საქმე N 330100123007917775
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №221აპ-24 ქ. თბილისი
გახარია გოგი, 221აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გოგი გახარიასათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, თავისუფლების აღკვეთის სახით, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ გააჩნია პრეტენზია და მას ზიანი საერთოდ არ აქვს ანაზღაურებული. ნიშანდობლივია დანაშაულის ჩადენის ხერხიც და ის ფაქტი, რომ გოგი გახარიას მიმართ გამოყოფილია საქმე ქურდობის სხვა ეპიზოდებზე, რომლებზეც გრძელდება გამოძიება.
2. მსჯავრდებულ გოგი გახარიას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლაშა ნოზაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გოგი გახარია, – დაბადებული 1960 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა გოგი გახარიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ გოგი გახარიას სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 18 ოქტომბრიდან.
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა – 2023 წლის 13 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ გოგი გახარიას ყოფაქცევასა და პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გოგი გახარიამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში შეღწევით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 06:00 საათზე, თბილისში, სამგორის ქუჩაზე, N24-ში მდებარე შპს ,,SRH GROUP-ის” კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიის საწყობში შეღწევით, გოგი გახარიამ სცადა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ორი ავტომობილის ე.წ. ,,დინამოს”. იგი ჯერ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ,,დინამოს’’, რაც გადამალა თბილისში, სამგორის ქუჩაზე, N12-ში მდებარე დარაჯისთვის განკუთვნილი შენობის უკანა მხარეს კედლის ძირში და დასამალად ზედ დააფარა ხის ფრთა. როდესაც გოგი გახარია ცდილობდა მეორე ,,დინამოს” ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას, იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. გოგი გახარიას ქმედებას შეეძლო გამოეწვია 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გოგი გახარიასათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა საქმის სასამართლო განხილვის დროს, და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, გოგი გახარიას მიერ ნაქურდალი ნივთები (ავტომობილის ე.წ. ორი ცალი ,,დინამო”), გამოძიებამ მისგან ამოიღო და, შესაბამისად, აღნიშნული ნივთები კანონით დადგენილი წესით, დაუბრუნდება მათ კანონიერ მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, რის გამოც, არ არსებობს ზიანი. ამიტომ სასჯელის დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
10. აქვე, საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე, როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი