საქმე # 330100123007388420
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №135აპ-24 ქ. თბილისი
დ–ი ვ., 135აპ-24 1 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მაშანეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მაშანეიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის შეცვლას თავისუფლების აღკვეთით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას; შეფარდებული სასჯელი არის აშკარად არასამართლიანი, დანაშაულის ხასიათიდან, სპეციფიკიდან, სიმძიმიდან და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ვ. დ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ვ. დ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 6 ოქტომბრიდან.
გაუქმდა ვ. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ–მ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; მანვე ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
ვ. დ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თ–ში .... ვ. დ–სმა სთხოვა მეგობარს - ა. მ–ს, რომ მას „ .... ბანკში’’ გაეხსნა ანგარიში და დაემზადებინა პლასტიკური ბარათი. ვ. დ–ს განმარტებით, მას საკუთარი ბარათი არ ჰქონდა, რის გამოც ხელფასს ვერ იღებდა და, თუ ა. მ–ი დაეხმარებოდა, მაშინ თანხა ამ ანგარიშზე ჩაირიცხებოდა. ა. მ–მა, ქ. თ–ში, მეტროსადგურ .... ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე „.... ბანკის’’ ფილიალში გახსნა ანგარიში და დაამზადებინა პლასტიკური ბარათი, საკონტაქტოდ მიეთითა ვ. დ–ს ტელეფონის ნომერი. ვ. დ–მა უკანონოდ გამოიყენა ა. მ–ს სახელზე რეგისტრირებული პლასტიკური ბარათი, რითაც თავის მობილურში დაარეგისტრირა „ .... ბანკის’’ აპლიკაცია და წ–ს მუნიციპალიტეტში ყოფნისას აიღო ოთხი ონლაინ სესხი, კერძოდ, 2021 წლის 27 სექტემბერს სესხად აიღო 37 800 ლარი, 20 ოქტომბერს - 6 730 ლარი, 28 ოქტომბერს - 950 ლარი და 30 დეკემბერს 1 040 ლარი. ვ. დ–მა ა. მ–ს სახელზე „ .... ბანკს’’ მოტყუებით გააცემინა 46 520 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, საიდანაც ვ. დ–მა აღნიშნული ოთხი სესხის რეფინანსირებამდე დაფარა 220 ლარი. ვ. დ–ს ქმედებით „ .... ბანკს’’ მიადგა 46 300 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ü 2022 წლის 16 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ–ში, თ–ს ქუჩა №..- ში მდებარე „ .... ბანკის’’ №... სერვის ცენტრში, იმ მიზნით, რომ ვ. დ–ს მოეხდინა ა. მ–ს სახელით აღებული ოთხი სესხის რესტრუქტურიზაცია, ვ. დ–მა წარადგინა ა. მ–ს პირადობა და №... ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისი სახელით, რითაც გააყალბა ხელშეკრულება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდეული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მაშანეიშვილის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ვ. დ–ს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები. საკასაციო პალატის აზრით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: ვ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ჩაიდინა მომეტებული საშიშროების მქონე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე და ასევე, მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაული), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე და ხერხი (ვ. დ–მა გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო ყალბი დოკუმენტის დამზადებით, შეცდომაში შეიყვანა „ .... ბანკის’’ თანამშრომელი), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ვ. დ–ს ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი), წარსული ცხოვრება (ნასამართლობის არმქონეა), მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, ვ. დ–ს კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე, ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულის პოზიცია. შედეგად, ვ. დ–ს თითოეულ ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, სახელდობრ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რომლის ნაწილიც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ჩაეთვალა პირობითად და მას საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა სავალდებულო წესით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ვ. დ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. ამდენად, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მაშანეიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი