საქმე N 190100123007252885
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1327აპ-23 5 აპრილი, 2024 წელი
ი–ი ე., 1327აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ე. ი–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონოა, რადგან მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული, ხოლო ჩადენილმა ქმედებამ ბევრად დიდი ზიანი გამოიწვია, ვიდრე სასჯელად არის განსაზღვრულია, რისი გათვალისწინებითაც გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით ე. ი–ი, – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ი–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2019 წლის 4 ოქტომბერს, ქ. რ–ში, ......ის ........ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „მ–ს“ ოფისში, ე. ი–მა შპს „მ–სთან“ გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, გადაეცა ,,HONDA FIT-ის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომერი: ........; საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) ფლობის, სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, ე. ი–ს ავტომობილის გამოსყიდვის მიზნით, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა, ჯამში – 9557,14 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, ე. ი–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ,,HONDA FIT-ის“ მარკის ავტომობილი. ე. ი–ს ქმედების შედეგად, შპს „მ–ს“ მიადგა – 6560 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. ი–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
9. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; მიისწრაფვის, აანაზღაუროს ზიანი) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. ი–სს ჩადენილი განზრახი დანაშაულის – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა – დააკისრა, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, რაზეც ძირითადად აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია და ვერ დაედება საფუძვლად შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაზარალებულისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კანონმდებლობით არის გარანტურებული, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი