Facebook Twitter

საქმე # 120100123007050578

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №9აპ-24 ქ. თბილისი

მ–ე ნ., 9აპ-24 2 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ნ. მ–სათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით ნ. მ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

ნ. მ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

ნ. მ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ნ. მ–მ ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმით ითრია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ნ. მ–მ ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ. მ–სს ფიზიკური ძალის გამოყენებით, დროებით წაართვა მობილური ტელეფონი და შეიყვანა საძინებელ ოთახში, რათა ნ. მ–ს არ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოსათვის მასზე ნ. მ–ს ძალადობის შესახებ და იგი ვერ ემხილათ დანაშაულის ჩადენაში.

ü 2022 წლის აგვისტოში, ა–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ნ. მ–მ ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელის არეში დარტყა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. მ–ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (იძულების ნაწილში)) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) გარემოებების, ასევე, ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები) გათვალისწინებით, ნ. მ–ს განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი უსაფუძვლოა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ . ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი