Facebook Twitter

საქმე N 190100123006828819

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1329აპ-23 ქ. თბილისი

დ–ე ე., 1329აპ-23 8 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. დ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოა არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დასტურდება ე. დ–ს ბრალეულობა. კერძოდ, გამოძიებას საფუძვლად დაედო ,,112-ში“ მიღებული დაზარალებულის სატელეფონო შეტყობინება, რომლის მიხედვით, მეუღლემ ყელში მოუჭირა ხელი და ძირს დააგდო; სასამართლოში გამოკვლეული ზემოხსენებული შეტყობინების აუდიოჩნაწერი ცხადყოფს, რომ ნ. ლ–მ დარეკა ,,112-ში“ და განაცხადა, რომ სურდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან მეუღლემ ყელში მოუჭირა ხელი, კინაღამ გაიგუდა და ძირს დაეცა. შეტყობინების შინაარსი ეწინააღმდეგება მოგვიანებით, დაზარალებულის განმარტებას, რომ იხუმრა და ოპერატორთან შეექმნა ენის ბარიერი, რამაც გამოიწვია გაუგებრობა; გამოძიების დროს, მოწმის სახით გამოკითხულმა დაზარალებულმა ნ. ლ–მ აღნიშნა, რომ საუბრის დროს, ბავშვმა წაართვა ტელეფონი და მიაყენა დაზიანება თვალთან, რის გამოც სურდა სასწრაფო დახმრების გამოძახება. ,,112-ის“ ოპერატორისათვის არ უთქვამს, რომ ქმარი ძალადობდა; ამავდროულად, დაზარალებულმა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზაზე; შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორების – ნ. ი–სა და მ. გ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულთ, ნ. ლ–მ დაუდასტურათ მეუღლესთან კონფლიქტის არსებობა, თუმცა უარყო ფიზიკური ძალადობა. მიუხედავად ამისა, მაინც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან მიიჩნიეს, რომ გამოკვეთილი იყო ოჯახური ძალადობა; №..... შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2022 წლის 30 ნოემბერს ე. დ–მ ნ. ლ–ს ხელი ჩააავლო ყელის არეში, არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას და დააგდო ძირს, რისი გათვალისწინებითაც, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილია ე. დ–ს დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. დ–ს, – დაბადებულს 19.. წლის 17 აპრილს, – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 23:45 საათზე, ქ. რ–ში, .......ს გამზირის №....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე. დ–მ მეუღლეს – ნ. ლ–ს, ხელი ჩაავლო ყელის არეში, არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას და დააგდო ძირს, რის შდეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დახმარების მიზნით ოჯახში ძალადობის ფაქტის გამო, შეტყობინებით მიმართა „112-ის“ სამსახურს.

3. ე. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით ე. დ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ თითქოსდა, განსახილველ საქმეში გამოკვეთილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ ერთადერთი სამხილი – დაზარალებულ ნ. დ–ს ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი – რომელიც ცხადყოფს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებულმა მართლაც დარეკა ,,112-ში“ და განაცხადა, რომ მეუღლემ ყელში მოუჭირა ხელი, კინაღამ გაიგუდა და დაეცა ძირს. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ნ. ლ–ს შეტყობინების წინაპირობების გამოსარკვევად და იმის დასადგენად, იყო ეს: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, ბოროტი ხუმრობა თუ ცრუ დასმენა – ბრალდების მხარეს, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში არ წარმოუდგენია არცერთი, მათ შორის – არც ირიბი მტკიცებულება, კერძოდ: კასატორის აღნიშვნითაც ირკვევა, რომ დაზარალებულმა ნ. ლ–მ სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის – ე. დ–ს – წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად ყურადსაღებია, რომ დაზარალებული მეუღლის ბრალეულობას უარყოფდა გამოძიების დროსაც, როგორც გამოკითხვისას, ასევე – ,,112-ში“ შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ სამართალდამცავებთან გასაუბრების დროს, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად განუცხადა, რომ ბავშვმა მოარტყა ტელეფონი და მიაყენა დაზიანება. ამიტომ სურდა მხოლოდ სასწრაფო დახმარების გამოძახება და არა – მეუღლის ძალადობის გამო; აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო №.... შემაკავებელი ორდერი, რომლის შინაარსი, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ ნ. ლ–ს არ სურდა მისი გამოცემა, რადგან უარყოფდა, როგორც სიტყვიერ, ასევე – ფიზიკურ ძალადობას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმებულია; მოწმეების სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების – ნ. ი–სა და მ. გ–ს ჩვენებები კი, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული გამორიცხავდა ოჯახში ძალადობას, მაინც მიიჩნიეს საჭიროდ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ვერ გამოდგება ე. დ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ზემოაღნიშნულის ერთობლივად გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ. დ–ის ,,112-ში“ შეტყობინების აუდიოჩანაწერის შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყდა ე. დ–ის სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი