საქმე N 330100123007724184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №98აპ-24 ქ. თბილისი
გ–ე გ., 98აპ-24 1 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი განხორციელების მოტივი, ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი – 2023 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 13 ივლისის ჩათვლით.
არასაპატიმრო მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ გ. გ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდა გ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 9 და 11 ივლისს, დღის საათებში, თ–ში, ...ს მე-.. მ/რ-ის, N.. კორპუსის ბინა N..-ში, გ. გ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა დას – ნ. გ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ ავტომანქანას აუფეთქებდა, ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ–სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, გ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, მაშინ, როდესაც მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლის სანქცია ითვალისწინებს უფრო მსუბუქ ალტერნატივებსაც, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობიდან გამომდინარე, ჩაეთვალა პირობითად.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ–სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი