Facebook Twitter

საქმე N 190100123006867950

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №61აპ-24 ქ. თბილისი

გ–ი ფ., 61აპ-24 2 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ფ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: მართალია, დაზარალებულებმა ა. გ–მ და ბრალდებულის მამამ - ნ. გ–მა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და არ მისცეს სასამართლოზე შვილის წინააღმდეგ ჩვენება, მაგრამ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, მოწმეების: ზ. ზ–ს, ლ. ტ–ს ჩვენებები, ა. გ–ს სამედიცინო დასკვნა, შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ფ. გ–ს ბრალეულობა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ. გ–ს ბრალად ედება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი).

ფ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ფ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი. 2023 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური სასმლის მიღების გამო გამოთქმული შენიშვნისთვის, ფ. გ–მა დედას – ა. გ–ს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ფ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი. 2023 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, საცხოვრებელი სახლის აივანზე ჭამასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, ფ. გ–მა მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში დედას, ა. გ–ს, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ფ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი. 2023 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ფ. გ–მა დედას - ა. გ–ს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა თავის არეში და შემდეგ მოქაჩა თმაში, რადგან ა. გ–მ უთხრა, რომ როდესაც გამოფხიზლდებოდა, მაშინ განეხილათ საოჯახო საკითხი. აღნიშნულის შედეგად, ა. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ფ. გ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ფ. გ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

ფ. გ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ფ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ფ. გ–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ა. გ–მ და მოწმე ნ. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, შვილის – ფ. გ–ს წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული და მოწმე არიან ის პირები, რომელთაც შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმეთა მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა. გარდა ამისა, გამოკვეთილი არ არის არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოწმეები უბნის ინსპექტორი ლ. ტ–ი, გამომძიებლები - მ. ვ–ი და ზ. ზ–ი ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობას. არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირი, რის გამოც, მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; ფ. გ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი არ შეიცავს სრულყოფილ ფაქტობრივ გარემოებებს და არაინფორმატიულია ფიზიკური ძალადობის ფაქტების უტყუარად დასადგენად; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას; ა. გ–ს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დგინდება, რომ მას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი