საქმე N 330100121005196747
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №100აპ-24 ქ. თბილისი
მ–ი მ., 100აპ-24 2 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. მ–სათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არათანაზომიერია მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმესთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმდა მ. მ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა (3000 ლარი), სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. მ–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მ. მ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 14:55 საათზე, ქ. თ–ში, .......ას ქუჩა №..-ის მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ. მ–მა ყოფილ მეუღლეს - ნ. ქ–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მუშტი დაარტყა ყბის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული კორპუსის კედელს მიენარცხა. ამავდროულად, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ხელებზე. მ. მ–ის ქმედებების შედეგად, ნ. ქ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო ხელის არეში. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრო და მორალური ზიანი მიადგა მათ არასრულწლოვან შვილს - ა. მ–ს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. მ–სათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით განსაზღვრული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობითად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის შეფარდებისას ორივე ინსტანციის სასამართლომ, პირის ინდივიდუალური მახასიათებლების (წარსულში არ არის ნასამართლევი), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით) და შემამსუბუქებელი (აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი გახადა უდავოდ) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ მ. მ–ს, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სასჯელის დანიშვნა დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას) დანაწესის გათვალისწინებით, განესაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამავე დროს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შეუსაბამობასა და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი