, ამავე პისტოლეტის ორ მჭიდსა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 9x19 მმ კალიბრიან ,,პარაბელუმის” (P08) ნიმუშის 14 (თოთხმეტ) ცალ ვაზნას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჭ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ლ. ბ–სათვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირობითად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა ლ. ბ–ს პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (სასჯელის განსაზღვრა დანაშაულის რეციდივის დროს) დანაწესის შესაბამისად, განუსაზღვრა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სასჯელების მინიმუმი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის – პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 10 ივნისის დაკავების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ლ. ბ–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, 2022 წლის 10 ივნისს ლ. ბ–ს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი, 14 ცალი ვაზნა და 1 ცალი დანა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი