საქმე N 190100123007858522
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №176აპ-24 ქ. თბილისი
ლ–ე რ., 176აპ-24 29 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ. ლ–სათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, იმ საფუძვლით, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო დაზარალებული ორსული ქალია. ამასთან, დანაშაული არის განზრახი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით რ. ლ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, რ. ლ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, რ. ლ–ს დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. ლ–ს დაეკისრა მოვალეობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებლის ადგილის მიხედვით.
გაუქმდა რ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობა.
რ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო –2023 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ლ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; მანვე ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის მიმართ და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
რ. ლ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის გამო, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, უკრძალავდა რა ნათესავთან წასვლას და მისი ნებართვის გარეშე გადაადგილებას, თმის მოქაჩვითა და კარებზე მარცხენა ხელით ძლიერად მიჯახებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ე. ჩ–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის გამო, უკრძალავდა რა ნათესავთან წასვლასა და მისი ნებართვის გარეშე გადაადგილებას, რ. ლ–ე, სიტყვებით - „მოგკლავ, თავს მოგაჭრი“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, თავიანთ მფლობელობაში არსებულ სახლში მყოფ მეუღლეს – ე. ჩ–იას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2021 წლის მაისში, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის, №.. კორპუსის, ბინა №...-ში, რ. ლ–მ, ეჭვიანობის გამო, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თმით თრევითა და მაგიდაზე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეზე – ე. ჩ–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2021 წლის აგვისტოში, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ნის, №.. კორპუსის, ბინა №..-ში, რ. ლ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეპასუხების გამო, ხელების სახის არეში არაერთხელ დარტყმით, იატაკზე დაგდებითა და ფეხის მუცლის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეზე – ე. ჩ–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. ლ–ს მიმართ მისი ქმედებების შესაბამისი, მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალმდებელი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის: მსჯავრდებულ რ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულები ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და შემამსუბუქებელი გარემოებები (რ. ლ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი) და ასევე – საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობები, რის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სასჯელის დანიშვნა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობისას) დანაწესის შესაბამისად, განესაზღვრა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არის მზრუნველი მამა და ოჯახის მარჩენალი. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რ. ლ–ს განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში ყოფნის ვადაც (2023 წლის 28 ივლისიდან – 2023 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი