Facebook Twitter

საქმე N 330100123006940793

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №181აპ-24 ქ. თბილისი

კაჭარავა დავით, 181აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ დავით კაჭარავას ინტერესების დამცველი ადვოკატების: ირმა ჭკადუას, შოთა მანელიძისა და ნიკოლოზ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ და მსჯავრდებულ დავით კაჭარავას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ირმა ჭკადუამ, შოთა მანელიძემ და ნიკოლოზ ბიბილაშვილმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დავით კაჭარავას მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადით, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა დავით კაჭარავას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება, ასევე – დაზარალებულის დადებითი პოზიცია სასჯელის დანიშვნასთან მიმართებით, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი ოჯახური მდგომარეობა.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დავით კაჭარავას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; მსჯავრდებული მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მან დანა გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა დაზარალებულს და მომენტალურად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, მის მიმართ დაზარალებულის თანმხლები თუ ბარში მყოფ სხვა პირთა მხრიდან მოსალოდნელი ზემოქმედების შიშით და არა იმიტომ, რომ მან მხოლოდ მსუბუქად დაჭრის განზრახვა აღასრულა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დავით კაჭარავას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 4 იანვარს, 03:08 საათზე, ქ. თბილისში, რკინის რიგის ქუჩის N11-ში მდებარე კლუბ „სეიფში” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა დავით კაჭარავამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთნაქონი დანის დარტყმით, ვახტანგ ბასარიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მე-5, მე-6 ნეკნებს შუა, სისხლმდენი, პლევრის ღრუში შემავალი, ნაკვეთი ჭრილობა და გულმკერდის მეორე ნახევარში, ნეკნთა რკალურ დონეზე ნაჩხვლეტი ჭრილობა, თუმცა განზრახვა ვერ აღასრულა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დავით კაჭარავას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დავით კაჭარავა, – დაბადებული 1992 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დავით კაჭარავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დავით კაჭარავას მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

დავით კაჭარავას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 13 იანვრიდან.

გაუქმდა დავით კაჭარავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დავით კაჭარავას მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადით.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ დავით კაჭარავას დამნაშავედ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2023 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, რკინის რიგის ქუჩა N 11-ში მდებარე კლუბ „სეიფ-ში” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით კაჭარავამ ხელთნაქონი დანის გამოყენებით, ვახტანგ ბასარიას მიაყენა ორი ჭრილობა – გულმკერდის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდის მეორე ნახევარში, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით ვერ დგინდება დავით კაჭარავას განზრახვა – მოეკლა ვახტანგ ბასარია. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დავით კაჭარავას ქმედების კვალიფიკაციას და განსხვავებულად აფასებს მსჯავრდებულის ქმედებებს, ცოდნასა და მისწრაფებას კონკრეტული დანაშაულებრივი შედეგის – დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მისაღწევად, ხოლო დაცვის მხარე მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებას.

10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 და 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილებები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარის ისეთი ელემენტის განსაზღვრისას, როგორიც არის მართლწინააღმდეგობის შეგნება და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილი, ობიექტურმა დამკვირვებელმა ერთობლივად უნდა შეაფასოს განზრახვის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები და ის წინაპირობები, რომლებიც დამნაშავის კონკრეტულ მისწრაფებაზე ახდენს გავლენას.

11. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2023 წლის 4 იანვარს მსჯავრდებულ დავით კაჭარავასა და დაზარალებულ ვახტანგ ბასარიას შორის მოხდა გარკვეული კონფლიქტი. დავით კაჭარავას მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხისა და საშუალების, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებათა რაოდენობის, ხასიათის, ლოკალიზაციის, დაზიანებების მიყენების ვითარების, ასევე, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულების, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზისა და ქმედების ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ უტყუარად ვერ დგინდება დავით კაჭარავას მიერ ვახტანგ ბასარიას მოკვლის განზრახვის არსებობა, სახელდობრ: დადგენილია, რომ დავით კაჭარავამ დანაშაულის ჩასადენად გამოიყენა დანა, მაგრამ სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხი – მიყენებულია ორი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; დადასტურებულია ისიც, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათ ერთმანეთთან წარსულში რაიმე დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონიათ, რაც მოკვლის განზრახვაზე მიანიშნებდა; თვითონ დაზარალებულისა და კონფლიქტის შემსწრე სხვა პირების ჩვენებებით დგინდება, რომ დავით კაჭარავას ჰქონდა შესაძლებლობა ვახტანგ ბასარიასთვის კიდევ მიეყენებინა დაზიანებები. მსჯავრდებულმა დანიანი ხელის ორჯერ მოქნევისა და დარტყმის შემდეგ, ისე, რომ ისინი არავის გაუშველებია, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დავით კაჭარავას მიერ ვახტანგ ბასარიას მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას შეეძლო ხელთნაქონი დანა დაზარალებულისათვის კიდევ არაერთხელ დაერტყა, რადგან მას ხელს არავინ და არაფერი უშლიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა დაზარალებულისათვის ორი მსუბუქი დაზიანების მიყენების შემდეგ, თვითონვე შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შემთხვევის ადგილს გაეცალა. მოკვლის განზრახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულს შეეძლო და ხელს არაფერი უშლიდა, რომ გაეგრძელებინა დაზიანებების მიყენება. შესაბამისად, იგი დაბრკოლების გარეშე შეძლებდა აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანას, უფრო მრავალი და მძიმე დაზიანებების მიყენებით. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დავით კაჭარავას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტისა და შემთხვევის ადგილის დატოვებისას, დაზარალებული კვლავ ფეხზე იდგა, მაგრამ მსჯავრდებული უკან არ მობრუნებულა და არ გაუგრძელებია დაზიანებების მიყენება. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დავით კაჭარავას არ ჰქონდა ვახტანგ ბასარიას მოკვლის განზრახვა და არსებული – ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის აღსრულების შემდეგ, სხვა მოქმედებები, რაც დაზარალებულის მოკვლის სურვილზე მიანიშნებდა, აღარ განუხორციელებია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დავით კაჭარავას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდების შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დავით კაჭარავას მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა დავით კაჭარავას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე ქმედება ჩადენილია ხალხმრავალ ადგილას – ღამის კლუბში, უმნიშვნელო კონფლიქტის ნიადაგზე), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი სურვილი, დაზარალებულისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება), დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი (ურთიერთშელაპარაკება/ვახტანგ ბასარიასთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება), ყოფაქცევა ქმედების შემდეგ (დავით კაჭარავამ ჩადენილი ქმედების შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა, ისე რომ დაზარალებულს არ დახმარებია), ასევე, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება (დავით კაჭარავა წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, ხოლო ახალი, განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. მან სათანადოდ ვერ გააცნობიერა მის მიმართ გამოყენებული საშეღავათო გარემოებები და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში) და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ამავე კოდექსის 67-ე მუხლის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რომელიც კანონიერია, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ დავით კაჭარავას ინტერესების დამცველი ადვოკატების: ირმა ჭკადუას, შოთა მანელიძისა და ნიკოლოზ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი