Facebook Twitter

საქმე N 330100123007656032

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №101აპ-24 ქ. თბილისი

მ–ი შ., 101აპ-24 2 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, შემდეგი საფუძვლებით: კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ გაითვალისწინა შ. მ–ს ქმედებების ხასიათი, ქმედების განხორციელების მოტივი, ძალადობის განხორციელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე, რის გამოც, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი, მისი ქმედებების თანაზომიერი სასჯელი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით შ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა – უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

შ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ. მ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა – უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

შ. მ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

გაუქმდა შ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 25 ივნისიდან.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში უნდა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ–მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი). აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის მ/რ-ნში მდებარე, ნ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, შ. მ–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ე. გ–სეს. კერძოდ, სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თ–ში, ....ის მ/რ-ნში მდებარე, ნ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, შ. მ–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ე. გ–ს. კერძოდ, სათამაშო ყუთი ესროლა, რომელიც მოხვდა ფეხზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და შ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით; შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ შ. მ–ს შეუფარდა სასჯელების ისეთი სახე და ზომა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათთან, სიმძიმესა და სიმრავლესთან ერთად, ასევე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა შ. მ–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი. ამდენად, მსჯავრდებულს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი