Facebook Twitter

საქმე N 330100123007724189

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №186აპ-24 ქ. თბილისი

გ–ა ლ., 186აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ლ. გ–ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არათანაზომიერია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან; სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მის მიმართ გამოიყენა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ლ. გ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

ლ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო –2023 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.

არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ ლ. გ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ლ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, .....ში, ლ. გ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. მ–ს, კერძოდ: ხელი დაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ლ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. გ–ს შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის წინაპირობათა დაცვით, ჩაეთვალა პირობითად. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე და მომდინარე საფრთხეები, ასევე: მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა და მოინანია, უდავოდ ცნო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ლ. გ–ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი გარემოებაა). აღნიშნულის შედეგად, მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სასჯელი ისეთი სახე და ზომა, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე – მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების განხორციელებას (ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა).

9. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი