Facebook Twitter

საქმე N 190100122006588427

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1328აპ-23 ქ. თბილისი

კ–ე ლ., 1328აპ-23 11 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ითხოვს მის გაუქმებასა და გ. და ლ. კ–ების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის, ასევე – სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას. კასატორის მითითებით, სასამართლოში დაიკითხნენ სკოლის მანდატურები – ს. დ–ა და ნ. ხ–ე, რომლებმაც არასრულწლოვან დ. კ–ს მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ბავშვი ბოლო დროს იყო დათრგუნული, მოწყენილი, ზედმეტად ჩაკეტილი და გამოუტყდათ, რომ მამა და მამიდა სცემდნენ, რის შესახებაც აცნობეს საგამოძიებო სამსახურს; არასრულწლოვნის რეალურ ემოციურ მდგომარეობას ცხადყოფს პატრულ-ინსპექტორის, რ. ჟ–ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ შეტყობინების საფუძველზე სკოლაში მისვლისას ნახა დ. კ–ე, რომელიც იყო აღელვებული და კანკალებდა; არასრულწლოვანი დ. კ–ე გამოძიებისას გამოკითხულია კანონის სრული დაცვით, რა დროსაც ისაუბრა მამისა და მამიდის ძალადობაზე, რაც მოგვიანებით უარყო სასმართლოში ჩვენების მიცემისას და აღნიშნა, რომ მოიტყუა, რადგან სურდა დეიდასთან წასვლა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს არ მოუთხოვია დახურულ ფორმატში დაზარალებულის ხელახალი დაკითხვა, რისი საჭიროებაც არ გამოკვეთილა, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლო იზიარებდა გამოძიების ვერსიას არასრულწლოვანზე ძალადობის თაობაზე; საქმეზე დაიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ დ. კ–ს გულმკერდის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაც თანხვდენილია მამიდის ძალადობასთან დაკავშირებით მის მონათხრობთან, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, რაც არახალია სასამართლოსთვის, რამეთუ ამ საკითხის დადგენა სცდება სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ–ს, – დაბადებულს .... , – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო კ. კ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის სექტემბერში, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ. კ–მ, თავის შვილს, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან – 11 წლის დ. კ–ს, გაარტყა ხელი სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. კ–მ, თავის ძმის შვილს, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან – 11 წლის დ. კ–ს, რომელთანაც დედის გარდაცვალების შემდეგ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ბეჭების არეში, რასაც შეესწრნენ დ. კ–ს არასრულწლოვანი ძმები – 8 წლის დ. და 5 წლის ა. კ–ები. ლ. კ–ს ძალადობრივი ქმედების გამო, დ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ლ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო კ. კ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით ლ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით; კ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულებიდ გ. და ლ. კ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასაჯელის დამძიმების კუთხით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი გაუქმდა; ლ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; კ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ლელა და კ. კ–ების ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალბულმა დ. კ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მამასა და მამიდას მასზე ფიზიკურად არასდროს უძალადიათ, სხეულზე არსებული სილურჯეები ეზოში ბავშვებთან ჩხუბის დროს მიიღო, ხოლო სკოლის მანდატურებსა და პოლიციელებს მოატყუა, რადგან სურდა დეიდასთან წასვლა; არასრულწლოვანი დაზარალებულის და-ძმის – დ. და ნ. კ–ების ჩვენებებით ირკვევა, რომ არასდროს შესწრებიან მამისა და მამიდის მიერ დ. კ–ზე ძალადობის ფაქტს. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ლ. კ–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა დ. კ–ს მიმართ, მისი არასრულწლოვანი ძმის – დ. კ–ს თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა, რომელსაც სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, მათ შორის, არც გამოძიების დროს, გამოკითხვისას არ დაუდასტურებია, რომ იყო თავისი ძმის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემსწრე; სკოლის მანდატურების – ს. დ–სა და ნ. ხ–ს ჩვენებები, რომლებმაც რ. კ–სგან შეიტყვეს, რომ მამა და მამიდა სცემდნენ, ისევე, როგორც – პატრულ-ინსპექტორის, რ. ჟ–ს ჩვენება, რომელიც შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სკოლაში და ნახა აღელვებული დ. კ–ე, რომელიც კანკალებდა, ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით არის – ირიბი და შუძლებელია ამ სამხილების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა; რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ დ. კ–ს ობიექტური შემოწმების შედეგად აღენიშნებოდა მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ნაჭდევი მარჯვენა ზედა კიდურზე და სისხლნაჟღენთი გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მაშინ, როდესაც თავად დაზარალებულის მითითებით საექსპერტო კვლევით დადგენილი დაზიანებები ეზოში ბავშვებთან ჩხუბის შედეგად მიიღო, ხოლო საპირისპიროს უტყუარად დამტკიცება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით შეუძლებელია, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, როლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ლ. და კ. კ–ების სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი